რჩევები

სახის კანის პრობლემებს ზღვის მარილი მოგიგვარებთ

№20

ავტორი: ანი რევია 11:00 23.05, 2024 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ზღვის მარილი შედის ნიღბების, კრემების, ტონიკების, ლოსიონებისა და სკრაბების შემადგენლობაში. მისი კრისტალები შეიცავს ნატრიუმს, რკინას, კალციუმს, გოგირდს და რომს, რომლებიც კანის უჯრედების გამოკვებას, ჟანგბადით გამდიდრებას, ახალი უჯრედების ზრდას, ინფექციებისგან დაცვასა და კანის დაბერების პროცესის შეფერხებას უზრუნველყოფს. ასე რომ, შეგიძლიათ, შეიძინოთ ზღვის მარილი და თქვენს კანზე თავადვე იზრუნოთ.

მარილის სახის კანის დამამშვიდებელი ნიღაბი: 1 სადილის კოვზი არაჟანი, 1 სადილის კოვზი კეფირი და 1 ჩაის კოვზი თაფლი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ზღვის მარილი, წაისვით სახეზე, 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით კრემი.

მოშვებული კანის გამამკვრივებელი ნიღაბი: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ზღვის მარილს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 ჩაის კოვზი თაფლი. კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

მარილის, კვერცხის, მანანის ბურღულისა და თაფლის მკვებავი: 1 კვერცხის გული და 1 სადილის კოვზი მანანის ბურღული ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი და თხევადი თაფლი. წაისვით სახეზე ყოველ საღამოს, გაიჩერეთ 1 საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

მარილის, კეფირისა და სოდის სახის კანის გამწმენდი ნიღაბი: 1 სადილის კოვზი ზღვის მარილი, 1 სადილის კოვზი სოდა და 1 სადილის კოვზი კეფირი აურიეთ ისე, რომ სქელი ფაფა მიიღოთ. წაისვით სუფთა სახეზე შავი წერტილების ადგილას და დაიტოვეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

ასეთი ნიღბების გაკეთება საკმარისია კვირაში 2-ჯერ.

ასევე, სასარგებლოა სახის დაბანა მარილიანი წყლით. ამისთვის ნახევარი ჩაის კოვზი (კომბინირებული და ნორმალური კანის ტიპისთვის) ან 1 ჩაის კოვზი (ცხიმიანი კანისთვის) ზღვის მარილი გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში. ახალი მომზადებული ხსნარით დღეში 2-ჯერ დაიბანეთ სახე, კარგად შეიმშრალეთ პირსახოცით და გადაისვით მკვებავი კრემი. პროცედურა 3 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ, შემდეგ კანი 30 დღით დაასვენეთ. ეს კანის გამაახალგაზრდავებელი მოკლე კურსი ნებისმიერ ასაკში ეფექტურია – კანის განახლება და დაჭიმვა გარანტირებული გექნებათ. თუმცა, მსგავსი საშუალება არ არის რეკომენდებული მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის.

ასევე, კარგია, კვირაში ერთხელ მარილიანი სპა პროცედურის ჩატარება:

* მარილიანი კომპრესები – 1 ლიტრ მდუღარე წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი ზღვის მარილი. გააგრილეთ და დაასველეთ მასში ბამბის პირსახოცი, ოდნავ გაწურეთ, დაიდეთ ყელსა და სახეზე და 5 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ პირსახოცი კვლავ დაასველეთ და ისევ 5 წუთით გაიჩერეთ. კომპრესი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არბილებს გარქოვანებულ ადგილებს, რომელთაც შემდგომ მარილიანი სკრაბის საშუალებით ადვილად მოიშორებთ და მიიღებთ სრულად განახლებულ კანს;

* მარილიანი სკრაბი – 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი შეურიეთ 1 სადილის კოვზ ზღვის წვრილ მარილს, დაიდეთ კანზე და სახე თითებით დაიმასაჟეთ. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ პროცედურის წყალობით ხდება კანის ღრმა მინერალიზაცია, დატენიანება, ლიფტინგის ეფექტი და სახის ფერის გაუმჯობესება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა