რჩევები

გამომშრალი, ხვეული თმისთვის მარტივად მოსამზადებელი დამატენიანებელი და დამარბილებელი ნიღბები დაგეხმარებათ

№7

ავტორი: ანი რევია 11:00 23.02, 2023 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ხვეული თმა სულ მოვლილი და მოწესრიგებული რომ გქონდეთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ მარტივი წესები, რაც დაგეხმარებათ, საკუთარი ვიზუალი კიდევ უფრო გამოკვეთოთ და გაალამაზოთ. კვირაში ერთხელ გამოიყენეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნიღბები, რომელთაც ადვილად მოამზადებთ სახლის პირობებში და თქვენი ხვეული თმა მეტ ეფექტურობას შეიძენს.

თმის დამარბილებელი ნიღაბი: შეათბეთ კეფირი და თმაზე სქელ ფენად შეიზილეთ. მოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი, ზემოდან – პირსახოცი და გაიჩერეთ, დაახლოებით, ნახევარი საათი. შემდეგ მოიხსენით პარკი და თმა შამპუნის გარეშე, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გამომშრალი თმის ნიღაბი: 5 ჩაის კოვზ ქაცვის ზეთში აურიეთ 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. წაისვით თმის ძირებსა და თავის კანზე, თავი პოლიეთილენის პარკითა და პირსახოცით შეიფუთეთ, დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში. შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ.

ბანანისა და მაიონეზის ნიღაბი: 1 ცალი ბანანი დაჭყლიტეთ, შეურიეთ 1 სადილის კოვზი მაიონეზი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე, შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით და 30 წუთის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

აბუსალათინის ზეთის, ძმრის, კვერცხისა და გლიცერინის ნიღაბი: 1 ჩაის კოვზი გლიცერინი, 2 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ძმარი და 1 კვერცხი ერთმანეთში კარგად აურიეთ და თმაში კარგად შეიზილეთ, შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით და 40 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ.

თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი: 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და 100 გრამი ნატურალური თაფლი ერთმანეთში კარგად აურიეთ და თმაში შეიზილეთ. თავი პოლიეთილენის პარკითა და თბილი პირსახოცით შეიფუთეთ. 1 საათი გაიჩერეთ და შემდეგ შამპუნის გარეშე, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გაითვალისწინეთ, რომ თმა აუცილებლად ხვეული თმისთვის განკუთვნილი შამპუნით უნდა დაიბანოთ. სასურველია, ის შეიცავდეს ჟოჟობას ზეთს, გამამელისს, ქოქოსის ზეთს, ღიღილოს ყვავილის ექსტრაქტს. ასევე, გამოიყენეთ მხოლოდ ხვეული თმისთვის რეკომენდებული ბალზამები და კონდენციონერები, რადგან ის შესანიშნავად არბილებს თმას, აიოლებს მის დავარცხნას და გაშრობის შემდეგ, უხეში და „გაპუწული“ კულულების ნაცვლად, იღებთ ბუნებრივად დახვეულ, რბილ და დამყოლ თმას.

ხვეული თმა ნელთბილი წყლით უნდა დაიბანოთ, რადგან ცხელი წყალი აშრობს თავის კანს, არღვევს თმის სტრუქტურას და შესაძლოა, ქერტლი, თმის გახუნება და მტვრევადობა გამოიწვიოს. დაბანის შემდეგ კი თმა პირსახოცით დიდხანს არ შეიფუთოთ და არც თმის საშრობი გამოიყენოთ. კარგია კულულა თმის ბუნებრივად გაშრობა. ხვეული თმა მხოლოდ დაბანის წინ დაივარცხნეთ. ამისთვის კი ფართოკბილებიანი და ანტისტატიკური სავარცხელი გამოიყენეთ.

კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ თავის კანის მასაჟი მცენარეული ზეთით. ამისთვის კარგია ქოქოსის, ზეითუნისა და აბუსალათინის ზეთები. ეს აუმჯობესებს თავის კანში სისხლის მიმოქცევასა და თმის ბოლქვების კვებას, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას, სირბილესა და ელასტიკურობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი