რჩევები

როგორ უნდა მოიხატოთ წარბი სწორად და დაიგრძელოთ და გაიხშიროთ წამწამები

№41

ავტორი: ანი რევია 11:00

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

წარბების სწორად მოხატვა, უკეთ წარმოაჩენს სახის ნაკვთებსა და თქვენს იმიჯსაც სრულიად შეცვლის. ამისთვის კი სწორად უნდა შეარჩიოთ ფანქარი. ის აუცილებლად უნდა იყოს მყარი სტრუქტურისა და წვრილად გათლილი.

იმისთვის, რომ მაკიაჟი უფრო ეფექტური გამოჩნდეს, წარბის მოხატვისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

* ფანქრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს თმის ფერს. თუ ბუნებრივად ქერა ხართ ან თმა ღიად გაქვთ შეღებილი, მუქი შავი წარბებით გამომწვევ ვიზუალს შეიქმნით და ის არასასიამოვნო შესახედია;

* არ არის სასურველი ფანქრით წარბზე ხაზის გაკეთება. აუცილებელია, წარბის ცალკეული თმის ნაწილი ბუნებრივად შეიღებოს;

* თუ გსურთ, გრძელი წარბის ეფექტი მიიღოთ, დაიწყეთ წარბის მოხატვა თმის ზრდის მიმართულებით, თან წარბის ზომას ცოტაოდენი მოცულობითი შტრიხებიც დაამატეთ;

* თუ გსურთ, მაკიაჟს უფრო მეტი სიმკვეთრე მისცეთ, წარბები ჯერ წვრილი სავარცხლით დაივარცხნეთ ქვევიდან ზევით. ამის შემდეგ ფანქრით მოიხატეთ და კვლავ სავარცხლის დახმარებით, ისევ პირვანდელი ფორმა დაუბრუნეთ;

* იმისთვის, რომ წარბს ლამაზი და ბუნებრივი შეფერილობა მისცეთ, ჯერ ღია ფერის ფანქრით შეიღებეთ, შემდეგ მუქი ფანქარი გადაისვით. ბოლოს კი დაივარცხნეთ.

თუ წარბის შეღებვა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს მაკიაჟის გაკეთებამდე ერთი დღით ადრე, საღამოს უნდა გააკეთოთ. საღებავი კი უშუალოდ წარბის შეღებვის დროს უნდა გახსნათ. საღებავი აუცილებლად მაღალი ხარისხის შეარჩიეთ და გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

* საღებავის წასასმელად ისარგებლეთ წვრილი ფუნჯით. ნელ-ნელა მიჰყევით წარბის ხაზს, სწორად და აუჩქარებლად;

* გაიჩერეთ საღებავი წარბზე, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ ისე, რომ თვალში არ მოგხვდეთ.

ზოგადად, წარბის მოხატვისას, ეცადეთ წარბს ბუნებრივი ფორმა და ფერი შეუნარჩუნოთ, რათა ძალიან ხელოვნურად არ ჩანდეს და ამით, საკუთარი ვიზუალი არ დააზარალოთ.

რაც შეეხება წამწამებს, გრძელი და ხშირი წამწამები ქალის სილამაზის განსაკუთრებული შტრიხია. მის დასაგრძელებლად და გასახშირებლად, რამდენიმე მარტივი მეთოდი არსებობს:

კომპრესები – შესანიშნავი დამამშვიდებელი და ანტისეპტიკური საშუალებაა გვირილის კომპრესები. ბამბის დისკები დაასველეთ გვირილის გაწურულ ნაყენში. დაიდეთ თვალებზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ის წამწამებს ცვენისგან იცავს და ბუნებრივად ლამაზ, ბრწყინვალე იერს უნარჩუნებს. ხშირი და გრძელი გახდება წამწამები ასევე, თუ არ დაგეზარებათ და გაიკეთებთ კალენდულისა და შავი ჩაის კომპრესებს. კერძოდ, ნაყენში დაასველეთ ბამბის დისკები და დაიდეთ ქუთუთოებზე 15-20 წუთით. კომპრესის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 1-2-ჯერ.

ზეთები – მათი რეგულარული გამოყენებით წამწამები სიგრძეში იზრდება და ხშირდება. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ერთი სახეობის მკვებავი ზეთი ან გააკეთოთ სხვადასხვა კომპონენტის კომბინაცია. ძალიან ეფექტურია მცენარეულ ზეთში დამატებული E და A ზეთოვანი ვიტამინები. კარგად გარეცხეთ ძველი ტუშის ჯაგრისი, ამოავლეთ ზეთების მომზადებულ ნაზავში, აცადეთ, რომ კარგად დაიწრიტოს და წაისვით, როგორც ტუში. წამწამების დაგრძელება და გახშირება, ასევე, შეგიძლიათ აბუსალათინის ზეთით. ზეთი უნდა წაისვათ ყოველ საღამოს. თუ წამწამების უფრო სწრაფი და ეფექტური გახშირება და გაზრდა გსურთ, ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით აურიეთ ძირკავასა და აბუსალათინის ზეთი და წაისვით იმავე წესით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა