სწრაფი დიეტა
ავტორი: ანი რევია 16:19
სადღესასწაულო დღეებში, ალბათ, მოგიწიათ ზედმეტი საკვებით თავის განებივრება. აუცილებლად მოუწყვეთ ორგანიზმს განტვირთვისა და დასვენების დღეები, რადგან წონის დასაკლებად ეს მეთოდი ყველაზე მარტივ და სწრაფ საშუალებად მიიჩნევა. ამ დროს ორგანიზმს ეძლევა დასვენების საშუალება და არ უწევს იმ დიდი რაოდენობით საკვების გადამუშავება, რომელსაც ჩვეულ დღეებში იღებს. ასევე, თავისუფლდება საჭმლის დაგროვილი ნარჩენებისა და შლაკებისგან. ეს არის საშუალება, გადახვიდეთ კვების რაციონალურ რეჟიმზე და მარტივად დაიკლოთ ზედმეტი კილოგრამები.
განტვირთვის დღეს ხდება წონის სწრაფად, დაახლოებით, 1 ან 2 კილოგრამის, დაკლება. ამ დროს თქვენ ცხიმს კი არ მოიცილებთ, არამედ ზედმეტი წყლისა და კუჭ-ნაწლავში დარჩენილი ნარჩენებისგან გათავისუფლდებით. კვირაში საკმარისია მხოლოდ ერთი ან, მაქსიმუმ, ორი განტვირთვის დღის მოწყობა.
განტვირთვის დღისთვის პროდუქტები თქვენი სურვილისამებრ ამოირჩიეთ, თუ არ გიყვართ ხაჭო ან წიწიბურა, მათ ნაცვლად, ხორცი და ბოსტნეული გამოიყენეთ ან ხილი და სალათები. განტვირთვის დღე არ მოიწყოთ ინტენსიური ვარჯიშის დღეს. სვით საკმაო რაოდენობის წყალი. თუ ძალიან მოგშივდებათ, მიიღეთ 1 ჭიქა მაწონი ან თაფლიანი წყალი ლიმონით და სისუსტეს აღარ იგრძნობთ. განტვირთვის დღის შემდეგ კი ეცადეთ, სწორად და ზომიერად იკვებოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




