პოლიტიკა

ვისგან ელოდება მითითებებს სალომე ზურაბიშვილი და რა შემთხვევაში შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 03.04

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

საქართველოს პრეზიდენტი ფრიად უცნაურ მოქმედებებს სჩადის, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სალომე ზურაბიშვილი ვიღაცას თავს აწონებს, პოლიტიკით, რომ არ ემორჩილება საქართველოს კონსტიტუციას, ანუ საგარეო ასპარეზზე თავის თამაშს თამაშობს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ვფიქრობ, დიდად არ შეესაბამება. მეორე მხრივ, ისიც საეჭვოა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ასე აშკარად ემსახურებოდეს სხვის ინტერესებს და ეს ასე აშკარად იკითხებოდეს, – ამ საკითხზე ზაალ კასრელიშვილთან ერთად ვიმსჯელებთ.

– ხანდახან, ვეჭვობ, რომ სულ სხვა კონტექსტი აქვს ასეთ ვითომ აშკარა დაპირისპირებას ხელისუფლებასთან. რა დავალებები შეიძლება, ჰქონდეს ქალბატონ სალომეს, რომელიც ღარიბი ნათესავივით ზის ხოლმე დასავლურ ფორუმებზე და უხერხულად იღიმება?

– სანამ ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ, მოკლედ მიმოვიხილოთ მისი ბიოგრაფია: ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტიურობის დროს, 1987 წლიდან, მერაბ კოსტავას გათავისუფლებიდან, 1991 წლის მარტის არჩევნებამდე და რეფერენდუმამდე მას არ ვიცნობდით. ჩვენ არ ვიცოდით მისი აქტიურობის შესახებ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში და არც ის ვიცოდით, მანამდე რას მოღვაწეობდა ქართველი ერისა და საქართველოს სასარგებლოდ. 1991 წლის 31 მარტის შემდეგ ის ასპარეზზე გამოჩნდა საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის, ოსებისა და აფხაზების, მიერ არჩეული ეროვნული მთავრობის ლანძღვა-გინებით. შემდეგ ეს ქალბატონი სამხედრო გადატრიალების ერთ-ერთი იდეური მხარდამჭერი იყო და მან აქტიურად გააგრძელა სამხედრო გადატრიალების მომწყობების ქება-დიდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის ეს ადამიანი. ჩვენ ყველანი ვაღიარებთ, რომ ღირსეული წინაპრების შთამომავალია, მაგრამ მისი ქართული საქმეები და მისი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის სასარგებლო საქმანობა არც გვინახავს, არც წაგვიკითხავს და არც წინ დაგვხვედრია. ამის შემდეგ ეს ქალბატონი, თავისი კავშირების მეშვეობით, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა და პირველი, რაც გააკეთა, პირადად ჩემ მიერ საქართველოს ერთ–ერთ ტელევიზიაში ნათქვამი ინიციატივა აიტაცა – ის ეხებოდა სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც, რუსეთის ჯარს უნდა დაეტოვებინა საქართველო, მაგრამ, ჩვენი აზრით, ეტაპობრივად უნდა გასულიყვნენ; სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ბაზები კი არ გაენადგურებინათ, არამედ, ხელშეკრულების საფუძველზე, გადმოეცათ ჩვენთვის, რისი წაღებაც არ უნდოდათ. ამის შემდეგ ის რაღაც უთანხმოების გამო გაუშვეს მთავრობიდან და ამ ქალბატონმა ოპოზიციონერობა დაიწყო. ყვარყვარე თუთაბერივით, გაქცეულ ჯარს სათავეში ჩაუდგა – ვგულისხმობ, ულიდეროდ დარჩენილ ხალხს, რომლებიც საპროტესტო აქციებზე გამოდიოდა და რამდენიმე ლიდერი მათ მიშასთან პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებდა. დანარჩენი ყველამ ყველაფერი იცის. ვიმეორებ, ამ პროცესში, როდესაც ხან საერთოდ არ ჩანდა, ხან ოპოზიციონერი იყო და ხან სად იყო, არავინ იცოდა, მისი პოლიტიკური აქტივობა ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ ჩვენ არ გვინახავს. შემდეგ უცბად ის პრეზიდენტობის კანდიდატი ხდება. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ისიც გაუგებარი იყო, მისი წინამორბედი რა ნიშნით აარჩიეს პრეზიდენტობის კანდიდატად. იმიტომ რომ პრეზიდენტი არის ქვეყნის სახე და სავიზიტო ბარათი და ის განსაკუთრებული წარსულის, უნარ-ჩვევებისა და შეხედულებების მქონე პიროვნება უნდა იყოს. მოკლედ, ეს ქალბატონი პრეზიდენტი გახდა.

– ანუ მისი დამსახურება ყოველთვის იყო ის, რომ ჰყავს ღირსეული წინაპრები და მეტი არაფერი. ამით სპეკულირებდასავით თითქოს.

– დიახ, მაგრამ ნიკო ნიკოლაძის მეასედი არ აქვს გაკეთებული. სპეკულირებდასავით კი არა, ამით ვაჭრობდა. როდესაც ღირსეული წინაპრების შთამომავალი ხარ და ამით ხარ პოპულარული, უკვე წინ ხარ ვიღაცაზე, თუნდაც, ერთი ნაბიჯით და მეტი მოგეთხოვება. ვიმეორებ, ქვეყნის მთავარსარდალია, სახეა ქვეყნის და როგორც მის წინამორბედს, ისე მას უამრავი კარგი საქმის გაკეთება შეეძლო, თუ ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ უნდოდათ, ეღვაწათ. მაგრამ ორივემ სტატუსი გამოიყენა ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან სავაჭროდ. რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ კითხვას: ეს მოსაზრება შეთანხმებული მაქვს ჩემს თანამოაზრეებთან. პირადად მე უცხოურ პრესას ინტერვიუ მივეცი და იმავეს გავიმეორებ თქვენი ჟურნალისთვის: ჩვენ ამ ქალის საქმიანობას განვიხილავთ ორი მიმართულებით. ერთი მიმართულებაა, რომ ეს ქალბატონი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების უფლებას იყენებს სათავისო კოზირად და დასავლეთიდან ელოდება თხოვნას, დავალებას და იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნოდ, გამოკითხვებითა და კვლევებით დადგინდება, რომ ოპოზიცია სამარცხვინოდ მარცხდება, ის გამოუშვებს მიხეილ სააკაშვილს.

– იმას ამბობთ, რომ დასავლეთიდან ელოდება ასეთ დირექტივას და დასავლეთს ჯერ არ აქვს ასეთი დირექტივა?

– ჯერ არ აქვს დირექტივა, თორემ გარწმუნებთ, გამოუშვებდა. ოღონდ ჯერ კიდევ საკითხავია, დასავლეთისგან მიიღებს დირექტივას თუ რუსისგან. გააჩნია, რომლისთვისაა ხელსაყრელი აქ არეულობა. ასე მარტივად არაა საქმე, რომ კონკრეტულად დასავლეთისაა. ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ ამ ქალმა თავის დროზე ძალიან წარმატებულად ითანამშრომლა ლავროვთან.

– დიახ და ძალიან უცნაურია მის მიერ ხაზგასმა, რომ რუსული ვერა და ვერ ისწავლა. რუსული ენა თუ იცი, ესე იგი, პროევროპელი ვერ იქნები?

– შესანიშნავად ლაპარაკობდნენ რუსულად ილია ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ნიკო ნიკოლაძე... მითითება ან დავალება უკვე რომ ჰქონდეს, გარწმუნებთ, საბჭოთა არმიის სერჟანტივით ბეჯითად შეასრულებდა ამ დავალებას. მისი მეორე მიმართულებაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების უფლებას. ეს ქალბატონი თვლის, რომ ეს კოზირია მის ხელში საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მას ექნება სურვილი, მეორედ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე და ამ უფლებას გამოიყენებს სავაჭროდ როგორც სახელისუფლებო გუნდთან, თუ მხარს არ დამიჭერთ ან ხელს შემიშლით, ქვეყანაში შევქმნი არეულობისა და დაძაბულობის ფონს, ხოლო მე პირადად გადავბარგდები ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერადო, ისე პროდასავლურ ოპოზიციასთან, რომელსაც ახლავე ეფერება და მწყემსივით უნდა, რომ თავი მოუყაროს თავის გარშემო. შესაბამისად, ის დასავლეთთან სავაჭროდაც ენდომება სერიოზული მხარდაჭერის სანაცვლოდ, რომ მეორედ აირჩიონ. ვფიქრობთ, ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ჯოკერი, რაკი, თავისი ჭკუით, უჭირავს, მეორე ჯოკერის ხელში დაჭერაც უნდა, რომ პროდასავლელი ქართველებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების ღერძი და ლიდერი გახდეს. რა თქმა უნდა, იმდენი ჭკუა ნამდვილად აქვს, რომ სააკაშვილსა და სხვა ოპოზიციურ ლიდერებზე წინ არ დააყენოს თავისი თავი, მაგრამ უმუშევრობასა და მარტოობაში გატარებულ მოხუცებულობას პოლიტიკური აქტივობა ურჩევნია, თუნდაც, ოპოზიციურ სპექტრში და, თუნდაც, პირველ ხუთეულში.

– საფრანგეთის სახელმწიფოს პენსია აქვს, შვილები ჰყავს, შვილიშვილიც, რატომ მარტოობა და უმუშევრობა?

– ეგოცენტრული ადამიანია. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. მას ბავშვობიდან ჰქონდა ეს ამბიცია, იმიტომ რომ ღირსეული წინაპრების შთამომავალი იყო, მაგრამ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები იმდენად შეზღუდულია, რომ ვერ ხვდება, როდესაც ღირსეული წინაპრების შთამომავალი ხარ, აუცილებლად შენც უნდა გქონდეს დამსახურება. ჩემი პრინციპია, რომ მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს არ ვერჩი, მაგრამ ამ ქალბატონის მოქმედებები რაღაც ასაკობრივ მარაზმს ჰგავს. ნიკო ნიკოლაძისა და, თუნდაც, ზურაბიშვილების შთამომავალი ასე აშკარად და სასაცილოდ არ უნდა იქცეოდეს. დასავლეთში ჩემმა კოლეგებმა მკითხეს, როგორ ფიქრობს, საქართველოში ხალხი ვერ ხვდება, რას აკეთებსო. ჩემდა სამწუხაროდ, მე ჩემს კოლეგებს ვუთხარი, რომ საქართველოში ბევრი ვერ ხვდება, რას აკეთებს არა მარტო ეს ქალბატონი, არამედ სხვებიც. იმდენად არაადეკვატურად იქცევიან სხვა პოლიტიკოსებიც, რომ საქართველოს მოსახლეობა დაიბნა. ნიჰილიზმის საფეხური უკვე გაიარა მოსახლეობის პოლიტიკისადმი დამოკიდებულებამ და ახლა აპათია აქვთ.

– ანუ ის ვარიანტი, რომ ვიღაცის დავალებას ასრულებს, გამოირიცხა?

– ვიღაცის დავალებას ელოდება და ამისთვის მზაობას თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებითა და თავისი პოლიტიკური ვოიაჟებით აჩვენებს. ქვეტექსტი ასეთია: დადეთ, რა, ჩემზე ფსონი?!

– ვინც ამ პოსტზე შეარჩია, მან იცოდა, რომ ასე მოიქცეოდა, თუ ვერ გათვალა?

– ვინც ამ პოსტზე შეარჩია მარგველაშვილი, იცოდა, რომ ისე მოიქცეოდა?! ჩვენი პასუხია, ალბათ, არა, მაგრამ, მამაცხონებულო, როცა გთხოვენ, ანგარიშს უწევ ვიღაცას და რაღაცას და არჩევ კანდიდატურას, ბიოგრაფიას მაინც გადახედე?! რა უკეთებია მანამდე. პოლიტიკას თავი დავანებოთ, რა ხარისხის პროფესიონალია თავის საქმეში და რა სიმაღლეები აქვს აღებული?! საქმეც ისაა, რომ მიუხედავად მისი შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და მწირი განათლებისა, იმდენს ნამდვილად ხვდება, რომ საქართველოში ეს ვაჭრობა არ გამოუვა. იმიტომ რომ არც ერთი მხარისთვის არც ძალაა, არც სახე და არც ავტორიტეტი. რაც შეეხება დასავლეთს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ისეთი პოლიტიკური სახეები გამოჩნდნენ მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე, რომ ვიმეორებ, სერიოზული ხალხი მათზე სერიოზულ ფსონს არ დადებს, მაგრამ რაღაც კორპორაციული ინტერესები შეიძლება, იყოს. ოღონდ მათი გადაწყვეტილება, სურვილები, დავალებები და მოთხოვნები უნდა ემთხვეოდეს ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებასა და რეიტინგებს. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, სერიოზული ხალხი ურეიტინგო ადამიანზე საქართველოში ფსონს აღარ დადებს, მაგრამ ხაზი მინდა, გავუსვა: დასავლეთი სთხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, რუსეთი თუ ორივე, არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული