მოამზადეთ ცხიმიანი და პრობლემური კანი ცივი სეზონისთვის
ავტორი: ანი რევია 15:00
 
    ცივი სეზონის დადგომამდე აუცილებლად უნდა იზრუნოთ სახის კანსა და განსაკუთრებით, მასზე არსებულ გამონაყარზე, რომ კიდევ უფრო არ გართულდეს, გამოშრეს და ანთებითი პროცესი არ განვითარდეს.
* ჯამში ჩაასხით ადუღებული წყალი, ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი აფთიაქში შეძენილი გამხმარი გვირილა. თავზე გადაიფარეთ პირსახოცი და ცხელი წყლისა და გვირილის ორთქლს დაბანილი სახე 20 წუთის განმავლობაში მიუშვირეთ. შემდეგ აიღეთ ნახევარი მუჭა სიმინდის ფქვილი, შეურიეთ 1 სადილის კოვზი საჭმლის სოდა, დააწვეთეთ რამდენიმე ლიმონის წვეთი და მიღებული მასა წრიული მოძრაობებით, ნაზად შეიზილეთ დაორთქლილ სახეზე. შემდეგ ჩამოიბანეთ, გაიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი სახის კრემი. 30 წუთის შემდეგ, ისევ გადაისვით კრემის თხელი ფენა. ასეთი გაწმენდის პროცედურის შემდეგ კანის გამოშრობის საფრთხეს აიცილებთ და სახიდან მუწუკები და შავი წერტილებიც ნელ-ნელა ალაგდება. პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია კვირაში ერთხელ, საღამოს;
* 1 ნაჭერი შავი პურის გული დაალბეთ რძეში, შემდეგ გაწურეთ და დაიდეთ სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით სახის კრემი. ეს ნიღაბი გაუხეშებული კანის დარბილებაში და მუწუკებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ;
* 1 ცალი კარტოფილი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ კანიანად. შემდეგ მოაცილეთ კანი და გახეხეთ. დაუმატეთ 2 სადილის კოვზი რძე, 1 კვერცხის გული, კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა, სახის კანს ამშვიდებს და გამონაყარსა და სიწითლეს აცხრობს.
ზოგადად, კანის მდგომარეობა პრობლემად იქცევა მაშინ, როდესაც მასზე ცხიმიანი სიპრიალე და მუწუკები ჩნდება. ზოგიერთი კანი საჭიროზე მეტ ცხიმს გამოიმუშავებს. ეს შეიძლება, მთელი რიგი მიზეზების გამო მოხდეს, მაგალითად: გენეტიკური მიდრეკილება, სტრესი, ჰორმონული დარღვევა, ცხოვრების არაჯანსაღი წესი. ყველაფერი ეს ასტიმულირებს ცხიმის ჯირკვლების აქტივობას და იწვევს კანის პრობლემებს. ცხიმის ჯირკვლები დერმაში არის განლაგებული, თმის ფოლიკულებთან პირდაპირ კავშირში. თუ ცხიმის ჯირკვალი ძალიან ბევრ ცხიმს გამოყოფს, ხდება თმის ფოლიკულის დაცობა და კანზე ჩნდება მუწუკები. ზედმეტი ცხიმი არღვევს კანის მჟავას ბუნებრივ ბარიერს, ფორებში შეიძლება ბაქტერიებმა შეაღწიონ და კანის ანთებაც გამოიწვიონ. ამიტომ, ცხიმიანი კანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგულდაგულო გაწმენდა. თუმცა ამისთვის არ გამოიყენოთ საპონი, რადგან ის ზედმეტად აშრობს კანს და ასტიმულირებს კანის ცხიმის გამომუშავებას. გამოიყენეთ დასაბანი სკრაბი ან გელი ნორმალური კანისთვის, მაგნოლიის ექსტრაქტით. ის აქტიურად წმენდს კანს და ეხმარება ცხიმიან სიპრიალესთან ბრძოლაში, ხსნის ფორებს, ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს. ასევე, გამოიყენეთ ტონიკები, რადგან მათ მადეზინფიცირებელი ეფექტი აქვთ და კარგად ერგებიან ცხიმიან კანს.
ცივ სეზონზე ცხიმიან კანს სიცივისგან და სხვა გარემო ზემოქმედებისგან განსაკუთრებული დაცვა სჭირდება, ამიტომ უნდა გამოიყენოთ დამანოტივებელი კრემები, მსუბუქი გელები და სითხეები. დამანოტივებელი საშუალებები შეარჩიეთ ანტიბაქტერიული და დამაწყნარებელი კომპონენტებით. მაკიაჟის გაკეთებისას კი, გამოიყენეთ ფხვიერი პუდრი და უზეთო ტონალური ფუძეები, რადგან ისინი შეიწოვენ სახის კანის ზედმეტ ცხიმს. კვირაში ორჯერ კი მუწუკების საწინააღმდეგო სკრაბებისა და ნიღბების საშუალებით მკვდარი უჯრედები და ჭუჭყი მოიშორეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
 
    





