„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან...“
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 12.07, 2021 წელი

ანუ არარატიდან „ვეფხისტყაოსნამდე“
დიდი ეჭვი მაქვს, ჩრდილოეთური სპეცსამსახურების მეცადინეობით (თუმცა თავად ფაქტს ეს ვერ ცვლის) ქართულ სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებზეც ასახულია, თუ რაოდენ ამაღელვებელი პათოსით კითხულობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი თურქეთის პრეზიდენტი ბ-ნი ერდოღანი ლექსს, არც მეტი, არც ნაკლები, მესხეთზე, ოღონდ, როგორც დაკარგულ კერიაზე, რომელიც ელის, რომ იქ ცეცხლი კვლავ აგიზგიზდეს.
მას არანაკლებ ემოციურად და შთაგონებული სახეებით უსმენდნენ დარბაზში მსხდომი თურქეთის მოქალაქეები და ბოლოს ისეთი მქუხარე ტაშიც დასცხეს, ლამის მეც კი კურცხლები გადმომცვივდა თვალებიდან – როგორ მონატრებიათ მესხეთი-მეთქი.
მაგრამ ეს ამ ამბის მხოლოდ ერთი მხარეა, რადგან ვიცით, „ვწერ მესხი ვინმე მელექსეო“ (მგონი, ჯერჯერობით გადარჩენილები ვართ, ბ-ნ რეჯებს „ვეფხისტყაოსანი“ არ წაუკითხავს, თუმცა ეგ მაინც დროის ამბავია, თუ საქმე საქმეზე მოდგა), გამოდის, რომ, თუ მესხეთი „მშობლიური მიწაა“, შოთა რუსთველიც სულ მცირე, რომელიღაც თურქმანული ტომის მოდგმისაა, შესაბამისად, (თვალებზე კურცხლებმომდგარი) ახლა იმაზე ვდარდობ, სომხეთი და თურქეთი, არარატის მთის პარალელურად, აწ უკვე „ვეფხისტყაოსანს“ როგორღა გაიყოფენ?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან