ზედმეტი ფიგურა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:50 12.01
ანუ სამიზნე
ვიდრე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდებოდა, ხოლო აშშ-ისა და რფ-ის პრეზიდენტები ტელეფონით ისაუბრებდნენ, რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვაუწყა, რომ 29 დეკემბრის ღამით უკრაინული დრონები თავს დაესხნენ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციას ქალაქ ნოვგოროდში.
თუმცა უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ამ დროს რფ-ის პერველკაცი რეზიდენციაში ან დაზიანდა თუ არა ვინმე ან რამე (რუსეთის დიპლომატიურ უწყებას და არც სხვა უწყებებს არ გაუვრცელებიათ შესაბამისი ვიდეოკადრები). რუსული მხარე ირწმუნება, რომ ამ შეტევას უპასუხოდ არ დატოვებს. თავის მხრივ კი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირწმუნება, რომ არავინ არავის არსად არ დასხმია, ბუნებრივია, თავს.
იმის გათვალისწინებით, რომ მუშავდება სამშვიდობო თუ არა ცეცხლის შეწყვეტის გეგმები და სწორედ ამ მიზნით ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან და ამავე მიზნით საუბრობენ ტელეფონით (ჩვეულებისამებრ, საკმაოდ ხანგრძლივად) ტრამპი და პუტინი, ლოგიკასა და გონივრულობასაა მოკლებული შეტევა რფ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაზე (რასაც უფრო საჩვენებელი ხასიათი ჰქონდა და პრესტიჟზე დარტყმას მიანიშნებდა, ისევე, როგორც დაუწერელი კანონების დაუმორჩილებლობაზე, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტის ლიკვიდაციის მიზანს), შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს შეტევა, სულაც, არ ყოფილყო შეთანხმებული ვოლოდიმირ ზელენსკისთან, პირიქით, უფრო მის წინააღმდეგ მიმართული ჩანს, ვიდრე ვლ. პუტინისადმი.
ამის მიუხედავადაც, ცხადია, რფ-ის შეიარაღებული ძალები უპასუხებს და შედეგად, დაზარალდებიან უკრაინელები და, უპირველესად, ვოლოდიმირ ზელენსკი (მოგეხსენებათ. ომის მიმდინარეობის მეოთხე წელსაც კი რფ-ის შეიარაღებულ ძალებს არასდროს მიუტანიათ იერიში უკრაინის პრეზიდენტის ადგილსამყოფელზე). აქედან გამომდინარე კი, იბადება ეჭვი, რომ ვიღაცას ზელენსკის მოშორება ისევ და ისევ რფ-ის ხელით სურს, იმიტომ რომ, გეოპოლიტიკის სამწუხარო კანონზომიერებით, შემსრულებლები ფინალისკენ არც აღარავის სჭირდება...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





