როგორ უნდა გამოაცოცხლოთ გამომშრალი და უსიცოცხლო თმა სახლის პირობებში
ავტორი: ანი რევია 11:00 22.05
კლიმატის ცვლილებასთან ერთად, თმა ბევრ მინერალს კარგავს და მარტივად ზიანდება. გარდა ამისა, მასზე უარყოფითად მოქმედებს დამატებითი პროცედურები. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მისი მოვლისთვის ყველაზე კარგი ნატურალური პროდუქტებია. ბევრს ვერ წარმოუდგენია, მაგრამ ფაქტია, თმის სიჯანსაღეზე ზრუნვა და მისი მოვლა გაცილებით მარტივია სახლის პირობებში.
გთავაზობთ, რამდენიმე ნატურალურ და ბუნებრივ პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც სახლში ყველას მოეპოვება, დაიცავს თმას დაზიანებისგან, აღადგენს მის ბუნებრივ ბზინვარებას და კარგად ატენიანებს.
ზეითუნის ზეთი – ატენიანებს გამომშრალ თმას და მატებს მას ბზინვარებას. კარგი ეფექტისთვის სასურველია, ზეითუნის ზეთი შეათბოთ. თბილი ზეთი წაისვით თმაზე და გადაინაწილეთ თანაბრად. თავზე დაიფარეთ საშხაპე ქუდი, რომელიც თქვენი თმის ტენიანობას უზრუნველყოფს. ნახევარი საათის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამოიყენეთ შამპუნი. პროცედურა რეგულარულად გაიმეორეთ ყოველ კვირას, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.
ძმარი – საკმაოდ ეფექტურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გამომშრალ და დაზიანებულ თმას ეხება. ნუ შეგაშინებთ ძმრის უსიამოვნო სუნი, ის თმაზე არ რჩება. სამაგიეროდ, ყოველი პროცედურის შემდეგ, თქვენი თმა სასწაულებრივად ბზინვარე ხდება. გადაივლეთ ძმარი ბანაობის შემდეგ, სველ თმაზე ან ერთი სადილის კოვზი შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ, დაახლოებით, 5-დან 10 წუთამდე. თუ ამ მეთოდს კვირის განმავლობაში ორჯერ გამოიყენებთ, შედეგს ძალიან მალე იხილავთ.
კვერცხი – კვერცხის გული მდიდარია ცილებითა და ცხიმებით. შესაბამისად, უზრუნველყოფს ტენიანობას, ებრძვის ბაქტერიებს და ზედმეტ ცხიმებს. ამიტომაც, კვერცხი გამომშრალი და დაზიანებული თმის მოვლის საუკეთესო ნატურალური საშუალებაა. კვერცხის გულს შეურიეთ ცოტა თბილი წყალი, მიღებული მასა გაინაწილეთ მთლიან თავზე და რამდენიმე წუთში ჩამოიბანეთ. არ გამოიყენოთ შამპუნი.
ლიმონი და თაფლი – თმის დაზიანების წინააღმდეგ ლიმონისა და თაფლის გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ლიმონი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, თაფლი კი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. თმის ნიღბის დასამზადებლად ორი სადილის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ 1 სადილის კოვზ თაფლს და დაუმატეთ ერთი ფინჯანი წყალი. მიღებული მასა წაისვით თმაზე და ეცადეთ, თავის კანს არ შეეხოთ. გაიჩერეთ 10-15 წუთი და შამპუნით ჩამოიბანეთ.
მინერალური წყალი – მინერალური და გაზიანი წყალი თმის მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა, რადგან მასში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა ნახშირორჟანგი. გაზიანი და მინერალური წყალი ეხმარება თმას, აღიდგინოს ტენიანობა.
მაიონეზი – მაიონეზი კვერცხითა და ცხიმით მზადდება, რაც თქვენს თმას არა მარტო შეუდარებელ ბზინვარებას მიანიჭებს, არამედ შეამცირებს დაზიანებასა და სიმშრალეს. ნიღბის დასამზადებლად მაიონეზს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ერთი სადილის კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი. აურიეთ კარგად და მიღებული მასა დაბანილ, სველ თმაზე წაისვით. დაიფარეთ თავზე საშხაპე ქუდი და გაიჩერეთ, დაახლოებით, საათ-ნახევრის განმავლობაში. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
ლუდი – გადაივლეთ ლუდი შამპუნის გამოყენების შემდეგ და ნახავთ, როგორ დარბილდება და იბზინებს თქვენი თმა. გარდა ამისა, შეგიძლიათ, ლუდის ნიღბის დამზადებაც. ამისთვის დაგჭირდებათ: 4 სადილის კოვზი ლუდი, 3 სადილის კოვზი რძე. ეს ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ გრილი წყლითა და შამპუნით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




