რჩევები

დაივიწყეთ გაყოფილი და აქერცლილი ფრჩხილების პრობლემა

№5

ავტორი: ანი რევია 11:00 10.02, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

დღეს შილაკის გელით ფრჩხილების დაფერვა ძალიან მოდურია, თან, ეს ერთგვარად აადვილებს საქმეს, რადგან ორი კვირის განმავლობაში ფრჩხილიდან ლაქი არ შორდება. თუმცა, ცოტამ თუ იცის, როგორ აზიანებს შილაკის გელი და ზოგადად, მანიკიური ფრჩხილებს.

ფრჩხილის ლაქის ხშირი გამოყენებისას ფრჩხილები ყვითლდება, მასზე ჩნდება შავი ზოლი, ხდება მტვრევადი და სუსტდება. თუ გსურთ, რომ ლაქის გამოყენების შემთხვევაშიც გქონდეთ ლამაზი და ჯანსაღი ფრჩხილები, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

👉 საკვები სოდა ათეთრებს და აძლიერებს ფრჩხილებს – ჩაასხით ჯამში თბილი წყალი, ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი სოდა და ჩაალბეთ ხელები. ეს აბაზანა, არა მარტო ფრჩხილებს, თქვენს კანსაც მოუხდება, მას ნაზსა და გლუვს გახდის. შეგიძლიათ, სოდა მცირეოდენ წყალში გახსნათ, ფრჩხილებზე შეიზილოთ და რამდენიმე წუთით დაიტოვოთ. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანოთ;

👉 იოდი გაყოფილი და მტვრევადი ფრჩხილების გამაგრებაში დაგეხმარებათ – ეცადეთ, თვეში ერთხელ დაასვენოთ ფრჩხილები. ნუ წაისვამთ ლაქს, ამის მაგივრად ღამით იოდის თხელი ფენა გადაისვით.

გაიმეორეთ თვეში ორჯერ და თქვენი ფრჩხილები სიმაგრესა და სიჯანსაღეს შეინარჩუნებს.

👉 სოდის, იოდისა და მარილის აბაზანა – ამ აბაზანის მიღების შემდეგ იდეალური ფრჩხილები გექნებათ. შეათბეთ წყალი, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი სოდა, 1 სადილის კოვზი მარილი და 5 წვეთი იოდი.

ჩაალბეთ ხელები 10-15 წუთის განმავლობაში. მალე ნახავთ, რომ ფრჩხილების შეფერილობა შეიცვლება და გათეთრდება, გაქრება სიყვითლე, ლაქები და შავი ზოლები. ამ ნივთიერებების დახმარებით, მუდმივად შეინარჩუნებთ ჯანსაღ და ლამაზ ფრჩხილებს.

გირჩევთ, მანიკურის გაკეთების წინ, აუცილებლად დაილბოთ თითები აბაზანაში, ან მანიკური გაიკეთეთ ჭურჭლის გარეცხვის ან შხაპის შემდეგ. არ გაიკეთოთ მანიკიური ჭუჭყიან ხელებსა და მშრალ კანზე – შესაძლოა, ნუნები აიქერცლოს და ანთება დაიწყოს. ყველა ინსტრუმენტი კარგად დაამუშავეთ სპირტით ან ანტისეპტიკური ხსნარით. მოამზადეთ თბილი წყალი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ზეთი და ლიმონის წვენი. კარგად მოიშორეთ ლაქი ლაქის მოსაცილებელი სითხით, რომელიც არ შეიცავს აცეტონს. ქლიბით მიეცით ფრჩხილს სასურველი ფორმა. ოღონდ, არ გამოიყენოთ ლითონის ქლიბი – მას შეუძლია ფრჩხილი დააზიანოს. უპირატესობა მიანიჭეთ წვრილმარცვლოვან ქლიბს მუყაოს ან პლასტიკის ფაქტურით. ამის შემდეგ გაიხეხეთ ფრჩხილები სპეციალური ორმხრივი სახეხი ქლიბით ან ნატის ნაჭრით. ჩაუშვით ხელები თბილ, დუშგელიან წყალში. ის კუტიკულას დაარბილებს. დარბილებული კუტიკულა ფრთხილად გადასწიეთ, შეეცადეთ, ფრჩხილს არ შეეხოთ. აუცილებლად გამოიყენეთ ლაქის ქვეშ წასასმელი დამცავი საშუალება. თუ ამ წესს უგულებელყოფთ, ლაქი შეაღწევს ფრჩხილის ფირფიტაში და შეიძლება პიგმენტაცია გამოიწვიოს.

არ შეანჯღრიოთ ლაქის ფლაკონი გამოყენების წინ – ეს გამოიწვევს ბუშტუკების გაჩენას, რაც ხელს შეუშლის ზედაპირზე ლაქის თანაბარ წასმას. ლაქი ფუნჯის სამი მოსმით წაისვით: ერთხელ – ცენტრში და ორჯერ – გვერდებზე. ისარგებლეთ გამამაგრებელი საშუალებით, რომ ლაქმა დიდხანს გაძლოს. კუტიკულაზე მოხვედრილი ლაქი ფრთხილად მოიშორეთ ლაქის მოსაშორებელ სითხეში დასველებული ბამბის ტამპონით.

გაითვალისწინეთ, რომ ზამთრის სიცივე და ვიტამინების ნაკლებობა ხელის კანსა და ფრჩხილებზეც აისახება. გირჩევთ აბაზანის რამდენიმე რეცეპტს ფრჩხილების გასამაგრებლად და სამკურნალოდ:

👉ერთი სადილის კოვზი ზღვის მარილი გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში. გააჩერეთ შიგ ხელები 10 წუთს. შემდეგ შეიმშრალეთ ხელსახოცით და წაისვით ნებისმიერი მკვებავი კრემი;

👉2 ჩაის კოვზ სუფრის მარილს დაუმატეთ 3-4 წვეთი იოდი, 1/3 ჭიქა ფორთოხლის წვენი და 1/3 ჭიქა თბილი წყალი. კარგად აურიეთ. ჩაუშვით თითები აბაზანაში ისე, რომ ფრჩხილები ხსნარმა დაფაროს. გააჩერეთ 5-10 წუთს. პროცედურის შემდეგ, ხელები გაიმშრალეთ და წაისვით ნებისმიერი კრემი;

👉 გლუვი და პრიალა ფრჩხილები რომ გქონდეთ, 1/3 ჭიქა ზეთი ოდნავ შეათბეთ წყლის აბაზანაში, დაუმატეთ მარილი, გულდასმით აურიეთ. გააჩერეთ შიგ თითები და 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და დაიტოვეთ 1-2 საათის განმავლობაში. შემდეგ კი ხელები თბილი წყლით დაიბანეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა