რჩევები

რა შეცდომებს ვუშვებთ მაკიაჟის გაკეთების დროს

№28

ავტორი: ანი რევია 12:00

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

რთულია, უძილო ღამისა და სტრესის ფონზე კარგად გამოიყურებოდე, მაგრამ, თუ ამ ყველაფერთან ერთად მაკიაჟსაც არასწორად იკეთებთ, ეს თქვენს სახეს კიდევ უფრო დაღლილს გამოაჩენს. ამიტომ, აუცილებელია, იცოდეთ, რა უნდა მოიმოქმედოთ ამ დროს, რა შეცდომებს უშვებთ მაკიაჟის გაკეთებისას, რა გამოასწოროთ და გაითვალისწინოთ.

* არასდროს წაისვათ ტონალური კრემი მშრალ კანზე. მანამდე აუცილებელია, დაბანილ და სუფთა სახის კანზე გადაისვათ დამატენიანებელი კრემი. მშრალ კანზე მაკიაჟის წასმა მას უფრო გამომშრალ იერს აძლევს, სახეს კი დაღლილს გამოგიჩენთ;

* სახეზე არ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ერთფეროვანი ტონი. სხვადასხვა ტონით ნაკვთების გამოკვეთა დაგეხმარებათ უფრო ფხიზელი და ნათელი ჩანდეთ. სჯობს, ოდნავ მაინც გამოკვეთოთ წარბები, თვალები, ლოყები და ტუჩები,

* თვალის ქვეშ არასწორად შერჩეული ფერის კორექტორის წასმა საშინელ ეფექტს იძლევა. მიუხედავად იმისა, რა ფერის კორექტორს წაისვამთ ძალიან მუქს თუ ძალიან ღიას. თუ თქვენთვის შეუფერებელია, უფრო დაღლილს გამოგაჩენთ;

* მაკიაჟი აუცილებლად კარგ განათებაზე უნდა გაიკეთოთ, სასურველია, ბუნებრივ შუქზე. ხოლო, თუ ახალ პროდუქტს ტესტავთ, სხვადასხვა განათებაზე დააკვირდით, როგორ „ზის“ ის თქვენს კანზე;

* თუ მუქ ჩრდილებს ხმარობთ, თვალის ბაზისის გამოყენება აუცილებელი კომპონენტია, რათა ფერი არ გაიდღაბნოს და ქვემოთ არ ჩამოვიდეს. სავალდებულოა წყალგამძლე ტუშის ხმარებაც;

* მოერიდეთ სახეზე ზედმეტი პუდრის გადასმას. მშრალი კანის ეფექტი უფრო დაღლილს გაჩენთ, ასე რომ, ფრთხილად იყავით, ზედმეტი არ მოგივიდეთ. უმჯობესია, გამოიყენოთ გამჭვირვალე პუდრა, რომელიც ბზინვარებას მოგაშორებთ და სახეზეც კარგად გადანაწილდება;

* ოქროსფერი თვალის ფანქარი ღია კანის ტონალობის ადამიანებზე დაღლილობის ეფექტს ქმნის. იგივე ეფექტი აქვს ვერცხლისფერს, თბილი ტონალობის ადამიანებზე. სანამ თვალის ფანქარს შეარჩევთ, აუცილებლად გაარკვიეთ თქვენი კანის ტონალობა;

* მიუხედავად თქვენი კანის ფერისა, თუ მაკიაჟის უმეტესი ნაწილი ნაცრისფერ ტონებს შეიცავს, გირჩევთ, დროზე შეცვალოთ ტაქტიკა. ნაცრისფერი ტონები ხელს უწყობს სახის ფერმკრთალი ადგილების წინ წამოწევას, რაც ძალიან დაღლილსა და დაბერებულს გამოგაჩენთ;

* ქვედა წამწამებზე ტუშის ხმარება ავტომატურად კვეთს მუქ წრეებს თვალების ქვეშ. ამიტომ, ტუში მხოლოდ ზედა წამწამებზე წაისვით. თუ ძალიან გინდათ ქვედა წამწამების გამოკვეთაც, გამოიყენეთ გამჭვირვალე ტუში;

* მაკიაჟისთვის გამოსაყენებელი ფუნჯი ბუნებრივი ან სინთეტიკური მასალისგან მზადდება და მრავალგვარია, მაგრამ სწორი არჩევანი თავად უნდა გააკეთოთ, წინასწარ გაარკვიეთ, რომელი გამოგადგებათ და რომელს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა. ბუნებრივი მასალის ფუნჯები კარგია მშრალი, ფხვიერი პროდუქტების, მაგალითად, თვალის ჩრდილის, რუჯის (რუმიანას) და სახის პუდრის წასასმელად. მისი სირბილე სასურველი პროდუქტის უფრო ბუნებრივ, კარგ გადანაწილებას უწყობს ხელს. სინთეტიკური მასალის ფუნჯები კი უკეთესია კრემოვანი პროდუქტების გამოყენების დროს, მაგალითად, როგორებიცაა: კონსილერი, კორექტორი, ტონალური, ტუჩსაცხი და ასე შემდეგ. ბუნებრივისგან განსხვავებით, სინთეტიკური უფრო უხეშია, ამიტომ ის კრემოვანი პროდუქტების უფრო ზუსტ და აკურატულ წასმაში დაგეხმარებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა