წვნიანის 7-დღიანი დიეტა და შიმშილის გარეშე დაკლებული ზედმეტი კილოგრამები
ავტორი: ანი რევია 11:00 21.02, 2022 წელი
ამ დიეტის ეფექტურობის საიდუმლო წვნიანშია, რომლის მიღების დრო და რაოდენობა შეუზღუდავია. დიეტის ზუსტად დაცვით კვირაში, დაახლოებით, ზედმეტ 6 კილოგრამს დაიკლებთ. სასურველი შედეგის მისაღწევად დიეტა ზედმიწევნით უნდა დაიცვათ და წვნიანთან ერთად, მხოლოდ რეკომენდებული პროდუქტები უნდა მიირთვათ.
წვნიანის რეცეპტი: საჭირო ინგრედიენტები – 6 თავი საშუალო ზომის ხახვი, 3-4 ცალი პომიდორი, 1 თავი პატარა ზომის კომბოსტო, 2 ცალი მწვანე წიწაკა, 1 კონა ნიახური, 2 კუბიკი ბოსტნეულის ბულიონი.
მომზადების წესი: ბოსტნეული დაჭერით პატარა ნაწილებად და დაასხით წყალი. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ადუღეთ მაღალ ცეცხლზე, 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააგრძელეთ ხარშვა ნელ ცეცხლზე, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. წვნიანი შეგიძლიათ, მიირთვათ ნებისმიერი რაოდენობით და ნებისმიერ დროს, როგორც კი შიმშილს იგრძნობთ. თუმცა, მხოლოდ ამ წვნიანით კვება არ არის რეკომენდებული. რაციონი სხვა დამატებითი კომპონენტებითაც უნდა შეავსოთ.
პირველი დღე: წვნიანი და ნებისმიერი ხილი, ბანანის გარდა, ასევე, უშაქრო ჩაი ან ყავა, კენკრის წვენი და წყალი, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით.
მეორე დღე: წვნიანი და ყველა სახის ბოსტნეული, ნებისმიერი ფორმით. მოერიდეთ პარკოსანთა ტიპის ბოსტნეულს, მწვანე ბარდას და სიმინდს. სადილზე შეგიძლიათ, მიირთვათ მოხარშული კარტოფილი. დალიეთ წყალი, რაც შეიძლება, დიდი რაოდენობით.
მესამე დღე: წვნიანი და ყველანაირი ბოსტნეული და ხილი, გარდა ბანანისა და კარტოფილისა. დალიეთ წყალი.
მეოთხე დღე: წვნიანი, 2 ცალი ბანანი, დანარჩენი ხილი შეუზღუდავად და იმდენი წყალი, რამდენიც მოგინდებათ დღის განმავლობაში.
მეხუთე დღე: წვნიანი და მოხარშული საქონლის ხორცი. სვით ბევრი წყალი.
მეექვსე დღე: წვნიანი, საქონლის მოხარშული ხორცი და ფოთლოვანი ბოსტნეული. სვით ბევრი წყალი.
მეშვიდე დღე: წვნიანი, მოხარშული ყავისფერი ბრინჯი, ხილის უშაქრო წვენი და ბოსტნეული. სვით დიდი რაოდენობით წყალი.
დიეტის დროს კატეგორიულად იკრძალება პური, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, შემწვარი და ცხიმიანი საკვები. წონა შეამოწმეთ ყოველ დილით. როგორც კი შიმშილს იგრძნობთ, მიირთვით წვნიანი. კარგია, თუ ფიზიკურად აქტიური იქნებით და მსუბუქ ვარჯიშებსაც გააკეთებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




