როდის უნდა დაიბანოთ თმა, სწორად დაიტენიანოთ კანი და დაასვენოთ ფრჩხილები
ავტორი: ანი რევია 11:00 29.06, 2023 წელი

ზაფხულის თაკარა მზეზე თმა განსაკუთრებულად ზიანდება. კერძოდ, შრება, ბზინვარებას კარგავს, იყოფა თმის ბოლოები, რაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ხდება შესამჩნევი და თვალშისაცემი. ამას გარდა, თმას ხშირი დაბანა, დავარცხნა, შეღებვა და არასწორი დასაბანი საშუალებების გამოყენებაც აზიანებს. დაზიანებული თმის აღსადგენი ბევრი საშუალება არსებობს, მათ შორის ყველაზე ეფექტურად თმის ნიღბები მიიჩნევა, მაგრამ ის ყველამ ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს.
სამკურნალო ნიღაბი თმის დაზიანებული ბოჭკოების აღდგენაში დაგეხმარებათ და მას ტენიანობასა და ბზინვარებას დაუბრუნებს. გამოიყენეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც არც ზედმეტი ცხიმის გამოყოფას გამოიწვევს და არც თავის კანს გამოაშრობს.
მნიშვნელოვანია ისიც, თმას დღის რომელ მონაკვეთში დაიბანთ. მაგალითად, საღამოს დაბანის შემდეგ, თმა კანქვეშა ნივთიერებებს გამოყოფს, რომლებიც მას მთელი ღამის განმავლობაში ბზინვარებას უკარგავს. ამიტომაც, ყველანაირი ტიპის თმისთვის უმჯობესია დილით დაიბანოთ. თუ საცურაო აუზზე დადიხართ და თმის დაბანა ყოველდღიურად გიწევთ, ქლორისგან ისედაც დაზიანებული სტრუქტურა კიდევ უფრო რომ არ გაუარესდეს, ნუ გამოიყენებთ შამპუნსა და კონდიციონერს. ქლორი, უბრალოდ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
რუჯის მიღებისას კანის სრულყოფილად დაცვას, მაღალი ხარისხის დამცავიც კი ვერ უზრუნველყოფს. ნამზეურის შემდეგ პიგმენტური ლაქები რჩება, კანი იჭიმება და შრება. ეცადეთ, ზაფხულში გარუჯულ კანზე ისეთი კრემები გამოიყენოთ, რომელიც კანს პიგმენტური ლაქებისგანაც წმენდს. სასურველია, მათში შემავალ ინგრედიენტებს შორის A და E ვიტამინები იყოს. პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად ნიღბებიც არსებობს, რომლებიც მხოლოდ ღამის საათებში უნდა გამოიყენოთ. მათი მიზანი ლაქების გაქრობა და გამომშრალი კანის დატენიანებაა. თუმცა, დატენიანებასთან ერთად, კანის გაწმენდაც აუცილებელია. კანის გამწმენდი ეფექტური საშუალება კი თავადაც შეგიძლიათ, დაამზადოთ: ერთმანეთში აურიეთ შაქარი, რძე და რამდენიმე სახის დაჭყლეტილი ხილი – მაგალითად, ყურძენი, ნებისმიერი სახის კენკრა ან ფორთოხალი. მიღებული მასა სახეზე თვეში ერთხელ უნდა წაისვათ.
კანის მოვლის ერთ-ერთი პოპულარული საშუალებაა აბუსალათინის ზეთი. მისი დახმარებით იოლად აღიდგენთ სახის კანის სტრუქტურას – დაუმატეთ ზეთს მცირე რაოდენობით ლიმონის წვენი და წაისვით დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.
რაც შეეხება ფრჩხილებს, მათი პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს, მაგალითად, წყალი და ქლორიანი აუზები. წყალი ბაქტერიებს ამრავლებს და სოკოს წარმოქმნის საფრთხესაც ქმნის. ამიტომ, ზაფხულის შემდეგ ხშირია ფრჩხილების მტვრევა და გამოშრობა. ფრჩხილების სტრუქტურის აღსადგენად გამოიყენეთ სპეციალური, დამატენიანებელი კრემები. მოვლილი ფრჩხილი მხოლოდ ლამაზად წასმულ ლაქს არ ნიშნავს, ლაქი, უბრალოდ, დროებით ფარავს დეფექტს. ჭუჭყი და ლაქის ნარჩენები მოიშორეთ სითხით, რომელიც არ შეიცავს აცეტონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრჩხილი გამოშრება. წაუსვით საპონი კბილის ჯაგრისს და ფრთხილად დაამუშავეთ ფრჩხილები – ეს მოგაშორებთ კანის მკვდარ, გაუხეშებულ უჯრედებს. გამოიყენეთ დამცავი ბაზა, რადგან, შიდა დამცავი ბაზა იცავს ფრჩხილს ლაქისგან და იმავდროულად, ლაქის ფერს უფრო მკვეთრსა და ლამაზს ხდის. იმისთვის, რომ ლაქი ხანგრძლივად შეინარჩუნოთ, არ დაგავიწყდეთ ზემოდან დამცავი ფენის გადასმა. ფრჩხილის ლაქის შეძენისას, ეტიკეტზე, დააკვირდით მასში შემავალ ნივთიერებებს და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ. ზოგიერთი ლაქი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტოქსინებს შეიცავს. რაც უკარგავს ფრჩხილს ბუნებრივ ბზინვარებას, იწვევენ მის დაყოფას და მტვრევას. თვეში რამდენიმე დღე, დაასვენეთ ფრჩხილები ლაქისგან, მიეცით აღდგენისა და გამაგრების საშუალება. გახსოვდეთ, ლაქი აშრობს, ფერს უცვლის და ასუსტებს ფრჩხილებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან