ნესვი გახდომაში დაგეხმარებათ
ავტორი: ანი რევია 11:00 23.08, 2021 წელი

ნესვი დიეტური პროდუქტია. დიდი რაოდენობით შეიცავს სახამებელს, C ვიტამინს, კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებას და მინერალურ მარილებს, მდიდარია ცილებით. ამას გარდა, მასში ბევრია ვიტამინი და ასევე, მიკროელემენტები. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, რითაც ხელს უწყობს გახდომას და ბევრი დაავადების წამალიცაა. მისი რბილობი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს ორგანიზმს სეროტონინის ანუ „ბედნიერების ჰორმონის“ გამომუშავებაში, ამიტომ უებარია მათთვის, ვისაც უგუნებობა ან დეპრესია აწუხებს. ასევე, აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას და რაც მთავარია, ტვინის მუშაობას. ნესვი ხელს უშლის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უჯრედების კვდომას იწვევს.
ვისაც სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება, ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღე უნდა მიირთვას 5 ულუფად გაყოფილი 2 კილოგრამი ნესვის რბილობი. ერთი ნაწილი – შუადღისას, დანარჩენი ოთხი კი – ყოველ ორ საათში ერთხელ, ოღონდ სადილის შემდეგ. ის აღადგენს ნივთიერებათა ცვლას, გაწმენდს ნაწლავებს და მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს. ამ დიეტის წყალობით, ნესვს ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები და ტოქსინები, წვავს ცხიმებს. დიეტის დროს რაციონიდან უნდა ამოიღოთ კარტოფილი, პური, მაკარონი და ტკბილეული. რეკომენდებულია მოხარშული უმარილო ბრინჯი, ბოსტნეულის სალათა, უცხიმო ხაჭო. დღეგამოშვებით შეგიძლიათ, მიირთვათ მოხარშული თევზი, კვერცხი ან 150 გრამი ქათმის ხორცი, სვათ უშაქრო მწვანე ჩაი.
გამოიყენეთ ჩვენი რჩევა, სანამ ნესვის სეზონია. დიეტის ხანგრძლივობა კი შეგიძლიათ, თავად შეარჩიოთ.
ეს დიეტა არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, კუჭის ან თორმეტგოჯას წყლული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან