კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00 09.09, 2022 წელი

კითხვა: მაქვს ღაბაბი. მასაჟებზე დავდივარ, მაგრამ შედეგი უმნიშვნელოა. არსებობს თუ არა რაიმე სხვა მეთოდი მის მოსაშორებლად?
პასუხი: ღაბაბს კომპლექსურად უნდა ებრძოლოთ. მასაჟის პარალელურად, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს წონასა და სიარულის მანერას – იარეთ ყოველთვის თავაწეულმა. გარდა ამისა, იქონიეთ დაბალი სასთუმალი. უკეთესი იქნება, თუ უბალიშოდ დაძინებას შეეჩვევით. გამორიცხეთ დაწოლილ მდგომარეობაში კითხვა. არსებობს ვარჯიშებიც ტუჩების, სახის კუნთებისა და ყელის იოგების დაძაბვით, მონაცვლეობით წარმოთქვით ბგერები „ი“ და „უ“ (20-20-ჯერ, დღეში რამდენჯერმე); მაქსიმალურად გამოყავით ენა და ენის წვერი შეძლებისდაგვარად ქვემოთ დასწიეთ.
კითხვა: მაინტერესებს, როგორ შევარჩიოთ „ბიგუდები“ თმის სიგრძის მიხედვით?
პასუხი: გრძელი თმისთვის უნდა გამოვიყენოთ „ბიგუდი-ბუმერანგები“. თმიდან მათი მოხსნისას ლოკონები არ აგებურდებათ და ლამაზ, სპირალურ ფორმას დიდხანს შეინარჩუნებს. მოკლე თმისთვის გირჩევთ, გამოიყენოთ „ლიპუჩკა“ ბიგუდები, რადგან მათთან ერთად თმა უცებ გაგიშრებათ და თან, ის ზრდის თმის მოცულობას. ეგრეთ წოდებული, წვრილი კულულების მისაღებად კი უნდა გამოიყენოთ წვრილი ბიგუდები, მაგრამ, მათი მოხსნის შემდეგ დავარცხნას არ გირჩევთ.
კითხვა: რა შემადგენლობის კრემის ყიდვაა მიზანშეწონილი 40 წელს გადაცილებული ქალისთვის და როგორ ფერებში უნდა იყოს გადაწყვეტილი ამ ასაკის ქალის მაკიაჟი?
პასუხი: ამ ასაკში სახის კანი ახალგაზრდულად რომ გამოიყურებოდეს, უნდა შეიძინოთ კრემები ლიფტინგის ეფექტით. რაც შეეხება მაკიაჟს, თქვენი თმისა და კანის ფერის მიუხედავად, სასურველია, შეარჩიოთ კრემისფერი გამა, პომადა კი, სასურველია, იყოს ვარდისფერი, ის ტონი, რომელიც უფრო მეტად გიხდებათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან