რჩევები

როგორ უნდა შეიცვალოთ იმიჯი უკეთესობისკენ წარბების სწორი მოხატვით

№38

ავტორი: ანი რევია 11:00 28.09, 2023 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

წარბების სწორად მოხატვა არა მარტო უკეთ წარმოაჩენს სახის ნაკვთებსა და თქვენს ვიზუალს, არამედ თქვენს იმიჯსაც სრულიად შეცვლის. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორად უნდა შეარჩიოთ ფანქარი. ის აუცილებლად უნდა იყოს მყარი სტრუქტურის. თუ წარბის მოსახატად რბილ ფანქარს გამოიყენებთ, ცხიმიანობის გამო წარბი უფრო გამუქდება, სახეზე გაცილებით მკვეთრად გამოჩნდება და ხელით შეხებისას ადვილად გაითხაპნება. ფანქარს წვრილი წვერი უნდა ჰქონდეს. ამისთვის ის რამდენიმე წუთით საყინულეში მოათავსეთ, შემდეგ გამოიღეთ და გათალეთ.

არსებობს გასათლელი და ამოსაწევი წარბის ფანქრები. მექანიკური, ანუ ამოსაწევი ფანქრით სარგებლობის დროს, ძალიან რთულია წვრილი ხაზის გაკეთება, ხოლო გათლილი ფანქრით კი წარბებს სასურველ ფორმას მარტივად მისცემთ.

მაკიაჟი რომ უფრო ეფექტური გამოჩნდეს, წარბის მოხატვისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

* ფანქრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს თმის ფერს. თუ ბუნებრივად ქერა ხართ ან თმა ღიად გაქვთ შეღებილი, მუქი შავი წარბებით გამომწვევ ვიზუალს შეიქმნით და ის არასასიამოვნო შესახედია;

* არ არის სასურველი ფანქრით წარბზე ხაზის გაკეთება. აუცილებელია, წარბის ცალკეული თმის ნაწილი ბუნებრივად შეიღებოს;

* თუ გსურთ, გრძელი წარბის ეფექტი მიიღოთ, დაიწყეთ წარბის მოხატვა თმის ზრდის მიმართულებით, თან წარბის ზომას ცოტაოდენი მოცულობითი შტრიხებიც დაამატეთ;

* თუ გსურთ, მაკიაჟს უფრო მეტი სიმკვეთრე მისცეთ, წარბები ჯერ წვრილი სავარცხლით დაივარცხნეთ ქვევიდან ზევით. ამის შემდეგ ფანქრით მოიხატეთ და კვლავ სავარცხლის დახმარებით, ისევ პირვანდელი ფორმა დაუბრუნეთ;

* იმისთვის, რომ წარბს ლამაზი და ბუნებრივი შეფერილობა მისცეთ, ჯერ ღია ფერის ფანქრით შეიღებეთ, შემდეგ მუქი ფანქარი გადაისვით. ბოლოს კი დაივარცხნეთ.

ქალების უმეტესობას ეზარება ყოველდღიურად წარბის ფანქრით მოხატვა და მის შეღებვას ამჯობინებს. თუ წარბის შეღებვა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს მაკიაჟის გაკეთებამდე ერთი დღით ადრე, საღამოს უნდა გააკეთოთ. საღებავი უნდა გახსნათ უშუალოდ წარბის შეღებვის დროს. არ გააკეთოთ ეკონომია! იაფფასიანი საღებავი არ გამოგადგებათ, რადგან საუბარია თვალის გარშემო მიდამოებზე. შეარჩიეთ მაღალი ხარისხის და გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

* საღებავის წასასმელად, ისარგებლეთ წვრილი ფუნჯით. ნელ-ნელა მიჰყევით წარბის ხაზს, სწორად და აუჩქარებლად. ეცადეთ, საღებავი თვალში არ მოგხვდეთ;

* წარბზე საღებავი, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ;

* წარბების შეღებვისას კატეგორიულად იკრძალება წარბების მაქსიმალური კორექცია, რადგან ძალიან თხელი წარბის გასქელება რთულია და ამ პროცესს, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა