რჩევები

როგორ უნდა გამოიყენოთ სწორად და საჭიროებისამებრ სახის ნიღბები

№6

ავტორი: ანი რევია 11:00 18.02, 2021 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

შესაძლოა, უარი თქვათ მაკიაჟზე, ტუჩსაცხზე, სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებაზე, მაგრამ ნიღაბი ის საშუალებაა, რომელიც აუცილებელია თქვენი სილამაზისა და ახალგაზრდობის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად. ასევე, ის გეხმარებათ სახის კანის „გაღვიძებაში“, დასვენებაში, დაძაბულობის მოხსნასა და ენერგიით დამუხტვაში. 

* თუ სამსახურში ან შეხვედრასა და წვეულებაზე გეჩქარებათ და გინდათ, სწრაფად მოიწესრიგოთ თავი, მაშინ სულ რაღაც 20 წუთი დაგჭირდებათ სახის კანის მოსაწესრიგებლად, თუ ისეთ ნიღაბს გამოიყენებთ, რომლის შემადგენლობაშიც მდგრადი გელია. პროცედურა შედგება ორი ნაწილისგან: პირველად უნდა წაისვათ გელი, შემდეგ დაიტანოთ ზემოდან ღია-მწვანე ფენა და ჩაინიშნეთ დრო. სულ მალე იგრძნობთ გამაგრილებელ ეფექტს. ფორმულის საიდუმლო ალანთოინებშია, რომელსაც ის შეიცავს და რომელიც კანის ზედაპირს ასწორებს და ეხმარება აღდგენაში. გამოყენების შემდეგ, მარტივი შესამჩნევია სასიამოვნო შედეგი.
* თუ მზის აბაზანების ან სოლარიუმების შემდეგ იგრძნობთ, რომ კანის ზედაპირი გამოგიშრათ და გაგიუხეშდათ, შესაბამისი ნიღაბი ამ ტიპის პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. ასეთია მკვებავი ეფექტის მქონე ნიღაბი, რომელიც ზომიერად ცხიმიანია. ის უნდა დაიტანოთ მშრალ კანზე, გაიჩეროთ ათი წუთის განმავლობაში, შემდეგ ბამბის დისკის მეშვეობით მოიცილოთ სახიდან. საცხისებრი გელის სტრუქტურის შემადგენლობაში იუდზუს ზეთი და ექსტრაქტია, ასევე, E ვიტამინი.
* თუ აკნეს, პიგმენტაციის, ნაოჭების პრობლემები გაწუხებთ, ნიღაბი ამ დროსაც საკმაოდ ეფექტურია – არც ბევრი თანხა გეხარჯებათ და შედეგიც სულ მცირე დროში სახეზეა. კერძოდ, საუბარია ნიღბებზე, რომლის შემადგენლობაშიც შედის დატენიანებისთვის აუცილებელი ჰიალურონის მჟავა, ასევე, პოლისაქარიდები და კოენზიმ Q10. ასეთი ნიღბები სამმაგი მოქმედებით გამოირჩევა და ბევრად ეფექტურია. რეკომენდებულია გაიჩეროთ, დაახლოებით, 15-20 წუთით.
* ნარინჯისფერი გელის ნიღაბი უხდება მათ, ვისაც უყვარს მაქსიმალურად მოკლე დროში მოწესრიგება. მოქმედებს ხუთ წუთში და თუ სახის კანიდან ცხიმიანი ზედაპირის მოცილება და ეფექტის მიღება გსურთ, სწორედ რომ, შესაფერისია. მის შემადგენლობაში კოფეინი, მზესუმზირის ზეთი, ნესვის ექსტრაქტი და C ვიტამინი შედის. მისი ჩამობანა რთულია. ამიტომ, უმჯობესია, სველი ხელსახოცის მეშვეობით მოიცილოთ.
ზოგადად, თუ გსურთ იდეალური კანი დიდხანს შეინარჩუნოთ, შეგიძლიათ, თავადაც მოამზადოთ უნივერსალური სახის ნიღბები სახლის პირობებში, თანაც, ძალიან მარტივად. მაგალითად:
* კარტოფილის და ლიმონის ნიღაბი – ჩაჭყლიტეთ 1 ცალი მოხარშული კარტოფილი და დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ და სახეზე თითების წრიული მოძრაობით წაისვით. გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ წყლით. ეს ნიღაბი ეფექტურია სახეზე გაჩენილი ლაქების მოსაშორებლად.
* კიტრის ნიღაბი – 1 კვერცხის ცილას დაუმატეთ 1 ცალი გახეხილი კიტრი და კარგად შეურიეთ. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კარგი გამწმენდია. ამას გარდა, ებრძვის ღია ფორებს და ამცირებს ნაოჭებს თვალის გარშემო.
* ლიმონის ნიღაბი – 1 კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი რძე და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი კარგად აურიეთ. დაამატეთ ცოტა შვრიის ფანტელი, რომ მასა წებოვანი გახდეს. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით და მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული რბილი ნაჭრით. შემდეგ კი სახე წყლით დაიბანეთ. ეს ნიღაბი მოგაშორებთ ფერიმჭამელებს, აღადგენს უჯრედებსა და კანის ელასტიკურობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი