საზოგადოება

ვანო იანტბელიძე: იმდენჯერ გადავურჩი უბედურებებს, ალბათ, ბედისწერა არსებობს

ავტორი: ეთო ხურციძე 14:27 12.11, 2020 წელი

მსახიობი ვანო იანტბელიძე
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ვანო იანტბელიძესთან👇

სახელი: ვანო.
გვარი: იანტბელიძე.
პროფესია: მსახიობი.
– ბავშვობა...
– არაჩვეულებრვი ბავშვობა მქონდა. სოფელ სუნისიდან ვარ წარმოშობით, რომელიც თიღვასა და ატოცს შორის მდებარეობს. ახლა ჩემს სახლში რუსების შტაბია... დავიბადე და გავიზარდე იმერეთში, სამტრედიაში. მთელ ზაფხულს სოფელში ვატარებდი ხოლმე და ეს მახსოვს, როგორც ზღაპარი.
– მშობლების როლი...
– უზარმაზარი, როგორც ყველას ცხოვრებაში. საოცარი მშობლები მყავდა: კეთილები, გულწრფელები, ნამდვილები. ყველას უყვარდა და ჩვენც ვამაყობდით – დღემდე მათი სულის ხსენება გვაქვს. მამა თამადა იყო ხოლმე და ხშირად ექცეოდა ყურადღების ცენტრში, ყველას დიდი პატივისცემა ჰქონდა მის მიმართ.
– პროფესიული ჩვევა...
– თეატრალურში 1971 წელს ჩავაბარე და 1972-ში უკვე უკრაინაში ვიყავი გადაღებებზე, მერე იყო: გერმანია, ინგლისი და ბევრი ქვეყანა. ამ პერიოდიდან მოყოლებული საოცარი პასუხსიმგებლობა ჩამომიყალიბდა და ყოველთვის დიდი სერიოზულობით ვეკიდები ჩემს საქმეს. თან, მარტო შესრულებაზე არ ვმუშაობ ხოლმე, რეჟისორის თანაშემოქმედიც ვარ – ესაა ჩემი ჩვევა.
– ჩემი მეტსახელი...
– რაც თეატრში ვარ, როლებიდან გამომდინარე მეძახიან – „ალალეს“ ან „მეფე ერეკლეს“.
– ადამიანში ვაფასებ...
– პატიოსნებასა და ერთგულებას. გენიალური სიტყვები დაგვიტოვა ჩვენმა წინაპარმა: უთქმელი სიტყვის პატრონი და მბრძანებელი ვარ, ხოლო ნათქვამის – სიკვდილამდე მონა-მორჩილიო. არავინ გვაძალებს, ერთმანეთს რაღაცები დავპირდეთ და მოვატყუოთ. შენი სიტყვის ბატონ-ბატრონი უნდა იყო – ღირსებაც ამაში დევს. არ მწამს იმ კაცის, რომელსაც სიტყვის პატივისცემა და ღირსება არ აქვს.
– წარმატებული ადამიანი არის...
– წარმატებული შეიძლება, იყო პროფესიაში, მაგრამ წარმატებული ადამიანი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტული საქმის კეთება. წარმატებულია ის, ვისაც საქმესთან ერთად შეუძლია ურთიერთობა, ღვთისმოწყალება, შინაგანი მეს ტარება, სიყვარულისა და სითბოს გამოხატვა, საკუთარი თავის დათრგუნვა... წარმატება ჩემთვის მარტო „ნობელის პრემიის“ აღება არაა, რადგან საზოგადოებაში წარმატების მიღწევა გაცილებით რთულია – ისეთი შინაგანი ღირებულებების მატარებელი უნდა იყო, რომელთა მიხედვითაც სხვა დაგაფასებს. მინახავს გლეხი, რომელიც ვენახში მუშაობდა, მაგრამ იმხელა შინაგანი კულტურა და განათლება ჰქონია, გაოცებული დავრჩენილვარ. ასეთ ადამიანებს ვაფასებ.
– მწამს...
– უფლის. მჯერა, რომ ღმერთი ყველაფერშია გარეული და ყველაფერს ხედავს. ხანდახან ადამიანი არასწორ საქციელს რომ ჩაიდენს შენ მიმართ, მაგრამ საკუთარ თავს არ აკადრებ, პასუხი აგებინო და გულში გაიფიქრებ: ღმერთი ხედავს, მან უკეთ იცისო – აი, ეს არის რწმენა, თითქოს უფალთან შეთანხმება გაქვს დადებული – ენდობი. როცა უფალთან ხარ ახლოს, ცხოვრებაში ნაკლები პრობლემა გხვდება და უფრო დიდხანს ცოცხლობ. მე ამის მწამს.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ღმერთი ყველა ჩვენგანშია და ის ისეთია, როგორსაც თავად დაინახავ. უფალი სიკეთე და სიყვარულია, ოღონდ არა ვიღაცის „დასანახი სიყვარული“, თუმცა „დასანახი სიყვარულიც“ კარგია – იქნებ, სხვასაც გაუჩნდეს მისი შეგრძნების სურვილი. რამდენ რამეს გადავურჩით ადამიანები, რამდენჯერ უნდა წავსულიყავით ამ ქვეყნიდან, მაგრამ ცოცხლები ვართ, ესე იგი, ეს უფლის წყალობით ხდება.
– ცოდვა არის...
– შეგნებული და შეუგნებელიც. შეიძლება, შეუგნებლად ისეთ ცოდვას ჩადიოდე, ვერც ხვდებოდე. ყველა ადამიანი ცოდვილია, მაგრამ უნდა შევეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ვინმეს გული არ ვატკინოთ. უფლის მოშიშები უნდა ვიყოთ. როცა ადამიანს არ ეშინია, რომ მისი ცუდი საკუთარ შთამომავლობას დაუბრუნდება, მაშინ აღვირახსნილი ხდება და ბევრს ავნებს.
– ვრისკავ...
– ხანდახან. გამიკვირდება ხოლმე, ისეთ რამეს ჩავიდენ, ეს რამ გამაკეთებინა-მეთქი ვიტყვი, ხან კიდევ, ისეთ რამეზე ვიტყვი უარს – ამის მიკვირს.
– მაკვირვებს...
– ის, რომ ადამიანებს არ აქვთ სურვილი, სხვის გულში ჩაიხედონ. მაკვირვებს ერთმანეთის გაუტანლობა, მარტო საკუთარ თავზე ფიქრი, უგულობა, თვალხილული საქმის დაუნახაობა...
– ვერიდები...
– როცა ჩემ ირგვლივ ბევრი ადამიანია და ამ დროს ვიღაც ქებას მიწყებს. ეს შინაგანად მსიამოვნებს, მაგრამ საოცარ უხერხულობას მიქმნის. ადამიანი ვარ და
ყველანაირად ვერიდები, ისე არ წამიცდეს ფეხი, უღირსი საქციელი ჩავიდინო როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვის თვალში. მთელი ჩემი ცხოვრებაა ქუჩაში ისე დავდივარ, მინდა, ვიღაცისთვის კარგი მაგალითი ვიყო – სიგარეტს არ გადავაგდებ, არ გადავაფურთხებ, არ დავანაგვიანებ... როცა აღარ ვიქნები, ალბათ, ვინმე იტყვის: ეს კაცი, აი, ასე სამაგალითოდ ცხოვრობდაო...
– ბედისწერა...
– იმდენჯერ გადავურჩი უბედურებებს, ალბათ, არსებობს. ავარიაში მოვყოლილვარ: თვითმფრინავში, მატარებელში, მანქანებში; ომში, ჩხუბში, სად აღარ ვყოფილვარ, მაგრამ ცოცხალი ვარ. ბევრჯერ მიფიქრია, ალბათ, ბედისწერამ გადამარჩინა და უნდა მეცოცხლა-მეთქი.
– სიყვარული...
– ყველაფერია: ტკივილი, გულისტკენა, აღტაცება, ბედნიერება, სიმართლე, ოჯახი... სიყვარული შედგება პატარ-პატარა ნიუანსებისგან. მიყვარს ადამიანები და დიდ პატივს ვცემ მათ. როგორც ბუნებაშია ყველაფერი რთულად, ასევეა სიყვარულშიც. დღემდე ამ გრძნობით მოვედი და ალბათ, იქაც სიყვარულით წავალ.
– სიყვარულის ფორმულა...
– სიყვარული გადამდებია და მას თავისი ფორმულა აქვს, სწორედ, ამ ფორმულაში უნდა ეწეროს ყველაფერი, რათა გრძნობა არ გაუბრალოვდეს, არ გაუფერულდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჭეშმარიტ სიყვარულზე ვსაუბრობთ, ხოლო ორის ინტიმი ძალიან ინდივიდუალურია. ინტიმი შენი პირადი სივრცეა და მასში თავისუფალი ხარ, როგორც გინდა, ისე იქცევი.
– ვეჭვიანობ...
– აღარ. ახალგაზრდობაში უფრო ვეჭვიანობდი ხოლმე, ახლა აღარც გამომდის (იცინის).
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს, მთავარია, ვიგრძნო, რომ არ ვიყავი მართალი. თუ დამნაშავე ვარ, თან გადავყვები ადამიანს, ყველაფერს გავუკეთებ მარტო ბოდიშს კი არ მოვუხდი.
– სამაგიეროს გადახდა...
– ბევრჯერ მდომებია, მაგრამ არასოდეს მიმიყვანია საქმე ბოლომდე. ამაში დამეხმარნენ ღმერთი, ეკლესია და მამაოები, მათ მითხრეს: თუ ღმერთი გიყვარს, უნდა აჯობო ამ განზრახვას და მას მიანდო ყველაფერი. მეც ამ მიმართულებით წავიყვანე ჩემი ცხოვრება: ღმერთმა მიხედოს და დაინახოს. სამაგიეროს გადახდა ისევ სამაგიეროს ითხოვს და ეს წრე დაუმთავრებელი ხდება, რადგან ოჯახი და შვილები გყავს, ხვალინდელ, ზეგინდელ დღეზე ფიქრობ და ამიტომ, მათ გამო ბევრი რამ უნდა მოითმინო. ბევრჯერ მტკენია გული, მაგრამ ბოროტება არ მაქვს, უცებ გადამივლის ხოლმე. ღმერთი მეუბნება: ბრიყვია, ამიტომ შეუნდეო.
– შემშურებია...
– არა, უბრალოდ, მიფიქრია, ნეტა მეც მქონდეს-მეთქი.
– ვიტყუები, როცა...
– მინდა არ მინდა, მაინც გამომდის ხოლმე ტყუილი, ისე, როგორც ყველა ადამიანს, მაგრამ ამით რომ ვინმეს ვავნო – არა. ხანდახან ტყუილი საჭიროა, ადამიანს გული, რომ არ ატკინო, არ აწყენინო და ასე შემდეგ.
– თავისუფლება არის...
– თუ შიგნიდან არ ხარ თავისუფალი, ქვეყანაც რომ თავისუფალი იყოს, შენ მაინც ვერ იქნები. შინაგან თავისუფლებას გაძლევს საკუთარი ცხოვრების წესი, ფიქრი, საქციელი, შეხედულებები. როცა სიკეთითა და სიყვარულით დადიხარ, სიმსუბუქისა და თავისუფლების განცდა გეუფლება. თუმცა, ადამიანი ბოლომდე თავისუფალი ვერ იქნება, რადგან საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელსაც თავისი წესები აქვს.
– ვაგროვებ...
– ნივთომანი ვარ, ჩემი სახლი სავსეა უამრავი ნივთით. არ დარჩენილა ქვეყანა, სოფელი, ქალაქი, რომ რაიმე არ ჩამომეტანა. ხანდახან ვამბობ, იმდენი ხარახურა მაქვს, სად წავიღო, არ ვიცი-მეთქი (იცინის).
– ჩემი თილისმა...
– „მეფე ერეკლე“ რომ ვითამაშე, პატრიარქმა მოიხსნა ხელიდან კრიალოსანი და გამიკეთა, რომელიც დღემდე მაქვს და ვფიქრობ, ამის წყალობით ვარ ცოცხალი.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– როცა ოჯახურ ამბებში პრობლემები მქონდა, მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და მამაჩემმა მითხრა: ღმერთი როცა ერთ კარს კეტავს, მეორეს აუცილებლად აღებს, ასე რომ, ნუ გგონია, ახლა ოთხივე კარი დაიკეტა, ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი კარგად იქნებაო. კიდევ მისი ნათქვამი მახსოვს: შვილო, რაც მაქვს, ყველაფერს ერთ დღეში გავაქრობ შენ გამო, ოღონდ ისეთი რამე არ მთხოვო, რასაც ვერ შევძლებ, გული მომიკვდებაო. ამ სიტყვების მერე, არასოდეს ვუშვებ იმას, რომ ადამიანს შეიძლება, ისეთი რამ ვთხოვო, რაც მას უხერხულობას შეუქმნის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი