რჩევები

როგორ უნდა დაიტენიანოთ კანი, რომ ნაოჭები არ გაგიჩნდეთ

№14

ავტორი: ანი რევია 11:00 16.04

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

სახის კანი ჯანმრთელად და ახალგაზრდულად რომ გამოიყურებოდეს და ნაოჭებიც ადრიანად არ გაჩნდეს, აუცილებელია კანის დატენიანება როგორც შიგნიდან, ისე გარედან. კერძოდ, დღის განმავლობაში უნდა სვათ ორი ლიტრი წყალი და გამოიყენოთ დამატენიანებელი საცხები და შრატები. ასევე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ასაკი და ამის მიხედვით შეარჩიოთ, რა ტიპის დატენიანება ესაჭიროება თქვენს კანს.

18-23 წლის ასაკში შესაძლოა, უსიამოვნებები გაჩნდეს სხვადასხვა სახის გამონაყრისა და მიკროანთებების სახით. ამიტომაც მნიშვნელოვანია, სათანადოდ დაიცვათ კანის სისუფთავე და მასთან დაკავშირებული ჰიგიენა. რაც შეეხება დატენიანებას, ეს მიიღწევა ჰიდროლიპიდური გარსისა და ბუნებრივი დაცვის შენარჩუნებით. კანის გასუფთავების, დატენიანებისა და დაცვისთვის უპირატესობა მსუბუქი ტექსტურის მქონე საცხებსა და გელს მიანიჭეთ, რომლებიც მომენტალურად შეიწოვება კანში და არ ბზინავს.

25-დან 30 წლის ასაკისთვის კანს ნელ-ნელა აღარ ჰყოფნის ტენიანობა, კარგავს სირბილესა და ელასტიკურობას. ეს ყველაფერი კი, თანდათან ნაადრევი ნაოჭების გაჩენას, კანის აქერცვლასა და გაღიზიანებას გამოიწვევს. ამ დროს, კანს წყალი ესაჭიროება. ამიტომ, აუცილებელია, გადახვიდეთ ღრმა დატენიანებაზე, რომ კანი ნაადრევი დაბერებისგან დაიცვათ. დამატენიანებელ საცხთან ერთად, შეგიძლიათ, დაიწყოთ დამატებით შრატის გამოყენებაც. ის სწრაფად მოქმედებს და ღრმადაც აღწევს კანში. შრატი კანზე უნდა დაიტანოთ დილით, სანამ დღის საცხს წაისვამდეთ. ამასთან ერთად, კარგია მასაჟი და ნიღბები.

35 წლის ასაკიდან, ორგანიზმში გაცვლითი პროცესები ნელდება, სახის კონტური სიმკვეთრეს კარგავს, კანი მგრძნობიარე და სიმშრალისკენ მიდრეკილი ხდება, ამიტომ, ის ინტენსიურად უნდა დაატენიანოთ და კვებოთ. ამასთან, კანის ზომიერი დატენიანებიდან სერიოზულ და მულტიფუნქციურ პრეპარატებზე უნდა გადახვიდეთ. ამ ასაკში საცხი კანს არა მხოლოდ უნდა ატენიანებდეს, არამედ ეფექტურად ებრძოდეს დაბერებასაც. ნაოჭების პრევენციისთვის ინტენსიურად გამოიყენეთ ანტიოქსიდანტები და გაიკეთეთ ლიფტინგი. მოდუნებული და გამომშრალი კანის შემთხვევაში, კარგია მეზოთერაპიაზე გადასვლაც.

შემოგთავაზებთ ნიღბების მომზადებას სახლის პირობებში, რომელიც ნებისმიერ ასაკში კარგ შედეგს იძლევა:

* სახის კანის ტონუსისთვის, კანის უჯრედების აღდგენასა და კანის პროტეინებით გამოკვებაში ცილის ნიღაბი დაგეხმარებათ: ათქვიფეთ კვერცხის ცილა ისე, რომ სქელი ქაფი მიიღოთ, წაისვით კანზე, გაიჩერეთ10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ;

* კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად და გასაწმენდად: გახეხეთ კიტრი, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი არაჟანი, წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. მალევე იგრძნობთ, როგორ დაიწყებს კანი სუნთქვას;

*კანის დაცვითი ფუნქციების გასაძლიერებლად, კვირაში ერთხელ გაიკეთეთ ზეითუნის ზეთის ნიღაბი: ერთ სადილის კოვზ ზეთს დაუმატეთ ერთი კვერცხის გული და ნებისმიერი ხილის წვენი. წაისვით სახეზე და 15 წუთის მერე ჩამოიბანეთ;

* იმისთვის, რომ კანმა ახალგაზრდული იერი შეინარჩუნოს, დაამზადეთ არაჟნისა და კურკუმას ნიღაბი: ნახევარ ჩაის კოვზ სანელებელს შეურიეთ 2 სადილის კოვზი არაჟანი, წაისვით სახეზე ძილის წინ და 10 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით ღამის კრემი.

აუცილებელია, იცოდეთ თქვენი კანის ტიპი და იმის მიხედვით გამოიყენოთ ხარისხიანი კოსმეტიკა, საცხი თუ სხვა თავის მოვლის საშუალებები და ამით ხელი შეუწყოთ სახის კანის სიჯანსაღესა და ნაადრევ დაბერებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი