პოლიტიკა

უნდა მიეღო თუ არა საქართველოს მონაწილეობა ირანში გამართულ „სამს პლუს სამის“ ფორმატში

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 08.11

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

უკრაინაში ომის დაწყებამდეც და მას შემდეგაც სახელდებოდა მოსალოდნელი ომების გეოგრაფია და უკრაინის შემდეგ პირველ ადგილას იყო სამხრეთ კავკასია, ხოლო, მოგვიანებით, შუა აზია და ახლო აღმოსავლეთი. თუმცა მოვლენები ცოტა სხვაგვარად განვითარდა და თუკი თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემმა დაასწრო მოვლენებს ყარაბაღის დარჩენილ ნაწილში სპეცოპერაციის ჩატარებით, რამაც, ჩემი აზრით, სამხრეთ კავკასიაში ნავარაუდები ცეცხლის კერის აალება ცოტათი გადაავადა, ყველასთვის მოულოდნელად ნამდვილი ომი დაიწყო ისრაელში. რამ შეცვალა ცხელი წერტილების გეოგრაფია? – ამ თემას დემურ გიორხელიძესთან ერთად განვიხილავთ.

– მართლაც, არსებობდა ცხელი წერტილების გაჩენის ერთგვარი მარშრუტი და ის შეიცვალა თუ ლოგიკური იყო, რაც ისრაელში ხდება?

– არ შეიცვალა, იმიტომ, რომ ერთი საქმეა ბალტიისპირეთის, ბელარუსის, უკრაინის, სამხრეთ კავკასიის აფეთქება, თქვენ იცით, სად რა გამოვიდა და მეორეა ის მოვლენა, რაც ახლო აღმოსავლეთში „ჰამასი“-ისრაელის დაპირისპირებით დაიწყო. ეს ოპერაცია იმდენად მოულოდნელი იყო და როგორც ახლა ჩანს, წლების განმავლობაში იგეგმებოდა, რომ ვერაფრით იქნებოდა ისრაელისა და შეერთებული შტატების მოფიქრებული, იმ უბრალო მიზეზით, რომ სხვა პროცესი მიდიოდა, მაგრამ ვიღაც გონიერმა მოთამაშემ ეს ყველაფერი ისე არია, რომ ახლო აღმოსავლეთში არაფერი დალაგებულიყო. ამის დამგეგმავი არის ახლო აღმოსავლეთის, არაბული სამყაროს უბადლო მცოდნე, ისეთი, როგორიც ბრიტანელები არიან. დააკვირდით ერდოღანის ქცევას.

– ეს უნდა მეკითხა და დამასწარით. მიიწევს საომრად?

– ჩანს აგრესია შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიმართ. პოლიტიკაში კი შემთხვევით არაფერი ხდება. შეერთებული შტატები ცდილობდა საუდის არაბეთისა და ისრაელის დაახლოებას, მზადდებოდა ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო, რომ ისრაელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე პალესტინელებს დიდ საშუალებებს მიანიჭებდა და დაიწყებდა მათთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს. იმიტომ, რომ გასაგებია, საითაც მიდის პროცესი: თუ არ შეიქმნა პალესტინის სახელმწიფო, ისრაელის პერსპექტივა, ფაქტობრივად, ნულოვანი ხდება უამრავი პრობლემის გამო და ავიღოთ სუფთა ტექნიკური პრობლემა, დემოგრაფია. ასევე, „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელისა და ირანის შერიგებას ფარულად ცდილობდა ჩინეთი, პირველი შეხვედრა ჩატარდა ჰონკონგში, შემდეგი უნდა გამართულიყო ჩინეთში, მაგრამ უცებ ეს თავდასხმა მოხდა და ჩინეთმა ნეიტრალური მდგომარეობა დაიკავა. რუსები დაიბნენ, თუმცა ძალიან ახლოს იცნობენ ახლო აღმოსავლეთს. ბრიტანელების შემდეგ არ არსებობს არაბული სამყაროს ისეთი მცოდნე, როგორიც რუსეთია და მათთვისაც კი ეს მაინცდამაინც სასურველი ვერ იქნებოდა. გამოდის, რომ ძალიან სერიოზული მონახაზია, იმიტომ რომ თურქეთის ასეთი გააქტიურება, ცხადია, მიანიშნებს რაღაც პერსპექტივაზე. ამ შემთხვევაში პერსპექტივა რა არის? ახლო აღმოსავლეთის გადაფორმატება და რომ ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე – ირანი როგორმე ჩამოიცილონ; მაშინ უკვე ეს პატარა, მდიდარი არაბული სახელმწიფოები, უბრალოდ, შეწყვეტენ არსებობას და ისინი დაექვემდებარებიან იმ ცნობილ იმპერიას, რომელიც ამ რეგიონში თითქმის 700 წლის განმავლობაში დომინირებდა.

– ოსმალეთის იმპერიას.

– რა თქმა უნდა. ამ მთავარ კონტექსტს მისდევს სამხრეთ კავკასიის აფეთქებაც, რაც ჯერ სულაც არ არის ჩამცხრალი. მეტიც, თუ ზეწოლა იქნა, მოკლე ხანში სამხრეთ კავკასიაში ვითარების აფეთქების კიდევ უფრო დიდ მცდელობებს ნახავთ. მოკლედ, ეს დიდი პოლიტიკაა, ყველაფერი ერთმანეთსაა გადაჯაჭვული. ყალიბდება ახალი სამყარო, გავლენის ახალი ზონები. ჯერ ყველაფერი გარკვეული არ არის, მაგრამ ყველანაირი დაძაბულობა წინ არის.

– სამხრეთ კავკასიას თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემურმა მოქმედებამ დროებით ააცილა აფეთქება...

– მოდი, ასე ვთქვათ: თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემს აქვს პრობლემები, იმიტომ რომ არსებობს ძალიან სერიოზული ისტორიული მოთამაშე, ძალიან ძლიერი ქვეყანა, ირანი და თქვენ კარგად იცით, რომ ირანის ჯარები განლაგებულია აზერბაიჯანის საზღვართან და გვახსოვს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ, თუ სომხები გაიგიჟებენ თავს, გნებავთ, საკუთარი თვითმკვლელობის გზით წავლენ, ოღონდ კი არიონ სიტუაცია, ირანი შეიძლება, შევიდეს სომხეთში და დაიკავოს მისი ტერიტორია. ირანი გონიერი სახელმწიფოა და იქ შესანიშნავად იციან, რას უქადის ირანს სამხრეთ კავკასიის ერთ ხელში მოხვედრა: აზერბაიჯანის საზღვრიდან ირანისკენ მიმართულ რაკეტებს, რომლებსაც უკვე სერიოზული გეოპოლიტიკური მოთამაშე გამოიყენებს და არა –აზერბაიჯანი.

– თურქეთი.

– დიახ და ირანისთვის ეს უსერიოზულესი საფრთხე იქნება. რაკი ეს კონტექსტი ირანის განეიტრალებას გულისხმობს, ბუნებრივია, სამხრეთ კავკასიის გადაფორმატებაზეცაა საუბარი, თუ ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი იქნა, მაგრამ ვერ იქნება დიდი ომი, იმიტომ რომ ისრაელს ყველანაირად მიანიშნეს, რომ ღაზის სექტორში შესვლა არ შეიძლება. იმდენად მცდარ გზაზე იყო ისრაელი, იმასაც ვერ მიხვდა, რომ ეს არ შეიძლებოდა. „ჰამასის“ თავდასხმის მიზანი იყო ისრაელის შეტყუება ღაზის სექტორში და ლაპარაკიც არ მინდა, მაშინ რა მოხდებოდა. ამდენად, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის პროცესები დაწყვილებულია და ახლო აღმოსავლეთის გადაფორმატების შემთხვევაში, სამხრეთ კავკასია გარანტირებულად გადაფორმატდება. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, ჩვენ კი რით ვართ დაკავებული, ხედავთ.

– ვერ დავასრულე კითხვა. თურქეთს აქვს ძალა, რომ შეაკავოს მოსალოდნელი არეულობა სამხრეთ კავკასიაში, იმის გათვალისწინებითაც, რომ ბაქო კატეგორიულად ამბობს, არ ვიომებ ირანის წინააღმდეგო. თურქეთს, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია, დაიცვას მეტ-ნაკლები სტაბილურობა რეგიონში?

– ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ თურქეთი დამოუკიდებელი მოთამაშეა. რაკი მან გაბედა შეერთებულ შტატებთან ამ დონის დაპირისპირება და აგრესია, მის უკან ვიღაც დგას. ერთ ინტერვიუში, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის ომს ეხებოდა, გითხარით, რომ ბრიტანეთმა აღადგინა ურთიერთობა თურქეთთან, ამიტომ თურქეთი წამოიწია და ახლო აღმოსავლეთის საკითხში თურქეთის ასეთი აგრესია წარმოუდგენელი იქნებოდა...

– რომ არა ზურგი.

– თურქეთი საკუთარი ინტერესებით მოქმედებს, მაგრამ მის უკან სერიოზული ძალაა. დააკვირდით, სადამდეა მისული საქმე: დუგლას მაკგრეგორმა, ლეგენდარულმა სამხედრომ და სამხედრო სპეციალისტმა, ორიოდე დღის წინათ სატელევიზიო გადაცემაში ასეთი საკითხი დასვა: თურქეთ-შეერთებულ შტატების ომში დაიკავებს თუ არა რუსეთი თურქეთის მხარეს?! ესე იგი, დუგლას მაკგრეგორი, პრინციპული და სუფთა სამხედრო, ზნეობრივი ადამიანი, იმდენად კარგად ერკვევა ამ საკითხებში, რომ უშვებს ამას, იმიტომ რომ მან შესანიშნავად იცის, თუ ვინ დგას თურქეთის აქტიურობის მიღმა და რატომ არის ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების დისკრეტიდაციის სერიოზული მცდელობა. შეერთებულ შტატებს მალე არც აფრიკული და არც არაბული სამყაროები აღარ მოუსმენს, იმიტომ რომ შტატებმა უამრავი შეცდომა დაუშვა ამ რეგიონებში, შესაბამისად, უკვე თამამად იბომბება მისი სამხედრო ბაზები სირიაში და ძნელია საუბარი იმაზე, თუ რა მოხდება ხვალ-ზეგ. დააკვირდით ყველაზე მნიშვნელოვან რამეს: ისრაელი ებრძვის არა რომელიმე არაბულ სახელმწიფოს, იგი ებრძვის საკუთარი ტერიტორიის შიგნით არასამთავრობო ორგანიზაციას.

– ტერორისტულს, ანუ „ჰამასს“.

– დიახ. მე გამოვაქვეყნე რამდენიმე უსერიოზულესი ებრაელი ანალიტიკოსის საუბრები, ისრაელის ტელევიზიის გადაცემები, რომლებშიც ჯარს მოუწოდებენ, არ დაემორჩილონ ნეთანიაჰუს, რადგან კარგად ხვდებიან, რომ გადანადგურდება ისრაელი. ამ ნაქებსა და ხელშეუხებელ ქვეყანას ნეოლიბერალიზმმა საშინელი დარტყმა მიაყენა: აღმოჩნდა, რომ ისრაელის ჯარი მზად არ არის ომისთვის. თავდასხმის პირველ დღეებში საუკეთესო ელიტური სპეციალური რაზმების უდიდესი ნაწილი განადგურდა. დააკვირდით სამხედრო სპეციალისტების, განსაკუთრებით, სკოტ რიტერის ანალიზს. მისი თქმით, „ჰამასის“ მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო ოპერაციაა, ის, როგორც სამხედრო, ისე აფასებს ამ მოვლენას და არა სიმპათია-ანტიპათიით. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდა 7-8 ოქტომბერს იმის დაწერა, რომ, რაც მოხდა, არ არის ხელსაყრელი არც ისრაელისთვის და არც შეერთებული შტატებისთვის და თურქეთის აქტიურობამ მიმანიშნა, რომ ბრიტანელები დიდ თამაშს აგრძელებენ და უნდათ ის ცვლილებები ახლო აღმოსავლეთში, რომლებიც ისლამურ სამყაროზე დიდი გავლენის შენარჩუნების საშუალებას მისცემს. არ დაგავიწყდეთ, რომ ბრიტანეთი ბოლო 500 წელს არაბულ სამყაროში დომინირებული მოთამაშე იყო.

– ლაპარაკობდნენ ანგლოსაქსებისა და კონტინენტური ევროპის ინტერესთა სხვადასხვაობაზე, ანუ ახლა შეერთებული შტატებისა და ბრიტანელების ინტერესებიც სხვადასხვაა?

– მე არაერთხელ მივანიშნე, რომ ეს ორი ელიტა ძალიან დაუპირისპირდა ერთმანეთს და თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ შეერთებულ შტატებში არსებული პრობლემები ამ ორი ელიტის დაპირისპირების შედეგია.

– საქართველოს ტერიტორიას კი არავინ ახსენებს, მხოლოდ ირანმა გვახსენა ორჯერ „სამს პლუს სამის“ ფორმატში არმონაწილეობის გამო.

– საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური არასერიოზულობა და უმწიფრობა გამოჩნდა ამ ფორმატისადმი დამოკიდებულებით, იმიტომ რომ ეს არანაირი სახელმწიფო წარმონაქმნი არ არის. მეზობელი სახელმწიფოები იკრიბებიან, რომ ისაუბრონ პრობლემებზე, საქართველოს ხელისუფლება კი იმ იდიოტური სტატუსისთვის პოლიტიკურ შეცდომას უშვებს და უარს ამბობს თავის მეზობლებთან საუბარზე; მაშინ, როდესაც სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ჩავიდნენ ირანში და ისაუბრეს, იმიტომ რომ ყველა სხვა გზას კატასტროფისკენ მივყავართ. და კატასტროფაა, თუ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი და მე არაფერს ვამბობ დეგრადირებულსა და იდეოლოგიურ შლაკზე, რასაც საქართველოს ოპოზიცია ჰქვია, ვერ ხვდება, რომ ევროპა, პოლიტიკური ჯუჯა, ვერ შემოვა მსოფლიოს მთავარი მოთამაშეებისა და დიდი რეგიონული მოთამაშეების სასიცოცხლო სფეროში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი