რჩევები

როგორ უნდა მოამზადოთ სახლის პირობებში თვალის გარშემო კანის მოსავლელი ნიღბები

№43

ავტორი: ანი რევია 11:00

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ასაკის მატებასთან ერთად თვალის გარშემო კანი ნელ-ნელა იწყებს გამოშრობას და მოშვებას. ადრეულად ჩნდება წვრილი ნაოჭები, მოუწესრიგებელი ძილისა და ორგანიზმში სითხის შეკავების გამო კი კანი შეპდება. ამიტომ, რაც უფრო ადრე დაიწყებთ თვალის გარშემო კანის მოვლას, მით უკეთესია.

ყოველდღიურად თვალის გარშემო კანის დასარბილებლად და გამოსაკვებად კარგია კრემები, ლოსიონები და გელები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად თვალის გარშემო კანისთვის. ლოსიონები კანის მდგრადობისა და ერთგვაროვნებისთვისაა, ხოლო კრემი მას საჭირო ცხიმებს აწვდის, რაც ხელს უშლის წვრილი ნაოჭების გაჩენას. ლოსიონები ადვილად დაიტანება და კანს უფრო ხავერდოვანს ხდის, ხოლო გელები კი იდეალურია, ისეთი კანისთვის, რომელიც მგრძნობიარეა და შეუპებაც ახასიათებს.

თვალების ირგვლივ ნაოჭების საწინააღმდეგოდ ძალიან ეფექტურია ალოეს წვენის, ატმის, გარგარის, ნუშის, ჟოჟობასა და ზეითუნის ზეთის გამოყენება, ასევე, E ვიტამინის წასმა.

თუ თვალის გარშემო კანი გაღვიძების შემდეგ შეშუპებულია, დაიდეთ შავი ჩაის ცივ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით. დაელოდეთ, სანამ კანი გაშრება და შემდეგ დაიტანეთ კრემი. ასევე, კარგია ახალი ოხრახუშის ფაფის დადება, 15-20 წუთის განმავლობაში.

თუ თვალის გარშემო კანი ხშირად შებერილია და „ტომსიკები“ ჩნდება, როცა გძინავთ, თავი ტანზე მაღლა უნდა იყოს. გაღვიძებულმა კი გამოიყენეთ არაცხიმოვანი ტექსტურის მქონე კოსმეტიკა. ასევე, გადახედეთ რაციონს, რადგან ალკოჰოლს, მწარე და მარილიან საკვებს შეუძლია, ორგანიზმში სითხის დაგროვება გამოიწვიოს, რაც არა მარტო ქუთუთოებს, ფეხებსაც საფრთხეს უქმნის. „ტომსიკების“ დასაფარავად ქვედა ქუთუთოზე თხელ ფენად დაიტანეთ ტონალური კრემი, რომელიც თქვენი კანის ბუნებრივ ფერზე ოდნავ მუქია. კარგია ნიღბებიც. კერძოდ, გახეხილი კარტოფილის მასა მოათავსეთ მარლაში, დაიდეთ შესიებულ ქუთუთოებზე და 10-15 წუთით გაიჩერეთ. დაძინებამდე 10 წუთით ადრე შეგიძლიათ, გაიკეთოთ გვირილის ან კამის ნაყენის ცივი და თბილი საფენებიც.

თვალის კანის მოსავლელად კარგია შინაურ პირობებში მომზადებული ნიღბები:

* პურის ნიღაბი – თეთრი პურის გული ჩაალბეთ შემთბარ ზეითუნის ზეთში და მიღებული ფაფისებური მასა თვალების ირგვლივ დაიდეთ. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ;

* ბანანის ნიღაბი – 1 სადილის კოვზი დაჭყლეტილი ბანანი და 1 სადილის კოვზი ნაღები ერთმანეთში აურიეთ და მიღებული მასა თვალების ირგვლივ დაიდეთ. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ;

* კვერცხის ნიღაბი – 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი შვრიის ფქვილი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული მასა თვალების ირგვლივ დაიდეთ. 10 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

* ხაჭოს ნიღაბი – 1 სადილის კოვზი ცხიმიანი ხაჭო, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 სადილის კოვზი თბილი რძე, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და ამდენივე ცხიმიანი ნაღები ერთმანეთში კარგად აურიეთ და მიღებული მასა თვალების ირგვლივ დაიდეთ. 15 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა