საკვები სოდა სახის კანის მოვლისთვის შეუცვლელია
ავტორი: ანი რევია 11:00 10.04

სახის მოსავლელად სოდის ყოველდღიურად გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ თუ საკვები სოდის ნიღაბს კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთებთ, შედეგს თავადვე ნახავთ. ის ძალიან კარგია სახის დასაბანად, რადგან აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს, ჩამჯდარ ჭუჭყსა და ცხიმს, ასევე, ასუფთავებს ფორებს და ხელს უშლის აკნეს. სოდა დაიყარეთ ხელისგულზე, დაამატეთ იმდენი წყალი, რომ პასტისებური მასა მიიღოთ და წრიული, ნაზი მოძრაობით წაისვით სველ სახეზე. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დაიტანეთ მკვებავი კრემი.
სოდა და შვრია – საკვები სოდა და შვრია ერთად კანის ძლიერი გამწმენდი საშუალებაა. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ სოდა, შვრია და წყალი. მიღებული მასა თითების წრიული მოძრაობით წაისვით სახეზე. ამ მეთოდით ადვილად მოიცილებთ კანის მკვდარ უჯრედებს და გააღიავებთ შავ წრეებს თვალის ქვეშ.
სოდა, შაქარი და ლიმონი – საკვები სოდა ლიმონთან ერთად კანის საკმაოდ ეფექტური სადეზინფექციო საშუალებაა. წმენდს ცხიმიან კანს, ამცირებს ასაკობრივ ლაქებს და კანს თანაბარ ელფერს აძლევს. ჭიქაში ჩაყარეთ 2 სადილის კოვზი საკვები სოდა და 2 სადილის კოვზი ყავისფერი შაქარი, შეავსეთ ჭიქის 1/4 ლიმონის წვენით და კარგად აურიეთ. ეს ნარევი ფრთხილად წაისვით სუფთა და ოდნავ ტენიან კანზე. დაიტოვეთ 10 წუთით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სოდა და ქოქოსის ზეთი – ქოქოსის ზეთი კარგი დამატენიანებელი საშუალებაა. საკვებ სოდასთან კომბინაციაში კი კანს არბილებს. ეფექტურია მშრალი კანისა და ნებისმიერი ანთებითი პროცესის სამკურნალოდ. მის მოსამზადებლად საჭიროა საკვები სოდა და ქოქოსის ზეთი თანაბარი რაოდენობით შეურიოთ ერთმანეთს და წაისვათ სახეზე. რამდენიმე წუთის შემდეგ კი დაიბანოთ თბილი წყლით. იმ შემთხვევაში, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ქოქოსის ზეთის დოზა უნდა გააორმაგოთ.
* მსუბუქი პილინგი სოდით კანიდან მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ. ამისთვის კი, იმ კოსმეტიკურ საშუალებაში, რომლითაც პირს იბანთ, ცოტა სოდა შეურიეთ და წრიული მოძრაობებით დაიმუშავეთ სახის კანი;
* თუ პრობლემური კანი გაქვთ, შემდეგი ნიღაბი დაგეხმარებათ: 2 სადილის კოვზ ფქვილს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა და გახსენით თბილ წყალში – უნდა მიიღოთ ფაფისმაგვარი მასა. ნიღაბი წაისვით სუფთა სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სასურველია, ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთოთ;
* თუ მუწუკები და აკნე გაწუხებთ, წყალში გახსენით სოდა, ისე რომ ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ. წაისვით პრობლემურ ადგილებზე და რამდენიმე საათი გაიჩერეთ. სოდიანი მასა აქტიურად ებრძვის გაღიზიანებას და კანზე წარმოქმნილ ანთებით პროცესებს;
* თუ ხშირად გისივდებათ თვალის უპეები და ქუთუთოები – აიღეთ 1 ჭიქა წყალი და გახსენით მასში 1 ჩაის კოვზი სოდა. დაასველეთ მასში ბამბის დისკი და 10-15 წუთით დაიდეთ შეშუპებულ ადგილებზე;
* ფერიმჭამელების სამკურნალოდ, თბილ წყალში გახსნილი სოდა გამოგადგებათ. სოდიანი წყალი ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ამცირებს ანთებით პროცესს. ცალკეულ მსხვილ მუწუკებზე შეგიძლიათ, სოდისა და წყლისგან მომზადებული ფაფა წაისვათ და რამდენიმე საათით გაიჩეროთ;
* სოდის პილინგი – პირსაბან ქაფს ან გელს, დაუმატეთ ერთი მწიკვი საკვები სოდა და სახეზე მსუბუქი წრიული მოძრაობით შეიზილეთ. რამდენიმე წუთი დაიმასაჟეთ და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს, ხსნის ფორებს და კანი უფრო გლუვი და ნაზი ხდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან