პოლიტიკა

ვისთვისაა ხელსაყრელი სამხრეთ კავკასიაში არეულობის მოწყობა და ვინ იზარალებს ასეთ შემთხვევაში

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 16.11, 2022 წელი

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

სამხრეთ კავკასიაში, იმას გარდა, რომ ვინმე არესტოვიჩი საქართველოსა და სომხეთის გათავისუფლებას გვპირდება, პროცესები მეტად დინამიკურად ვითარდება: სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები ჯერ მაკრონისა და მიშელის თანდასწრებით შეხვდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით კი – ვლადიმირ პუტინს ეახლნენ, რის შემდეგაც სომხეთის პრემიერი ირანს ეწვია. შესაბამისად, გამოკვეთილია სამხრეთ კავკასიაში დომინირების მსურველი ოთხი ძალა: დასავლეთი, რუსეთი, თურქეთი და ირანი. ამის გათვალისწინებით, ზაალ კასრელიშვილთან ერთად შევეცდებით მოდელირებას, ვისთვისაა ხელსაყრელი და წაგებიანი სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის გამოწვევა და ცეცხლის კერების დანთება.

– ვისთვის შეიძლება, იყოს მოგებიანი და წაგებიანი სამხრეთ კავკასიის აფეთქება?

– დავიწყოთ იმით, რომ ჩვენს მედიასივრცეში ამ კითხვის პასუხი არასწორადაა ინტერპრეტირებული. იმისთვის, რომ სურათი ნათელი გახდეს, პროცესის არსს უნდა ჩავწვდეთ. საქართველოს ისტორიული მისიაა ენერგომატარებლების გატარება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და პირიქით და ამ ენერგომატარებლებს მოჰყვება დანარჩენი ტვირთებიც: საავტომობილო, ავიაგადაზიდვები და ასე შემდეგ. განვითარდება ლოჯისტიკა და საქართველოს დაეკისრება ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ევრაზიულ დერეფანში. პირდაპირ ვთქვათ, რომ საქართველო გახდება ევრაზიის დერეფნის კურატორი, ანუ ზედამხედველი. და ეს ბევრად უფრო მეტია ფუნქციურად, მნიშვნელობითაც და შემოსავლებითაც, ვიდრე შუა საუკუნეებისდროინდელი აბრეშუმის გზა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ სწორედ ესაა ზოგადკავკასიური ერთიანობის იდეა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში გაცოცხლდა, დიახ, გაცოცხლდა, ვინაიდან, ფარსმან ქველიდან მოყოლებული, ქართველი მეფეები ხშირად იყვნენ სრულიად კავკასიის მეფეები. ხოლო ზოგადკავკასიური იდეის ეკონომიკური საფუძველი და არსი ისაა, რაც ახლა დაიგეგმა. ამას მიამატეთ ნავთობსადენი გროზნო-ფოთი, რომელიც ქართლის ტერიტორიაზე შეუერთდება უკვე არსებულ მილსადენს. მკითხველს მინდა, შევახსენო თავის დროზე ევროკავშირის შექმნის ეკონომიკური საფუძველი: ბუნებრივი რესურსების შეთანხმებით განკარგვის სურვილი. ასე რომ, ისტორიულადაც, ეკონომიკურადაც მისტიკურადაც და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, ეს იდეალური ვარიანტია.

– ახლა ჩამოვთვალოთ, ვისთვისაა ეს ხელსაყრელი და ვისთვის – არა.

– დიახ, ვისთვისაა ხელსაყრელი აღმოსავლური ენერგომატარებლების ტრანსპორტირება დასავლეთში და დასავლური ტვირთის ტრანსპორტირება აღმოსავლეთში. ეს ხელს აძლევს ყაზახეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს, ვლაპარაკობ კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებზე.

– თან ყაზახეთი წლის ბოლომდე ჩვენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 200 000 ტონა ნავთობს მიაწვდის ევროკავშირს.

– ეს მილსადენი ჯერჯერობით ერთი მესამედითაა დატვირთული და მალე სრულად დაიტვირთება, ასევე, უნდა ამოქმედდეს ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, ბოლომდე დაიტვირთოს სუფსა. თუმცა ამისთვის საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურა საკმარისი არ იქნება. დღეს ყველაზე დიდი შემოსავლები ბიზნესის ორ სახეობას აქვს: მომსახურებასა და კომუნიკაციას. ორივეა ჩვენს ტერიტორიაზე. თან, ნედლეული ჩვენი არ არის, მის მოპოვებასა და გადამუშავებაზე ჩვენ არ ვწვალობთ. ერთადერთი, რაც გვჭირდება, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაა და პირობას მივცემ ყველას, რომ ამით დაინტერესებული ქვეყნები არიან ევროპაშიც და არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დაიხევს უკან ამ პროექტებში ინვესტიციების დაბანდებაში. ეს მათი სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესია, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. მართალია, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს ნავთობი არ აქვთ, მაგრამ მთელი მენდელეევის ტაბულაა ამ ორ ქვეყანაში. დიახ, იმ ბუნებრივი სიმდიდრის საუკეთესო მომხმარებელი ჩინეთია, მაგრამ მდიდარი ევროპა – უფრო. ამდენად, მათი არაპირდაპირი ინტერესიცაა ამ პროექტების ამოქმედება. აგრეთვე, ეს პროექტები სასიცოცხლო ინტერესია აზერბაიჯანისა და თურქეთის. თან, თურქეთი ხდება ოპერატორი, თუმცა მას, მართალია, იმხელა დატვირთვა არ აქვს, როგორც საქართველოს.

– რატომ გვაქვს ჩვენ თურქეთზე მეტი დატვირთვა?

– ჩვენს ტერიტორიაზე თუ არ გაიარა, თურქეთამდე, ხომ, ვერ მივა?! თურქეთი ამ პროექტების მნიშვნელოვანი მოთამაშეა, უბრალოდ, ის ოპერატორია და მისი ფუნქციაა აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ლოგისტიკურად სწორად მოწყობილი სისტემით ოპერატიულად მიწოდებული პროდუქცია გაყიდოს. ევროპელებისთვის იმიტომაცაა უმნიშვნელოვანესი ეს პროექტები, რომ, რუსეთთან ურთიერთობა რომც დალაგდეს და „ჩრდილოეთის ნაკადიც“ აღდგეს, ევროპელებს ალტერნატივა მაინც სჭირდებათ. ეს მარშრუტი სჭირდება ირანსაც, სადაც დღეს არეულობა და გაურკვევლობაა, მაგრამ, საბედნიეროდ, ირანში და მის გარეთაც არიან საღად მოაზროვნე ირანელები, რომლებიც ფიქრობენ, დასავლეთთან ისე დაალაგონ ურთიერთობა, რომ სანქციები მოეხსნათ და, თუ სანქციები მოეხსნებათ, ირანის ნავთობიც და გაზიც გამოივლის საქართველოზე, ოღონდ შეიძლება, არა აზერბაიჯანის, არამედ სომხეთის გავლით. ძალიან გვეეჭვება, თუმცა არის ასეთი მოსაზრება, რომ ირანმა აზერბაიჯანზე გაატაროს თავისი ენერგორესურსები. არ მინდა, მკითხველი დავძაბო, მაგრამ ჩვენ არ გამოვრიცხავთ ახლო მომავალში ირანის თურქეთთან და აზერბაიჯანთან დაპირისპირებას.

–სავარაუდოდ, სომხეთის საზღვრის ახლანდელი სახით შენარჩუნებისთვისაც იმიტომ აკეთებს მწვავე განცხადებებს, რომ, გარდა სხვა მიზეზებისა, ენერგომატარებლების გატარებას სომხეთით ფიქრობს.

– გეთანხმებით. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ ვისთვის არაა ეს პროექტები ხელსაყრელი ევროპაში, მაგალითად, საფრანგეთისთვის და შეიძლება, კიდევ რომელიმე ევროპული ქვეყნითვის არ არის ხელსაყრელი, რომ თურქეთი ხდება ოპერატორი. ევროპის რამდენიმე ქვეყანას არ უნდა, რომ დამოკიდებული იყოს თურქეთის ოპერატორობასა თუ ოპერატიულობაზე. ამდენად, ისინი ამ მარშრუტით მიიღებენ ნავთობსა და გაზს, მაგრამ იმასაც ეცდებიან, რომ თურქეთის გარდა სხვა ალტერნატივაც ჰქონდეთ. როგორ მოახერხებენ ამას, ეს არ ვიცით და ვერც გავთვლით. და აი, ახლა მივედით მთავართან – რუსეთთან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება რუსეთის გვერდის ავლით. რუსეთს ყარაბაღის დაკარგვის შემდეგ შეერყა პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, მით უფრო, რომ საბჭოეთის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში ისედაც გამოუჩნდა სერიოზული ალტერნატივა თურქეთის სახით. ამიტომ რუსეთი ცდილობს, იახლობლოს თურქეთთან, მაგრამ ამ ურთიერთობაში მოგებული მაინც თურქეთია. თურქეთი რუსეთთანაც კარგად არის, უკრაინასთანაც; რუსსაც ეხმარება და ფულს იგებს და უკრაინასაც ეხმარება და ფულს იგებს, რაც მთავარია, არც ერთი მტრად არ მოიაზრებს თურქეთს. ამის პარალელურად, კავკასიაში აზერბაიჯანი უკვე გადაიბირა, ქართველებს კი მოწიწებით ეპყრობა და ქართველებს ეს ამბავი ხიბლავს: წილობრივ მონაწილეობაში თურქეთი არასდროს დააკნინებს და დაამცირებს საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს ფასი იცის, რაც რუსეთმა დღემდე ვერ გაიგო.

–მეც მეუცნაურება, თუმცა არ ვიცი, გულში რას ფიქრობენ, თურქეთი მიხვდა ქართველებთან ურთიერთობის ტაქტიკას, რასაც რუსეთი ვერაფროთ მიხვდა ამდენი საუკუნეა.

– გეთანხმებით და ახლა რომ სჭირდება რუსეთს საქართველო, არასდროს დასჭირვებია ასე. საქართველოში პროდასავლურებმა თქვეს, ეს მარშრუტი კარგი იქნება, მაგრამ ქოქოლა აყარეს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ამ მარშრუტის უსაფრთხოებისთვის არ იბრძვის „ნატოსა“ და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. პრორუსულებმა თქვეს, რუსეთი არ დათმობს კავკასიას, აურევს აქ სიტუაციას, ამიტომ შემოვუშვათო, ვინაიდან იმედი აქვთ, რომ ამ შემთხვევაში მათ თანამდებობებზე დანიშნავს. სულ ესაა ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მეტაფიზიკა. რა თქმა უნდა, რუსეთს არ ხიბლავს სამხრეთ კავკასიაში ამ ენერგომატარებლების დერეფნის გამსხვილება, მაგრამ მას დღეს, უკრაინასთან ომის გამო, არ შეუძლია, დაუპირისპირდეს თურქეთსა და შუა აზიის ქვეყნებს. ფაქტობრივად, რუსეთი ყველას დაუპირისპირდება, რომ ამ მარშრუტის შესაჩერებლად აქ ვითარება არიოს: უზბეკეთს, ყაზახეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და ამას დაამატეთ ისედაც გადაკიდებული მთელი ევროპა. ამ საფრთხეებს დაემატა ისიც, რომ რუსეთს ხორბლის გამო ერდოღანთან დაეძაბა ურთიერთობა. როგორც ჩანს, ერდოღანი თავისი სამხედრო პოტენციალით დაიცავს უკრაინული ხორბლის გამოტანის უსაფრთხოებას და შეიძლება, რუსეთი თამაშგარე დატოვონ. კავკასიაში რუსეთისთვის ერთადერთი შანსი სტალინური ავტონომიებია და ყველას რომ არ დაეჯახოს, კონკრეტულად აზერბაიჯანს აჩვენა თავისი ძალა: მიუხედავად იმისა, რომ დავთმე პოზიციები, ისევ მე ვაკონტროლებ სიტუაციას, ანუ სტეპანაკერტში მრავალათასიანი მიტინგი მოაწყობინა და რუსეთის შემოსვლა მოითხოვეს. მაგრამ ეს იმისთვის არ გაუკეთებია, რომ სამხედრო მოქმედების დაწყებას აპირებს, ეს არის ჩვეულებრივი ვაჭრობა. უკრაინაში ხორბლით დატვირთული გემების გამოსვლას რომ ხელს უშლის, ესეც ჩვეულებრივი ვაჭრობაა. უფრო მეტი წილი უნდა, ვიდრე იქიდან ერგება.

– აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებსაც იმიტომ შეხვდა, უჩემოდ ვერაფერსაც ვერ მოაგვარებთო?

– დიახ, დაიბარა ორივე და ორივეს სატელევიზიო პიარისთვის შოუ დაუდგა. აზერბაიჯანმა ძალიან ტაქტიანად 5 პუნქტი წარუდგინა, თუმცა, ახლა რუსეთს არც ეს 5 პუნქტი აინტერესებს და არც სომხების უკმაყოფილება იმის გამო, რომ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ არ დაეხმარნენ, ეს მოსკოვური პოლიტიკური ვოიაჟები ემსახურებოდა შემდეგს: ამით ყველა ქვეყანას, რომელმაც უნდა გაყიდოს ენერგომატარებლები; ყველა ქვეყანას, რომელმაც უნდა გაატაროს ენერგომატარებლები და ყველა ქვეყანას, რომლებმაც უნდა იყიდონ ეს ენერგომატარებლები, პუტინმა უთხრა, მე წილი მინდა! ასე რომ, ჩვენი აზრით, არც ჩვენებური პრორუსულების პოზიციაა მართალი, არც პროდასავლურების. სწორი შეფასება ასეთია: რუსეთი ომობს, რუსეთს არ შეუძლია, ამ ომის გარდა კიდევ რომელიმე რეგიონში აწარმოოს ომი და, მით უმეტეს, კავკასიაში და, მით უმეტეს, თურქეთის ინტერესების წინააღმდეგ და მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც პროდუქტის გამყიდველიცა და მყიდველიც სასიცოცხლოდაა დაინტერესებული ამ რეგიონში სტაბილურობით. რუსეთი ომს არ დაიწყებს და არც მეხუთე კოლონას აამოქმედებს. ყარაბაღშიც ხალხი იმიტომ ააჯანყა, რომ ამით ყველას უთხრა, მე კიდევ დამრჩა ბერკეტი, კიდევ დამრჩა შანსი იმისა, რომ თქვენ პრობლემები შეგიქმნათ და, თუ თქვენ პრობლემები არ გინდათ, აი, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ველაპარაკები. მართალია, ეს შეხვედრა სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვით შეიფუთა, მაგრამ, დარწმუნებულები ვართ, კულისებში ლაპარაკი იყო წილებზე და რუსეთს ურჩევნია, ერთ აზერბაიჯანს დაელაპარაკოს და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი დანარჩენი ქვეყნების პრეზიდენტებთან თავად მოაგვარებს საქმეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი