მშრალი ტიპის კანი მალე ბერდება, ამიტომ მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება
ავტორი: ანი რევია 11:00 25.12
ქალებში მშრალი ტიპის კანი ძალიან ხშირია, ზამთრის სეზონზე კი, მას განსაკუთრებული დისკომფორტი ახლავს. კანის სიმშრალე ზოგჯერ მემკვიდრეობითია, ზოგჯერ ასაკთან ერთად მოდის. შესაძლებელია, გამოშრობა საპნების რეგულარულმა მოხმარებამაც გამოიწვიოს. მშრალი ტიპის კანი უფრო მალე ბერდება, ამიტომ მას ფაქიზი მოვლა სჭირდება. ზამთრის პერიოდში კი გამომშრალი სახის კანი ყველაზე მეტად საჭიროებს მოვლას, დატენიანებასა და ვიტამინებით გამოკვებას. გაღიზიანებულ კანზე შეუძლებელია კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება. მკვებავი სახის კრემები, რომლებიც დღეს ბაზარზე უხვადაა, სხვადასხვა ვიტამინებთან, მინერალებთან, ქიმიურ დანამატებთან და არომატიზატორებთან ერთად, კონსერვანტებითაცაა გაჯერებული, რომლებიც სახის კანზე არც თუ ისე დადებითად მოქმედებენ. ამიტომ, გირჩევთ, მკვებავი კრემი სახლის პირობებში დაამზადოთ და დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში რეგულარულად გამოიყენოთ.
მკვებავი კრემისთვის დაგჭირდებათ: 10-10 კაფსულა A და E ვიტამინი, 50 მილილიტრი გლიცერინი ან ზეითუნის ზეთი და 1 სადილის კოვზი გახეხილი თაფლის სანთელი.
კრემი კი, ასე უნდა მოამზადოთ: ჩაასხით ჭურჭელში ზეითუნის ზეთი ან გლიცერინი, ჩაყარეთ მასში გახეხილი სანთელი, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. როგორც კი სანთელი გადნება, გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააცივეთ. ჩაამატეთ ვიტამინები და კარგად გათქვიფეთ. მოათავსეთ სახურავიან ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. მიღებული კრემი შეგიძლიათ, გამოიყენოთ ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღე. ის კარგი მკვებავია და დამატენიანებლის როლსაც ასრულებს. შედეგს, მალევე დაინახავთ.
ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ დაბანას. უნდა იცოდეთ, რომ დაბანისას კანს არა მარტო ჭუჭყს აცილებთ, არამედ ბუნებრივ დამცავ ცხიმის საფარსაც, რომელიც აუცილებელია მისთვის. ცხელი წყალი კანს ზედმეტად აშრობს, ამიტომ შეეცადეთ, სახე გრილი წყლით დაიბანოთ. გამორიცხეთ ძლიერმოქმედი საპნები. გამოიყენეთ დამატენიანებელი „დუშგელი“, რომელიც მშრალი კანისთვისაა განკუთვნილი. დაბანის შემდეგ სახე გაიმშრალეთ და მაშინვე წაისვით დამატენიანებელი კრემი. თუ კანი ძალიან მშრალია და იქერცლება, გაშრობამდე წაისვით საბავშვო ნუშის ან E ვიტამინის შემცველი რომელიმე მინერალური ზეთი. ხშირი დაბანა მშრალი კანისთვის მავნებელია. უმჯობესია, დილით სახეზე მხოლოდ ცივი წყალი შეისხათ, გამოსაფხიზლებლად.
ზოგადად, დამატენიანებელი კრემი აუცილებლად უნდა შეიცავდეს კერამიდებს. ეს ის ინგრედიენტია, რომელიც კანს ტენიანობასაც უნარჩუნებს და დამამშვიდებლადაც მოქმედებს. კანს ტენიანობას უნარჩუნებს, ასევე, ჰიალურონის მჟავა, ლანოლინი, ვაზელინი, გლიცერინი, დიმეტიკონი, მინერალური ზეთი. ისინი კანს უნარჩუნებენ იმ სითხეს, რომელიც მან ბანაობისას მიიღო. ამიტომ, მათი გამოყენება სწორედ დაბანის შემდეგ არის საჭირო.
კვების რაციონში კი შეიტანეთ თევზის პროდუქტები, თევზის ქონი, ომეგა 3, ნიგოზი, სტაფილო, თქვენი სახის კანისათვის აუცილებელია A და E ვიტამინების შემცველი პროდუქტები. გახსოვდეთ, ჯანსაღად რომ გამოიყურებოდეს, სწორი კვება, კარგი ძილი, ფიზიკური ვარჯიში, დასვენება და მშვიდი გარემო ყველა ტიპის კანს სჭირდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




