რჩევები

როგორ უნდა მოამზადოთ ოფლის საწინააღმდეგო ხსნარები სახლის პირობებში

№39

ავტორი: ანი რევია 11:00 10.10

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ჭარბი ოფლიანობა შეიძლება, გამოწვეული იყოს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, ჰორმონული დისბალანსის, მენოპაუზის შედეგად და ასე შემდეგ. მაგრამ, თუ ადამიანი ჯანმრთელია და მაინც ზედმეტად ოფლიანობს, მაშინ ეს შესაძლოა, ტანსაცმლის ან საკვების ბრალი იყოს. მოერიდეთ შემოტმასნილი, სინთეტიკური ქსოვილისგან დამზადებულ ტანსაცმელს, ასევე, ძნელად გადასამუშავებელი საკვების, მწარე, მჟავე და ცხარე პროდუქტების მიღებას. ჩაიცვით მხოლოდ ბამბის, სელის ან აბრეშუმის ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელი და მიირთვით ცოცხალი ხილი და ბოსტნეული. გასაგრილებლად, ტკბილი, გაზიანი სასმლის ნაცვლად, დალიეთ მინერალური წყალი. არ არის სასურველი ბევრი ყავა, რადგან ის ოფლიანობას მოგიმატებთ.

ოფლთან საბრძოლველად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა. ბაქტერიები სწრაფად მრავლდება თმასა და ტანზე, ამიტომ, აუცილებელია დილა-საღამოს იბანაოთ და გამოიყენოთ ოფლის საწინააღმდეგო საშუალებები. ოფლის მკვეთრი სუნის მოსაცილებლად უმჯობესია ბურთულიანი ან მშრალი ანტიპერსპირანტი, რადგან დეზოდორანტი აქრობს სუნს, მაგრამ არ ამცირებს ოფლიანობას. ანუ, მის შემადგენლობაში არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც სპობს მიკროორგანიზმს და მათთან ერთად, ოფლის სუნს. დეზოდორანტი აუცილებლად სუფთა კანზე უნდა გამოიყენოთ.

ოფლის სუნის გასაქრობად ყველაზე მარტივი საშუალებაა ჩვეულებრივი, საკვები სოდა. გახსენით სოდა წყალში, დაასველეთ დოლბანდი და წაისვით იმ ადგილებში, სადაც ჭარბი ოფლიანობა გაწუხებთ. ეს პროცედურა ჩაიტარეთ დაბანისა და გაპარსვის შემდგომ და იღლიებში სისველისა და უსიამოვნო სუნისგან მთელი დღის განმავლობაში იქნებით დაცული.

ანტიპერსპირანტი საგრძნობლად ამცირებს ოფლის გამოყოფას. ის შეიცავს ალუმინს, მარილებს, თუთიას, რომლებიც ავიწროებენ საოფლე ჯირკვლების სადინარებს და ხელს უშლიან ოფლის გამოყოფას. მისი გამოყენებისას იღლიის კანი მშრალია. რაც შეეხება მიკრობებს, მათ ანტიპერსპირანტი არ ებრძვის. მისი მოხმარება უმჯობესია დილით, შხაპის შემდეგ.

გაითვალისწინეთ, რომ ოფლის გამოყოფა ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციაა და მისი მთლიანად შეჩერება არ შეიძლება. ამიტომ ანტიპერსპირანტი დღეში მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ და არავითარ შემთხვევაში ფიზიკური დატვირთვის დროს. ხშირად დაასვენეთ კანი, რომ ოფლი საჭირო დოზით გამოყოს და სახლში ყოფნისას მხოლოდ ჩვეულებრივი ჰიგიენური საშუალებები გამოიყენეთ, მაგალითად, საბავშვო ტალკი. ასევე, ნუ გამოიყენებთ სხვა სქესისთვის განკუთვნილ დეზოდორანტ-ანტიპერსპირანტებს, ვინაიდან ქალისა და მამაკაცის იღლიის ქვეშ PH-ის სხვადასხვა დონეა.

ოფლის საწინააღმდეგო ხსნარები კი თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ:

* ერთმანეთში კარგად აურიეთ 2 სადილის კოვზი საკვები სოდა და 3 სადილის კოვზი სიმინდის სახამებელი, დაამატეთ 4 სადილის კოვზი ქოქოსის კარაქი და რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ეთერზეთი. მიღებული მასა მოათავსეთ მინის ჭურჭელში და წაისვით იღლიაში, დაბანილ კანზე სახლიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე;

* 3 სადილის კოვზ გვირილას, რომელიც აფთიაქში იყიდება, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, გადაწურეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი. მიღებული ხსნარით გაიწმინდეთ იღლიები და დღის განმავლობაში უსიამოვნო სუნისგან დაზღვეული იქნებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა