როგორ უნდა მოამზადოთ მანდარინისგან ტანის, თმისა და სახის მოვლის საშუალებები
ავტორი: ანი რევია 17:00
მანდარინის ნიღაბი არაჩვეულებრივი ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალებაა. ის კარგად ატონიზირებს სახის კანს, აქრობს ნაოჭებს, ხელს უწყობს სახის კანის ფერის გაუმჯობესებას. მანდარინი C ვიტამინის წყაროა, მისი სურნელი კი დადებითად მოქმედებს განწყობაზე, ამიტომაცაა, რომ ის აქტიურად გამოიყენება სკრაბებისა და თმის ნიღბებში.
მანდარინის ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის – დაჩეჩქვეთ მანდარინი კანიანად და დაასხით ნახევარი ჭიქა არაყი. ნაყენი დადგით სიბნელეში, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ, გაწურეთ. ლოსიონი შეიძლება, გამოიყენოთ ყოველდღე. ის ცხიმიან კანს ჯანსაღ ფერს აძლევს და აახალგაზრდავებს.
მანდარინის ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის – ატონიზირებს კანს, მაქსიმალურად კვებავს მას ვიტამინებით და მომენტალურად აცოცხლებს. გაფცქვენით მანდარინი და გამოწურეთ. მანდარინის წვენში დაასველეთ ბამბის ტამპონი და გაიწმინდეთ სახე და ყელი. ასევე, შეგიძლიათ, მანდარინის წვენში დასველებული დოლბანდი დაიდოთ სახესა და ყელზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდოთ. ეს ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება. ნიღბის გაკეთების რეკომენდებული კურსია 15-20 პროცედურა, კვირაში 3-ჯერ.
მანდარინის ნიღაბი მშრალი და ნორმალური სახის კანისთვის –ატენიანებს და აცოცხლებს სახის კანს. ორი სადილის კოვზ იოგურტს ან მაწონს შეურიეთ 1/4 ჩაის კოვზი მანდარინის ცედრა და ერთი სადილის კოვზი მისივე ახალგამოწურული წვენი. კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წაისვით მშრალ და სუფთა კანზე. მოერიდეთ თვალის გარშემო ნაზ კანს. ათი წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ გრილი წყლით. სახე გაიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი საცხი.
მანდარინის ტანის სკრაბი – არბილებს და კვებავს კანს. ერთ ფინჯან ზღვის მარილს, შეურიეთ ერთი ფინჯანი ზეითუნის ზეთი ან მაწონი, ნახევარი მანდარინის ცედრა და 2 სადილის კოვზი ახალგამოწურული მისივე წვენი. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წრიული მოძრაობებით წაისვით ტანზე 5-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი, ჩამოიბანეთ. შეიმშრალეთ და წაისვით ტანის ლოსიონი.
მანდარინის ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის – ერთი სადილის კოვზ თაფლს შეურიეთ, ნახევარი სადილის კოვზი ლავანდის ზეთი, ნახევარი სადილის კოვზი მანდარინის ზეთი, ნახევარი ლიმონის წვენი, ცოტა ზეითუნის ზეთი და ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი. კარგად აურიეთ. დაისველეთ თმა და პირსახოცით კარგად გაიმშრალეთ. შემდეგ მიღებული ნარევი თმასა და თავის კანში შეიზილეთ, თან კარგად დაიმასაჟეთ. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ შამპუნით.
მანდარინის კომპრესი შესიებული სახის კანისთვის – გაწურეთ მანდარინი. მიღებულ წვენში დაალბეთ რამდენიმე ფენად დაკეცილი მარლა და დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ კომპრესი 30 წუთი. პროცედურის შემდეგ სახეზე ცივი წყალი შეისხით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





