რჩევები

როგორ უნდა დაიტენიანოთ გამომშრალი თმა ზაფხულში და დაუბრუნოთ მას ბზინვარება

№32

ავტორი: ანი რევია 11:00 15.08, 2024 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

პაპანაქება სიცხე და მზის სხივები თმისთვის განსაკუთრებულად საზიანოა – ის შრება და ბზინვარებას კარგავს. თმას, ასევე, მნიშვნელოვნად აზიანებს ზღვის მარილიანი წყალიც. თუ არ გსურთ, თქვენი თმა უსიცოცხლოდ გამოიყურებოდეს, ბოლოებში გაიყოს, გაძლიერდეს ცვენა და გაჩნდეს ქერტლი, მაშინ მის მოვლაზე უნდა იზრუნოთ. კარგი იქნება, თუ ქვემოთ მოყვანილ რჩევებს გაითვალისწინებთ:

* თმის ღერის ბოლოების გაყოფას, ხშირ შემთხვევაში, თმის საშრობისა და თმის უთოს ხშირი გამოყენება იწვევს. გაყოფილი ბოლოები აღდგენას არ ექვემდებარება და მისი შეჭრა აუცილებელია. თმის გასწორებისა და დახვევის დროს, აუცილებლად გამოიყენეთ თერმოდამცავი საშუალებები;

* უსიცოცხლო თმისთვის მნიშვნელოვანია ზეთების გამოყენება. გამომშრალი თმის დატენიანებისა და ბზინვარებისთვის უმჯობესია ზეითუნისა და ქოქოსის ზეთი. თმაზე წასმის წინ ზეთი შეათბეთ, შემდეგ კი წაისვით და თითებით თანაბრად გადაინაწილეთ. დაიფარეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თქვენი ტიპის თმისთვის განკუთვნილი შამპუნით;

* თმის გარეგანი მოვლის საშუალებები აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი. საჭიროა, თმა სათანადოდ იკვებებოდეს ძირებიდან. ამისთვის საუკეთესოა კვების რაციონის დარეგულირება, მისი გამდიდრება სეზონური ხილითა და ბოსტნეულით;

* ღია ფერის თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. შეღებილი და მელირებული თმა მალე ზიანდება, ამიტომ პერიოდულად აუცილებელია თმის ნიღბების, ბალზამის, A, C და B1 ვიტამინების შემცველი შამპუნის გამოყენება. არ არის რეკომენდებული შამპუნის პირდაპირ თავზე დასხმა. აჯობებს, თუ შამპუნს ჯერ ხელისგულზე დაისხამთ, ცოტა წყალში გახსნით და ისე შეიზელთ თმაში. იმისთვის, რომ შამპუნი თმის ძირებზეც მოხვდეს, თითებით თავზე მსუბუქი მასაჟი უნდა გაიკეთოთ;

* თმის ყოველდღიური დაბანა სასურველი არაა. თუმცა, თუ თქვენ ცხიმიანი თმა გაქვთ, სხვა გზა არ არის, ყოველდღე უნდა დაიბანოთ. სხვა შემთხვევაში, მეორე და მესამე დღეს დაბანაა რეკომენდებული. დაბანის სიხშირე დამოკიდებულია თმის სიგრძეზეც. თუ გრძელი თმა გაქვთ, ვარცხნილობის შენარჩუნება შედარებით ძნელია. ამიტომ, მისი ყოველდღე დაბანა და მოწესრიგებაა საჭირო. თმა დაიბანეთ თბილი ან გრილი წყლით, რადგანაც ცხელმა წყალმა შეიძლება, გამოაშროს და დააზიანოს როგორც თმა, ასევე კანიც. ძალიან მნიშვნელოვანია შამპუნთან ერთად ბალზამის გამოყენებაც. ბალზამი მოცულობას ანიჭებს თმას და აადვილებს მის დავარცხნას;

* უმჯობესია, თმა დაბანისთანავე არ დაივარცნოთ, რადგან სველი თმა სათუთია. დაივარცხნეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნახევრად შეშრება.

თუ გსურთ, ვარცხნილობა ვიზუალურად უფრო მოცულობითად გამოიყურებოდეს, შეგიძლიათ, გაიკეთოთ მელირება. შეიღებეთ თმა რამდენიმე სხვადასხვა ტონში. თმის ფერის მინიმალური გრადაცია დავარცხნისას მოცულობის ილუზიას შექმნის. გაითვალისწინეთ, რომ თმის ძირი უფრო მუქი უნდა იყოს. ასევე, სწორად შეარჩიეთ თმის მოვლის საშუალებები, რადგან თმისთვის მოცულობის შესაქმნელად ყველა არ გამოდგება. უმჯობესია, გამოიყენოთ სპრეი ან მუსი – თხელი ქაფი იჭერს ფორმას და თმას უფრო ფუმფულას ხდის.

თმას რომ მოცულობა მოემატოს, თმის გაშრობისას ჰაერის ნაკადი მიმართეთ თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით. ფენის რეჟიმი უნდა იყოს ზომიერი ან დაბალი. იმისთვის, რომ თმა არ დაგემუხტოთ, გამოიყენეთ ფენი, რომელსაც ჰაერის იონიზაციის ფუნქცია აქვს.

აქვე გასწავლით, როგორ მოამზადოთ ნიღაბი თმის მოცულობის მოსამატებლად, რომელიც კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ: აურიეთ 2 სადილის კოვზი ბირკავას ზეთი, რომელიც აფთიაქებში იყიდება და 1 ჩაის კოვზი დაფქული ყავა. ოდნავ შეათბეთ და წაისვით ჯერ ძირებზე, ხოლო შემდეგ მთელ თმაზე გადაანაწილეთ და ნახევარი საათით დაიტოვეთ. შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი გაგიჯანსაღებთ თმას, გაასქელებს და მბზინვარეს გახდის მას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა