ზომბირება გეოპოლიტიკურად
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 11.08

ანუ სამკვდრო-სასიცოცხლო ჰიპნოზი
მართალია, არავინ გვაწვდის მართებულ ცნობებს, თუ რა ხდება რეალურად უკრაინის ფრონტის ხაზზე, თუმცა შიგადაშიგ გავრცელებული კადრები მოწმობს, რომ არც თუ სახარბიელო რამ, იძულებითი გაწვევის ჩათვლით, მაგრამ კიევში საპროტესტო აქციები (თან, ფრიად ხალხმრავალი) გამოიწვია ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის გაუქმებამ. ამის პარალელურად, ბრიუსელმაც არანაკლებ ენერგიულად დაუქნია თითი უკრაინის ხელისუფლებას, როგორ თუ შებღალეთ დემოკრატიის სიწმიდეებიო, ოღონდ, მოგვიანებით, უკრაინის მმართველმა პარტიამ („ხალხის მსახურმა”) „ვერხოვნა რადას“ სხდომაზე ისევ დაუბრუნა დამოუკიდებლად მოქმედების უფლებამოსილება უწყებებს, რომლებიც მანამდე გააუქმა.
ეს გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემდეგნაირად ახსნა: „უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფოა და კანონის უზენაესობა ბატონობს. იმიტომ, რომ ხალხმა მოითხოვა... იმიტომ, რომ ჩვენ ხალხს ვემსახურებით (ვითომ საზღვრების ჩაკეტვაც ხალხის მოთხოვნაა, თავის „ელ გე ბე ტე“ მარშებიანად?!). თუმცა, რაკი უკრაინელები მხოლოდ კორუფციას აპროტესტებენ, ყველაფერი ისე ხდება მათ თავს, როგორც თავად გადაწყვიტეს და აირჩიეს.
მეორე მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად 60 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებსაც გაიწვევენ. კერძოდ, შეზღუდვა მოიხსნა, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ მათი კი არა სახელმწიფოს მხრიდან მათი გაწვევის სურვილი იქნება გადამწყვეტი, მაგრამ ესეც, ცხადია, უკრაინელების არჩევანია, მიუხედავად იმისა, რომ გაუგებარია, რა გარდამტეხი წვლილი შეიძლება, შეიტანონ 60 წელს გადაცილებულმა და ბრძოლისთვის მოუმზადებელმა ადამიანებმა ომის მიმდინარეობისას (იმედია, არასრულწლოვნებსაც არ უკრავენ თავს ომში).
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზემოთქმული სრულად ასახავს პათოსს: „ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე“ და დავამატებთ, რომ არა უკრაინის პოლიტიკური ორიენტაციის, არამედ დასავლეთსა და რუსეთს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო გეოპოლიტიკური დაპირისპირების გამო, რთული ასახსნელია, რა მანქანებით მოხერხდა რამდენიმეათეულმილიონიანი ეთნოსის სუიციდისკენ დაჰიპნოზება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან