კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 17:30 02.02
კითხვა: მართალია, რომ წლების მატებასთან ერთად, ტუჩის მოცულობა იკლებს და სიგარეტის მოწევა ტუჩის ფორმას ცვლის?
პასუხი: დიახ, დროთა განმავლობაში ტუჩი მოცულობას თანდათან კარგავს. ეს დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან, კერძოდ, ზედა ყბის ძვლების ცვლილებებთან, კანქვეშა ცხიმის ატროფიასთან, ტუჩის კუთხეების დაშვებასთან. სიგარეტის მოწევა კი, ტუჩებს ყველაზე მეტად აზიანებს. ის ტუჩების გარშემო ნაოჭებს ქმნის და ასაკის მატებასთან ერთად მათთან გამკლავება თითქმის შეუძლებელი ხდება.
კითხვა: ისეთ დიეტას ვიცავ, თითქმის ვშიმშილობ, ვხვდები, რომ ცოტა კუჭიც გამიღიზიანდა და ეს ყველაფერი ჩემს ნერვებზე მოქმედებს, თან ისეთი სამსახური მაქვს, სულ სტრესში ვარ. ვარჯიშიც დავიწყე, მაგრამ ვერ ვიკლებ და რა შეიძლება, იყოს მიზეზი?
პასუხი: არასწორი დიეტების უმრავლესობა შიმშილზეა დაფუძნებული. ზედმეტი წონის დაკლების უშედეგო მცდელობებს დეპრესია, გაღიზიანება მოსდევს, რასაც კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც ემატება. გარდა ამისა, საკვებზე უარის თქმით მეტაბოლიზმის პროცესი ნელდება და წონაში კლებაც ნელა მიმდინარეობს. სტრესი ხელს უწყობს კორტიზოლის ჭარბ გამოყოფას, რომელიც სხეულის უჯრედებთანაა დაკავშირებული. ასეთ დროს ორგანიზმს არასაკმარისი საკვების შეგრძნება უჩნდება და ცხიმების შეკავებით პასუხობს. მეტაბოლიზმის პროცესი მეტისმეტად ნელდება და ჭამის სურვილი ძლიერდება. ცხადია, ასეთ დროს წონაში დაკლება ნამდვილად გაგიჭირდებათ. მნიშვნელოვანია, რომ კი არ იშიმშილოთ, არამედ, სწორად იკვებოთ და ვარჯიშის თქვენთვის შესაფერისი პროგრამა შეარჩიოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





