რჩევები

რატომ არის სასარგებლო და აუცილებელი მარწყვის ნიღბების გაკეთება

№23

ავტორი: ანი რევია 11:00 19.06

მარწყვის ნიღაბი
დაკოპირებულია

მარწყვის ნიღბები ეფექტურია გამონაყრის საწინააღმდეგოდ, პიგმენტური ლაქებისა და ჭორფლის გასაღიავებლად. ასევე, ასწორებს ნაოჭებს და აჯანსაღებს კანს, აქრობს სახის კანის ზედაპირიდან ცხიმიან ფორებს, აუმჯობესებს კანის ფერს, ატენიანებს გამომშრალ კანს, აჯანსაღებს დაღლილ კანს და ამკვრივებს მოშვებულ სახის კანს. ასე რომ, ახლა სწორედ ის პერიოდია, როცა ამ გემრიელი კენკრის საშუალებით ნებისმიერს შეუძლია, „შეივსოს“ კანი სასარგებლო ვიტამინებით, მაკრო და მიკროელემენტებით. არ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ მარწყვზე ალერგიული ხართ. თუ არა, მაშინ ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში მხოლოდ ორჯერ და არ დაიტოვოთ მითითებულ დროზე მეტხანს.

* მარწყვის ნიღაბი მოდუნებული კანისთვის: 4 ცალი მარწყვი გასრისეთ, ნორმალური და ცხიმიანი კანის დროს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, მშრალი კანის შემთხვევაში – ცხიმიანი ნაღები და წაისვით სუფთა კანზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ოდნავ თბილი წყლით;

* ფორების გასაწმენდი მარწყვის ნიღაბი: მარლის საშუალებით გამოწურეთ 3 ცალი მარწყვის წვენი, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური თიხა, წაისვით სუფთა კანზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ბოლოს წაისვით დამატენიანებელი კრემი;

* მარწყვის ნიღაბი დაღლილი სახის კანისთვის: 2 სადილის კოვზი კარგად დაჭყლეტილი მარწყვი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი სახის დამატენიანებელი საცხი, კარგად შეურიეთ ერთმანეთში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე და დაიტოვეთ 10-15 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ;

* მარწყვის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 1 ჩაის კოვზი თეთრი ან ლურჯი თიხა და 1 ჩაის კოვზი მარწყვის წვენი შეურიეთ ერთმანეთს, ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. წაისვით ნიღაბი სახეზე და როდესაც გამოშრობას დაიწყებს, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ კი წაისვით სახის დამატენიანებელი საცხი;

* მარწყვის ნიღაბი მშრალი კანისთვის: 2 ჩაის კოვზი მარწყვის წვენი, 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი დაფქული შვრია შეურიეთ ერთმანეთს, დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთით. შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ;

* მარწყვის ნიღაბი ნორმალური და მშრალი კანისთვის: 4 ჩაის კოვზი გატარებული მარწყვი, 2 ჩაის კოვზი არაჟანი შეურიეთ ერთმანეთს. ნიღაბი გაიჩერეთ სახეზე 15 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით;

* ჭორფლის გასაღიავებელი მარწყვის ნიღაბი: 1 ჩაის კოვზი გატარებული მარწყვი და ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთს და დაიტანეთ სახის კანის პრობლემურ ადგილებზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის ბოლოს კი წაისვით სახის დამატენიანებელი საცხი;

* მარწყვის ნიღაბი მობერებული და მოშვებული კანისთვის: 2 ჩაის კოვზი რძე, 2 ჩაის კოვზი გატარებული მარწყვი და 1 ჩაის კოვზი თაფლი შეურიეთ ერთმანეთს. დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით;

* მარწყვის ნიღაბი აქერცვლისკენ მიდრეკილი კანისთვის: 4 ჩაის კოვზი მარწყვის წვენი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხის გული და ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული შვრია, შეურიეთ ერთმანეთს. დაიტანეთ სახეზე და 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა