რჩევები

რა აზიანებს თმას, ფრჩხილებსა და კანს

№42

ავტორი: ანი რევია 11:00 27.10, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

დამღლელი სამუშაო გრაფიკისა და დროის უქონლობის გამო ადამიანი კანის, თმისა და ფრჩხილების მოვლას საკმარის დროს ვერ უთმობს. არადა, მხოლოდ დაბანა და ფრჩხილზე ლაქის წასმა თავის მოვლას არ ნიშნავს.

ზაფხულის თაკარა მზეზე თმა ზიანდება – შრება და ბზინვარებას კარგავს, იყოფა თმის ბოლოები, რაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ხდება შესამჩნევი და თვალშისაცემი. ამას გარდა, თმას ხშირი დაბანა, დავარცხნა, შეღებვა და არასწორად შერჩეული მოვლის საშუალებებიც აზიანებს.

დაზიანებული თმის აღსადგენი ბევრი საშუალება არსებობს, მათ შორის ყველაზე ეფექტურად თმის ნიღბები მიიჩნევა, მაგრამ ის ყველამ ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს. სამკურნალო ნიღაბი თმის დაზიანებული ბოჭკოების აღდგენაში დაგეხმარებათ და მას ტენიანობასა და ბზინვარებას დაუბრუნებს. გამოიყენეთ ისეთი პროდუქცია, რომლებიც არც ზედმეტი ცხიმის გამოყოფას გამოიწვევს და არც თავის კანს გამოაშრობს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ დღის რომელ მონაკვეთში დაიბანთ. მაგალითად, საღამოს დაბანის შემდეგ, თმა კანქვეშა ნივთიერებებს გამოყოფს, რომლებიც მას მთელი ღამის განმავლობაში ბზინვარებას უკარგავს. ამიტომაც, ყველანაირი ტიპის თმისთვის დილით დაბანა ჯობია.

თუ საცურაო აუზზე დადიხართ და თმის დაბანა ყოველდღიურად გიწევთ, ქლორისგან ისედაც დაზიანებული სტრუქტურა კიდევ უფრო რომ არ გაუარესდეს, ნუ გამოიყენებთ შამპუნსა და კონდიციონერს. ქლორი, უბრალოდ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ასევე, რუჯის მიღებისას კანის სრულყოფილად დაცვას მაღალი ხარისხის დამცავიც კი ვერ უზრუნველყოფს. ნამზეურის შემდეგ პიგმენტური ლაქები რჩება, კანი იჭიმება და შრება. ეცადეთ, გარუჯულ კანზე ისეთი კრემები იხმაროთ, რომელიც კანს პიგმენტური ლაქებისგანაც წმენდს. სასურველია, მათში შემავალ ინგრედიენტებს შორის A და E ვიტამინები იყოს. პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად არსებობს ნიღბებიც, რომლებიც მხოლოდ ღამის საათებში უნდა გამოიყენოთ. მათი მიზანი ლაქების გაქრობა და გამომშრალი კანის დატენიანებაა. თუმცა, დატენიანებასთან ერთად, კანის გაწმენდაც აუცილებელია. კანის გამწმენდი ეფექტური საშუალება კი თავადაც შეგიძლიათ დაამზადოთ: ერთმანეთში აურიეთ შაქარი, რძე და რამდენიმე სახის დაჭყლეტილი ხილი – მაგალითად, ყურძენი, ნებისმიერი სახის კენკრა ან ფორთოხალი და სახეზე წაისვით. ეს პროცედურა თვეში ერთხელ გაიმეორეთ.

კანის მოვლის ერთ-ერთი პოპულარული საშუალებაა აბუსალათინის ზეთი. მისი დახმარებით იოლად აღიდგენთ სახის კანის სტრუქტურას. კერძოდ, დაუმატეთ ზეთს მცირე რაოდენობით ლიმონის წვენი და წაისვით დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.

რაც შეეხება ფრჩხილებს, მათი პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს, მაგალითად, წყალი და ქლორიანი აუზები. წყალი ბაქტერიებს ამრავლებს და სოკოს წარმოქმნის საფრთხესაც ქმნის. ამიტომ, ზაფხულის შემდეგ ფრჩხილების მტვრევა და გამოშრობა ხშირია. ფრჩხილების სტრუქტურის აღსადგენად სპეციალური დამატენიანებელი კრემები უნდა გამოიყენოთ. მოვლილი ფრჩხილი მხოლოდ ლამაზად წასმულ ლაქს არ ნიშნავს, ლაქი, უბრალოდ, დროებით ფარავს დეფექტს. ჭუჭყი და ლაქის ნარჩენები მოიშორეთ სითხით, რომელიც არ შეიცავს აცეტონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრჩხილი გამოშრება. შემდეგ წაუსვით საპონი კბილის ჯაგრისს და ფრთხილად დაამუშავეთ ფრჩხილები. ეს მოგაშორებთ კანის მკვდარ, გაუხეშებულ უჯრედებს. გამოიყენეთ დამცავი ბაზა, რადგან, შიდა დამცავი ბაზა იცავს ფრჩხილს ლაქისგან და იმავდროულად, ლაქის ფერს უფრო მკვეთრსა და ლამაზს ხდის. იმისთვის, რომ ლაქი ხანგრძლივად შეინარჩუნოთ, არ დაგავიწყდეთ ზემოდან დამცავი ფენის გადასმა. ფრჩხილის ლაქის შეძენისას ეტიკეტზე დააკვირდით მასში შემავალ ნივთიერებებს და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ. ზოგიერთი ლაქი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტოქსინებს შეიცავს. ისინი უკარგავენ ფრჩხილს ბუნებრივ ბზინვარებას, იწვევენ მის დაყოფას და მტვრევას. თვეში რამდენიმე დღე კი დაასვენეთ ფრჩხილები ლაქისგან, მიეცით აღდგენისა და გამაგრების საშუალება. გახსოვდეთ, ლაქის აშრობს, ფერს უცვლის და ასუსტებს ფრჩხილებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა