თვითგანადგურებას მოწადინებულები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ანუ სხვის ხარჯზე „უშიშნი, ვითარცა უხორცონი“?!
მოგეხსენებათ, პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი გახლდათ ყოფილი პრეზიდენტის, დუდასა და პრემიერ ტუსკის თაოსნობით. იმდენადაც კი, რომ, მაგალითად, ბ-ნი ტუსკი დღენიადაგ მოგვიწოდებდა სიმამაცისკენ (ანუ შეერკინეთ რუსეთს, ნუ შედრკება თქვენი გულიო), ხოლო პოლონეთის ელჩი გვამუნათებდა, სტალინის მუზეუმი მაინც დახურეთო. იმის პარალელურად, რომ თავად უკრაინულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას დიდ წინააღმდეგობებს უწევდნენ პოლონეთში მოსახვედრად, პოლონელ ფერმერებს აზარალებსო.
მეორე მხრივ, ისიც ცნობილია, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი კვლავაც ქილიკობს, თემაზე: „აბა, ომი გინდათ?!“ ანუ რას მიქვიან მშვიდობაო და საკმაოდ სარკასტულად მიიღეს ცნობა იმის შესახებ, რომ დასავლელების ნაწილი საქართველოს ომში ჩართვას აიძულებდა. მაგრამ ამასობაში პოლონეთის პრეზიდენტობის ვადა დაუსრულდა ბ-ნ დუდას, ის გადაირჩიეს და მანაც სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ზელენსკი, არც მეტი, არც ნაკლები, ცდილობდა პოლონეთის ომში ჩათრევას. ბუნებრივია, ჩემთვის უცნობია, რატომ გადაწყვიტა ყოფილმა, გაემხილა ეს ამბავი, ვინ დართო ნება ან რატომ აღარ შიშობს, რომ მსგავსი გულახდილობა ძვირად დაუჯდება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ანჟეი დუდა აცხადებს: „თავიდანვე ცდილობდნენ ყველას, განსაკუთრებით, „ნატოს“ წევრი ქვეყნების ჩათრევას. ეს მათი ინტერესი იყო, ყველანი ჩაეთრიათ. ცხადია, რომ ისინი ეძებენ, ვინც აქტიურად იომებს მათ მხარეს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არაა სიახლე. ეს ხდება პირველივე დღიდან.“
მეორე მხრივ, არ მგონია, ზელენსკის ამდენად დიდი გავლენა ჰქონოდა და ჰქონდეს და ვეჭვობ, რომ ბ-ნი დუდა ბოლომდე არ უნდა ამბობდეს სათქმელს, ხოლო, თუ ამას ნიკოლა სარკოზის განცხადებასაც დავუმატებთ: „უკრაინას არ შეუძლია ომის მოგება, მაგრამ შეუძლია, კიდევ მეტი დაკარგოსო”. ვფიქრობ, უკრაინის (როგორც თანამედროვენი უხმობენ) „ქეისი“ ფინალისკენ, ანუ დაპაკეტებისკენ მიდის და ვერ გამიგია, რატომ ეწადათ და ახლაც სწადია ჩვენი საზოგადოების ნაწილს, რომ საქართველომ, მაინცდამაინც, უკრაინის ბედი გაიზიაროს?! იქნებ ბუნებრივ სიკვდილს დაველოდოთ?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან