რჩევები

როგორ უნდა გახადოთ ხვეული თმა უფრო მოვლილი და მოწესრიგებული

№49

ავტორი: ანი რევია 11:00 19.12

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ხვეული თმა მუდამ მოვლილი და მოწესრიგებული რომ გქონდეთ, პირველ რიგში, აუცილებლად ხვეული თმისთვის განკუთვნილი შამპუნით დაიბანეთ. სასურველია, ის შეიცავდეს ჟოჟობას ზეთს, გამამელისს, ქოქოსის ზეთს, ღიღილოს ყვავილის ექსტრაქტს. ასევე, გამოიყენეთ მხოლოდ ხვეული თმისთვის რეკომენდებული ბალზამები და კონდენციონერები, რადგან ის კარგად არბილებს თმას, აიოლებს მის დავარცხნას და გაშრობის შემდეგ, უხეში და „გაპუწული“ კულულების ნაცვლად, იღებთ ბუნებრივად დახვეულ, რბილ და დამყოლ თმას.

ხვეული თმა ნელთბილი წყლით უნდა დაიბანოთ, რადგან ცხელი წყალი აშრობს თავის კანს, არღვევს თმის სტრუქტურას და შესაძლოა, ქერტლი, თმის გახუნება და მტვრევადობა გამოიწვიოს. დაბანის შემდეგ კი თმა პირსახოცით დიდხანს არ შეიფუთოთ და არც თმის საშრობი გამოიყენოთ. კარგია კულულა თმის ბუნებრივად გაშრობა. ხვეული თმა მხოლოდ დაბანის წინ დაივარცხნეთ. ამისთვის კი ფართოკბილებიანი და ანტისტატიკური სავარცხელი გამოიყენეთ.

კვირაში ერთხელ მცენარეული ზეთით ჩაიტარეთ თავის კანის მასაჟი. ამისთვის კარგია ქოქოსის, ზეითუნისა და აბუსალათინის ზეთები. ეს აუმჯობესებს თავის კანში სისხლის მიმოქცევასა და თმის ბოლქვების კვებას, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას, სირბილესა და ელასტიკურობას.

კვირაში ერთხელ გამოიყენეთ ხვეული თმისთვის განკუთვნილი ეფექტური ნიღბები, რომლის მომზადებას თავად შეძლებთ სახლის პირობებში.

დამარბილებელი ნიღაბი – შეათბეთ კეფირი და თმაზე სქელ ფენად შეიზილეთ. მოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი, ზემოდან პირსახოცი და გაიჩერეთ, დაახლოებით, ნახევარი საათი. შემდეგ მოიხსენით პარკი და თმა შამპუნის გარეშე, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გამომშრალი თმის ნიღაბი – 5 ჩაის კოვზ ქაცვის ზეთში აურიეთ 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. წაისვით თმის ძირებსა და თავის კანზე. შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკითა და პირსახოცით, დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში. შემდეგ თმა შამპუნით ჩამოიბანეთ.

ბანანისა და მაიონეზის ნიღაბი – 1 ცალი ბანანი დაჭყლიტეთ, შეურიეთ 1 სადილის კოვზი მაიონეზი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე. შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით და 30 წუთის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

გლიცერინის, აბუსალათინის ზეთის, ძმრისა და კვერცხის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზი გლიცერინი, 2 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ძმარი და 1 კვერცხი ერთმანეთში კარგად აურიეთ და თმაში შეიზილეთ. თავი პოლიეთილენის პარკით შეიფუთეთ და 40 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ კი ნიღაბი შამპუნით ჩამოიბანეთ.

თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი – 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და 100 გრამი ნატურალური თაფლი ერთმანეთში კარგად აურიეთ და თმაში შეიზილეთ. თავი პოლიეთილენის პარკითა და თბილი პირსახოცით შეიფუთეთ. 1 საათი გაიჩერეთ და შემდეგ შამპუნის გარეშე, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თმის ბზინვარება და სირბილე ერთი დაბანისთანავე თვალშისაცემი იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი