რჩევები

კითხვა-პასუხი

№24

ავტორი: ანი რევია 11:00 22.06

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: თუ არსებობს რაიმე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი, სახიდან შავი წერტილების გასაქრობად და მოსაშორებლად? და, ზოგადად, რა აჩენს მათ?

პასუხი: შავი წერტილები ჩნდება ცხიმის დამჟავების შედეგად, რომელიც ავსებს სახის კანის ფორებს. ჭუჭყი, მტვერი და უხარისხო კოსმეტიკა, ჰორმონალური დარღვევები და კანის არასწორი მოვლა ამწვავებს პრობლემას, რითაც აჩქარებს შავი წერტილების წარმოქმნის პროცესს. მათთან ბრძოლა და სახის კანის იდეალური მდგომარეობის შენარჩუნება მარტივადაა შესაძლებელი ხალხური მეთოდების გამოყენებით. დილაობით ხელ-პირი მხოლოდ გრილი წყლით დაიბანეთ. საღამოს კი, აუცილებლად ჩამოიწმინდეთ მთელი კოსმეტიკა მსუბუქი, უცხიმო ტონიკის დახმარებით. მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად და ფორების ცხიმისგან გასაწმენდად კვირაში ერთხელ გაიკეთეთ პილინგი: შვრიის ფანტელები და ყავის მარცვლები დაფქვით ყავის საფქვავით. მიღებულ ფხვნილს დაუმატეთ თბილი წყალი, მოურიეთ ერთგვაროვანი, სქელი მასის მიღებამდე. მომზადებული ნაზავი წაისვით შხაპის შემდეგ დაორთქლილ გაწმენდილ სახის კანზე და წრიული მოძრაობით შეიზილეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, ბოლოს კი, შეისხით ცივი წყალი. ასევე, კვირაში ორჯერ გაიკეთეთ ნიღბები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის C ვიტამინი. ის ფორებში დაგროვილ ცხიმს არ მისცემს დამჟავების საშუალებას, რაც იმას ნიშნავს, რომ შეამცირებს შავი წერტილების გავრცელების ინტენსივობას. კარგია ასეთი ნიღაბიც: კვერცხის გული შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის ან ფორთოხლის წვენს და დაუმატეთ 1 წვეთი სელის ზეთი. მიღებული მასა, წაისვით გაწმენდილ სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. და, კიდევ ერთი ეფექტური ნიღაბი: შეურიეთ ერთმანეთს თაფლი, ხაჭო და ფორთოხლის წვენი განსხვავებული პროპორციით და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი E ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი. გამოიყენეთ ისევე, როგორც წინა ნიღაბი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული