როგორ უნდა დააგრძელოთ და გაახშიროთ წამწამები სახლის პირობებში
ავტორი: ანი რევია 11:00 07.10, 2021 წელი

თვალის ფორმის გამოკვეთა, სწორედ, წამწამების ხარჯზე ხდება. ამიტომ, მას ყოველდღიურად სწორად მოვლა და ტუშის ზუსტი შერჩევა სჭირდება.
წამწამების მოვლისას მთავარი წესი ტუშის ყოველდღიური ჩამოშორებაა. გირჩევთ, არასოდეს დაარღვიოთ ეს წესი.
წამწამები ხშირი და გრძელი გახდება, თუ ბალახების ნაყენის კომპრესებს გაიკეთებთ: კალენდულისა და შავი ჩაის ნაყენში დაასველეთ ბამბის დისკო და დაიდეთ ქუთუთოებზე და 15-20 წუთი გაიჩერეთ. კომპრესის გაკეთება კვირაში 1-2-ჯერაა რეკომენდებული.
აუცილებლად გამოიყენეთ მხოლოდ ახალი ტუში და ყურადღება მიაქციეთ ვადას. არავითარ შემთხვევაში არ დაასველოთ ფუნჯი ნერწყვით, რადგან ეს ცუდად აისახება როგორც თვალებზე, ასევე წამწამებზე.
რაც შეეხება ტუშის არჩევას, ამ მხრივ ჩვენი რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ:
👉 მსხვილი ფუნჯი გრძელი და ხშირი წამწამების მქონე მანდილოსნებს გამოადგებათ, წამწამებს უფრო ბუნებრივ ელფერს ანიჭებს;
👉 მოხრილი ფუნჯი წამწამებს მოცულობას ძირებიდან უმატებს და თითოეულ წამწამს იდეალურად ღებავს;
👉ტუში „სამი ერთში“ კარგ ეფექტს იძლევა მოკლე წამწამებზე – აგრძელებს, მოცულობას მატებს და კარგად პრეხს;
👉სქელი ფუნჯი წამწამებს კარგად ღებავს და მხოლოდ ოდნავ პრეხს, ნატურალური ეფექტი აქვს და დღის მაკიაჟისთვის გამოდგება;
👉ოდნავ მოხრილი და წვრილი ფუნჯი კარგ ეფექტს იძლევა, როგორც გრძელ, ასევე მოკლე წამწამებზე.
წამწამების დაგრძელება და გახშირება აბუსალათინის ზეთით შეგიძლიათ. ზეთი უნდა წაისვათ ყოველ საღამოს ძველი ტუშის სუფთა და კარგად გარეცხილი ფუნჯით. წამწამების უფრო სწრაფი და ეფექტური გახშირება-გაზრდისთვის ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით აურიეთ ძირკავასა და აბუსალათინის ზეთი და წამწამებზე სუფთა ტუშის ფუნჯით წაისვით.
ზოგადად, თუ წამწამების სწრაფად გაზრდა გსურთ, ამაში ნომერ პირველი დამხმარე აბუსალათინის ზეთისგან მომზადებული გელია. ის ცხიმოვანი მჟავებისგან შედგება. წამწამების ბოლქვები აბუსალათინის ზეთს ბოლომდე იწოვს და მასში შემავალი საჭირო ნივთიერებებით იკვებება. ამასთან, გელი წამწამების ზრდას აძლევს სტიმულს და ეფექტი, დაახლოებით, ერთ თვეში უკვე თვალშისაცემია. აბუსალათინის ზეთისგან ნატურალური და სასარგებლო გელი ასე უნდა მოამზადოთ: 1 ცალი ალოეს ფოთოლი დააბლენდერეთ ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ, დაუმატეთ 5 წვეთი აბუსალათინის ზეთი და 1 კაფსულა E ვიტამინი. ინგრედიენტები კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და ჩაასხით მინის ქილაში და მაცივარში შეინახეთ. საღამოობით წაისვით წამწამებზე ტუშის სუფთა ფუნჯით და დაიტოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით კი წყლით ჩამოიბანეთ. გელი აღადგენს წამწამის დაზიანებულ სტრუქტურას და სწრაფ ზრდაშიც ეხმარება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან