უმოწყალოდ გაბახებული
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 12.08

ანუ დემოკრატიის აღვირახსნილობა
მოლდოვაში სექტემბერში საპარლამენტო არჩევნებს ელიან და ქვეყნის პირველმა პირმა, ანუ ქ-ნმა სანდუმ უკვე დაარისხა განგაშის ზარები, კრემლი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას გეგმავსო. ხოლო, რაკი 2024 წელს უკვე ვიხილეთ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და იქაური ცესკოს სიჩაუქეც, ვიმედოვნებთ, რომ არც სექტემბერში დაეჩაგვრინება ქ-ნი სანდუ. ამის პარალელურად, მოლდოვის ცესკოს თავქალი ანჟელიკა კარამანი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ უფლება, ჩაერიონ მოლდოვის არჩევნებში. რატომ? იმიტომ რომ (ანჟელიკა კარამანის განმარტებით) ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის.
ცესკოს თავმჯდომარე აკონკრეტებს (მომყავს ციტატა): „ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა ქვეყნებს შორის დიდი განსხვავებაა (დაახლოებით, ასე: „იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უდევს დიდი მზღვარი“)... ამიტომ ჩვენს არჩევნებში ისეთი ქვეყნის ჩარევა, როგორიცაა საფრანგეთი, არ მიიჩნევა ჩარევად, მაშინაც კი, როდესაც საუბარია პოლიტიკურ ძალთა პირდაპირ დაფინანსებაზე. ჩვენ არ ვთვლით ამას ელექტორალური კორუფციის ფორმად”. ბუნებრივია, რასაც ქ-ნი კარამანი აცხადებს, სრული ბოდვაა და სრულიად შეუთავსებელი დემოკრატიასთან, ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიის იმ დებულებებთან, რაც პირადად ჩემთვისაა ცნობილი და რის გამოც აგრერიგად თვალწარმტაცად მეჩვენებოდა დასავლეთი, თუმცა, ცხადია, მოლდოვამ უკეთ იცის თავისი საქმის.
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ბრიუსელიდან სწორედ ამას ედავებიან საქართველოსაც (პირდაპირ ითქვა, თუ არჩევნებში ის პოლიტიკური ძალა არ გაიმარჯვებს, ვინც ჩვენ გვინდა, შედეგებს არ ვცნობთო), იბადება რიტორიკული კითხვა: ვინ და როდის გააბახა დასავლური დემოკრატია ასე უმოწყალოდ და დაუნდობლად, ანუ რატომ გავიდა ევროპა ასე თავდავიწყებით დემოკრატიის მომსახურების ზონიდან?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან