მოამზადეთ სახლის პირობებში პრობლემური ხელის კანის მკვებავი კრემი და ნიღბები
ავტორი: ანი რევია 12:00
ამინდის ცვლილებასთან ერთად, ხელის კანი შრება და უხეშდება. ასევე, ცხელი წყალი და საპონი სწრაფად აშრობს კანს. ამიტომ ეცადეთ, რომ ხელის დაბანისას წყალი არა ცხელი, არამედ თბილი იყოს. ჯობს, ხელის დასაბანად თხევადი ან გლიცერინიანი საპონი გამოიყენოთ. ხოლო ხელის დაბანის შემდეგ, აუცილებლად წაისვათ კრემი. გარდა ამისა, სასურველია ძილის წინ ხელის კანის დამასაჟება.
ხელებს ახალგაზრდობა და სილამაზე რომ შეუნარჩუნოთ, გულმოდგინედ უნდა მოუაროთ. საპონი აშრობს კანს, ამიტომ უმჯობესია, თხევადი საპნით დაიბანოთ.. სასარგებლოა ხელებზე ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობით გადავლება. თუ კანი გამოგიშრათ, მაგრამ მკვებავი ან დამატენიანებელი კრემი არ აღმოგაჩნდათ, ხელებზე რამდენიმე წვეთი მზესუმზირის ზეთი წაისვით და მსუბუქად შეიზილეთ, მერე კი, ქაღალდის ხელსახოცით ნაზად შეიშრეთ.
კარგია ხელების დაბანა სკრაბით, რომელსაც ადვილად მოამზადებთ დაფქული ყავისა და ორი წვეთი თხევადი საპნისგან. ეს ნარევი 3 დღეში ერთხელ, წაისვით ხელებზე, შეიზილეთ და ჩამოიბანეთ.
ასევე, ძალიან სასარგებლოა ხელის აბაზანები – ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის აბაზანა, კვებავს და არბილებს კანს. ხოლო, გვირილისა და ცაცხვის აბაზანა არა მარტო არბილებს, ამშვიდებს კიდეც. აბაზანა მიიღეთ, კვირაში ერთხელ.
შეგიძლიათ, თქვენ თავად, სახლის პირობებში მოამზადოთ ნატურალური მკვებავი კრემი ხელებისთვის: აიღეთ თითო-თითო სადილის კოვზი კალენდულა, გვირილა, მრავალძარღვა და ორკბილა, რომლებსაც აფთიაქში შეიძენთ, მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 6 საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. ნაყენს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 50 გრამი ნაღების კარაქი და კარგად აურიეთ. შეინახეთ მაცივარში. ამ კრემს აქვს მკვებავი, დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
თუ გსურთ, ხელის კანი მუდამ ფორმაში გქონდეთ, ასევე, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:
* უმჯობესია, არჩევანი შეაჩეროთ დამატენიანებელ საპონზე ჟოჟობას ზეთით, ზეითუნის ზეთით ან ალოე ვერათი. დაიბანეთ ხელები თბილი წყლით. არ გამოიყენოთ ელექტრონული საშრობები;
* ჭურჭლის ან რაიმეს გარეცხვის დროს გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანი, რადგან ქიმიური სარეცხი საშუალებების გამოყენება, აშრობს და აუხეშებს კანს;
* რეგულარულად გამოიყენეთ ხელის დამატენიანებელი კრემი. წაისვით დღეში ორჯერ – დილით და საღამოს. თუ კანი გამოგიშრათ, გამოიყენეთ ხელის ყოველი დაბანის შემდეგ.
აგრეთვე, შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ ხელის სკრაბი, რომლის გამოყენება შეგიძლიათ კვირაში ერთხელ: ნახევარი ავოკადო, 1 კვერცხის გული და ერთი სადილის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთს. წაისვით ხელებზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
პიგმენტაციის წინააღმდეგ კი კარგია ციტრუსისგან დამზადებული ნიღაბი – 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სადილის კოვზი რძე და ერთი სადილის კოვზი თაფლი შეურიეთ ერთმანეთს და წაისვით ხელებზე. გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




