სახის კუნთების გამკვრივებაში ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები დაგეხმარებათ
ავტორი: ანი რევია 11:00 04.10

სახის კანს მხოლოდ ძვირად ღირებული საცხები და კოსმეტიკური პროცედურები როდი უხდება. საკმარისია, ბოსტნეულისა და ხილის ნიღბები გაიკეთოთ და ამით გამოკვებოთ კანი, რომ მისი შეუდარებელი შედეგით კმაყოფილი დარჩეთ, ამასთან, მათი მოქმედება სახის კანისთვის გაცილებით უსაფრთხო და ეფექტურია.
ავოკადო – თუ გამომშრალი კანის პრობლემები გაწუხებთ, ავოკადო კანის სიმშრალით გამოწვეულ ტანჯვას წერტილს დაუსვამს. ის სახის კანისთვის საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. მოამზადეთ ავოკადოს ფაფა, მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ, მაქსიმუმ, ორი წუთის განმავლობაში. შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ. კვირაში 2-ჯერ ასეთი ნიღაბი თვალშისაცემ ეფექტს მოგცემთ.
ატამი – თქვენს კანს საოცარ ელასტიკურობასა და სიმკვრივეს შესძენს. ატამი ერთ-ერთი საუკეთესო მატონიზირებელი საშუალებაა და ამასთან, კარგად წმენდს კანს და ამკვრივებს სახის კუნთებს. ატამი გათალეთ, გახეხეთ და ფაფა სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 10 წუთი. შემდეგ, ჩამოიბანეთ და კანის სიმკვრივეს მომენტალურად იგრძნობთ.
ანანასი – თუ კანის სიმშრალესა და გაუხეშებას უჩივით, ანანასის ფაფა საუკეთესო დამარბილებელი საშუალებაა. ის წმენდს კანს, აშორებს მას მკვდარ და ზედმეტ უჯრედებს. ანანასის ნაჭერი დააბლენდერეთ და წაისვით სახეზე ნაზი მოძრაობით. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ.
გოგრა – გოგრის ნიღბის მეშვეობით კანი გამოყოფს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანს ნაადრევი დაბერებისგან იცავს. ასევე, ეხმარება კანის უჯრედებს განახლებაში. გახეხეთ გოგრის რბილობი და დაიდეთ სახეზე, დაახლოებით, 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ.
სტაფილო – სახის კანს არაჩვეულებრივ ფერს სძენს და ეხმარება ელასტიკურობის აღდგენაში. ნიღბისთვის: 200 გრამი სტაფილო გახეხეთ, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, ნახევარი ჩაის კოვზი ნიგვზის ზეთი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე, დაახლოებით, 15 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კვირაში ერთი პროცედურა საკმარისია.
კიტრი – კიტრს მოაცილეთ კანი, გული გახეხეთ, გამოწურეთ წვენი და შეინახეთ მინის ჭურჭელში. კიტრის ფაფა დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში. მოიწმინდეთ მშრალი ბამბით, შემდეგ კი – კიტრის წვენით. კვირაში 2 პროცედურა ჩაიტარეთ.
პომიდორი – შესანიშნავად ასუფთავებს სახის კანს. გახეხილი პომიდორი დაიდეთ დაბანილ სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
ფორთოხალი – უხდება ყველა სახის კანს და მას ნაზ, ხავერდოვან ელფერს სძენს. არის შესანიშნავი ბიომასტიმულირებელი საშუალება. აიღეთ ერთი კვერცხის გული და ათქვიფეთ 100 გრამ არაჟანთან ერთად, დაუმატეთ მეოთხე სადილის კოვზი არაყი და ნახევარი ფორთოხლის წვენი. წაისვით სახეზე და ყელის არეში.
ლიმონი – ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი გლიცერინი, ნახევარი ჭიქა მინერალური წყალი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე ნახევარი საათით. სახის კანი სუფთა და თანაბარ ელფერს შეიძენს.
გრეიპფრუტი – ის ყველა ციტრუსზე მეტ ფერმენტს შეიცავს. გამოწურეთ ერთი ცალი გრეიპფრუტი, შეურიეთ სამი სადილის კოვზი გადადუღებული ცივი წყალი და გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან