რჩევები

სახის დამატენიანებელი და ნაოჭების გასასწორებელი მარწყვის ნიღბები და სკრაბები

№21

ავტორი: ანი რევია 11:00 02.06, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ახლა მარწყვის სეზონია და თუ სილამაზის შენარჩუნება გვინდა, ვეცადოთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ მისი სასარგებლო თვისებები. მარწყვის ნიღბები და სკრაბები ასწორებს ნაოჭებს და აჯანსაღებს კანს, აქრობს სახის კანის ზედაპირიდან ცხიმიან ფორებს, აუმჯობესებს კანის ფერს, ატენიანებს გამომშრალ კანს, ამკვრივებს ჩამოწელილ სახის კანს და ახალისებს დაღლილ სახეს. თუმცა, თუ მარწყვზე ალერგიული ხართ, გირჩევთ, თავი შეიკავოთ. ჩვეულებრივ, ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში მხოლოდ ორჯერ და არ დაიტოვოთ მითითებულ დროზე მეტ ხანს.

მარწყვის ნიღაბი მოდუნებული კანისთვის – გასრისეთ 5 ცალი მარწყვი, ნორმალური და ცხიმიანი კანის დროს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, ხოლო მშრალი კანის შემთხვევაში – ცხიმიანი ნაღები და წავისვათ სუფთა კანზე. 10 წუთის შემდეგ კი ოდნავ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ფორების გასაწმენდი მარწყვის ნიღაბი – მარლის საშუალებით გამოწურეთ 4 ცალი მარწყვის წვენი, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური თიხა, წაისვით სუფთა კანზე და 10 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს წაისვით დამატენიანებელი კრემი.

მარწყვის ნიღაბი დაღლილი სახის კანისთვის – 3 სუფრის კოვზი გატარებული მარწყვი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი სახის დამატენიანებელი საცხი შეურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე და დაიტოვეთ 10-15 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მარწყვის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის – 1 ჩაის კოვზი ლურჯი თიხა და 1 ჩაის კოვზი მარწყვის წვენი შეურიეთ ერთმანეთს, ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. წაისვით ნიღაბი სახეზე და როდესაც გამოშრობას დაიწყებს, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ კი წაისვით სახის დამატენიანებელი საცხი.

მარწყვის ნიღაბი მშრალი კანისთვის – 2 ჩაის კოვზი მარწყვის წვენი, 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი დაფქული შვრია შეურიეთ ერთმანეთს, დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მარწყვის ნიღაბი ნორმალური და მშრალი კანისთვის – 4 ჩაის კოვზი გატარებული მარწყვი, 2 ჩაის კოვზი არაჟანი შეურიეთ ერთმანეთს. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მარწყვის ნიღაბი მობერებული და მოშვებული კანისთვის – 2 ჩაის კოვზი რძე, 2 ჩაის კოვზი გატარებული მარწყვი და 1 ჩაის კოვზი თაფლი შეურიეთ ერთმანეთს. წაისვით სახეზე და 10-15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მარწყვის ნიღაბი აქერცვლისკენ მიდრეკილი კანისთვის – 4 ჩაის კოვზი მარწყვის წვენი, 1 ჩაის კოვზი ზეთისხილის ზეთი, 1 კვერცხის გული და ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული შვრია შეურიეთ ერთმანეთს. დაიტანეთ სახეზე და 10-15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მარწყვის სკრაბი ცხიმიანი კანისთვის – თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს მარწყვის წვენი, ცოტა კეფირი და ზღვის მარილი, დაიტანეთ სახეზე და შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ, ბოლოს წაისვით მკვებავი.

მარწყვის სკრაბი მშრალი კანისთვის – თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს მარწყვის წვენი, ზეითუნის ზეთი, ცოტა ზღვის მარილი და მსუბუქი მასაჟით დაიტანეთ სახის კანზე, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი.

სახის კანის ტონუსში მოსაყვანი ნიღაბი – 2 ცალი მარწყვის წვენს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ხაჭო, 3 ცალი გაჭყლეტილი მარწყვი, 1 კვერცხის გული, 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ, დაახლოებით, 15 წუთით და ჩამოიბანეთ.

ნიღაბი მობერებული კანისთვის – 4 ცალ მარწყვს დაამატეთ ნახევარი სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი დაფქული შვრია, 1 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად ათქვიფეთ. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ, დაახლოებით, 20 წუთი. შემდეგ, ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

ნაოჭების საწინააღმდეგო მარწყვის ნიღაბი – 6 ცალი მარწყვი გასრისეთ და წაისვით გასუფთავებულ სახის კანსა და დეკოლტეს ზონაზე. 5-10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა