კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00
კითხვა: ადრე არ მიჭირდა, მაგრამ 49 წლის ასაკში წონაში ვერა და ვერ ვიკლებ, დავტანჯე ორგანიზმი შიმშილითა და ათასგვარი დიეტებით, მაგრამ ამაოდ. იქნებ რაიმეს არასწორად ვაკეთებ, თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი: წონაში დასაკლებად ყველაზე მარტივ და ეფექტურ გზად ვარჯიში მიიჩნევა. ზოგადად, ფიზიკურ აქტივობას სერიოზული მომზადება სჭირდება, რადგან, პატარ-პატარა შეცდომების გამო წონას საერთოდ არ ვკარგავთ. წონაში რომ დაიკლოთ, ყოველდღე, დილის საათებში, 50 წუთი მაინც უნდა ივარჯიშოთ. აუცილებლად ისაუზმეთ. ეს ხელს შეუწყობს ორგანიზმს, რომ მთლიანად გაიღვიძოს. ამუშავეთ გონებაც. ვარჯიში აუცილებელია რეგულარულად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მიიღებთ. ნუ დაელოდებით სასწაულს პირველსავე კვირას, შედეგს ერთ ან ორ თვეში დაინახავთ. აქტიურ ვარჯიშამდე ცოტა ხანი ორგანიზმის გახურებას დაუთმეთ. დაკავდით იმ ვარჯიშებით, რომელიც თქვენთვის უფრო სასიამოვნო იქნება. დიეტებისგან განსხვავებით, ეს მეთოდი აბსოლუტურად ჯანსაღი და ორგანიზმისთვის სასარგებლოა. წონაშიც დაიკლებთ და სხეულიც ფორმაში ჩაგიდგებათ.
კითხვა: მეგობარმა სადღაც წაიკითხა, რომ დახეთქილი ტუჩის კანისთვის ეფექტურია ხაჭოს, არაჟნის, თაფლისა და ვაშლის ნიღბები. როგორ უნდა მოვამზადო და წავისვა?
პასუხი: ხაჭოს ნიღაბი – ნახევარ ჩაის კოვზ ცხიმიან ხაჭოს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ნაღები და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა ტუჩებზე შეიზილეთ და 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. შემდეგ კი ვაზელინის ან ჰიგიენური ბალზამის თხელი ფენა წაისვით. ნაღების მაგივრად, ხაჭოს შეგიძლიათ, შეურიოთ მცენარეული ზეთი, რძე, სტაფილოს, კიტრის ან ჭარხლის წვენი. ვაშლის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ გახეხილ მწვანე ვაშლს, შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი რბილი ნაღების კარაქი და მიღებული მასა წაისვით ტუჩებზე. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ, ტუჩებზე კი, ცოტა ვაზელინი შეიზილეთ. თაფლის ნიღაბი – 1 სადილის კოვზ თაფლს, შეურიეთ ორთქლის აბაზანაზე გამთბარი ნახევარი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და მიღებული მასა ტუჩებზე შეიზილეთ და დაიტოვეთ 15 წუთის განმავლობაში. არაჟნის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ არაჟანს დაუმატეთ 3 წვეთი ლიმონის წვენი და ამდენივე მცენარეული ზეთი. კარგად აურიეთ და სქლად წაისვით ტუჩებზე. გაიჩერეთ 15-20 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



