უკმაყოფილო პარტნიორი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 10.04, 2023 წელი
ანუ შარვლის ჩახდაში გამეცადინებულები
ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც რომ თავი დავანებოთ (თუმცა რატომ უნდა დავანებოთ?! მაგრამ მაინც დავანებოთ, თუნდაც, იმიტომ, რომ დიდად გამოჩინებული სახელმწიფო ვერ შევქმენით ბოლო 32 წლის განმავლობაში), უცნაურია, რომ ისრაელშიც კი გამოსვლებია და საპროტესტო აქციები, სასამართლო რეფორმით უკმაყოფილოების, გვარიანად არყევს ხელისუფლებას.
მეორე მხრივ, ისრაელის სასამართლო რეფორმას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც აკრიტიკებს, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ისრაელის უსაფრთხოების მინისტრმა, არც აცია, არც აცხელა, ოკეანის გაღმელებს შეუთვალა, რომ „ისრაელი არ არის კიდევ ერთი ვარსკვლავი ამერიკის დროშაზე“.
თავის მხრივ, ჯოზეფ ბაიდენის კრიტიკას არც ისრაელის პრემიერი უგდებს ყურს. კერძოდ, ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ისრაელი სუვერენული ქვეყანაა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს თავისი ხალხის ნებით და არა უცხოეთიდან, მათ შორის, საუკეთესო მეგობრების ზეწოლით (განცხადება ისრაელის პირველი პრემიერი ბენ გურიონის სტილისაა)“.
ბუნებრივია, მე თავს ვერ დავდებ, რომ ისრაელში სასამართლო რეფორმით უკმაყოფილო დემონსტრანტების მიღმა აშშ დგას, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, მათი და აშშ-ის პირველკაცის აზრები ერთმანეთს ემთხვევა.
მაგალითად, ჩვენთან აშშ-ის ელჩმა დაუფარავად მოგვახსენა, უფრო ზუსტად, ჩვენს კანონმდებლებს მოახსენა, აბა, მარდად და საჯაროდ დააჭირეთ ხელი წითელ ღილაკს და ჩააგდეთ რუსულად წოდებული კანონიო, რის გამოც ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ თავი შეურაცხყოფილადაც იგრძნო, ხოლო დანარჩენები კმაყოფილებით იფშვნეტდნენ ხელებს (მაგრამ აი, რატომ უნდა იფშვნიტო, თუკი შენს პარლამენტს, თანაც, საპარლამენტო რესპუბლიკაში, ხელებს უგრეხს, თუნდაც, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩემთვის აუხსნელია).
ბუნებრივია, იბადება კითხვა, რატომ შეუძლია ისრაელის ის, რაც არ შეუძლია საქართველოს? და პასუხიც მარტივია: ისრაელი თავად ომობს საკუთარ ომებში, ჩვენებურები კი მხოლოდ და მხოლოდ შარვლების სწრაფად და მოხერხებულად ჩახდაში თუ გაეჯიბრებიან ერთმანეთს (იმიტომ რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახური მონობაა)...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან