წინა კარიდან შეპარულები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 19.11
ანუ ვიბარებთ ჯართს, ანუ დაწუნებულებს
თუკი აქამომდე ევროკავშირის სამოხელეო ავანსცენაზე, ძირითადად, კაია კალასი ბრწყინავდა, როგორც მთავარი შემგონებელი და ღრმად კომუნისტი ფუნქციონერის შვილი, ამჯერად ევროკომისარმა (გაფართოების საკითხებში) მარტა კოსმა გაიელვა მთელი თავისი ევროდიდებულებით.
სახელდობრ, გაირკვა, რომ ამიერიდან ევროკავშირი ახალი წევრების მიღებას „გამოსაცდელი ვადით“ გეგმავს, რომლებსაც შეზღუდული უფლებები ექნებათ და, როგორც ზემოთ ნახსენები, ქ-ნი კოსი განმარტავს, გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში ახალ წევრებს ევროკავშირს უმალ დაატოვებინებენ, როგორც კი ისინი ბლოკის ყველა პირობას არ დააკმაყოფილებენ.
იკითხავთ, რატომო, მაგრამ ამ კითხვასაც გასცა პასუხი გამფართოებელმა ევროკომისარმა: ახალმა წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა, რუსეთის „ტროას ცხენის“ როლი შეასრულონ.
მომყავს ციტატა: „ყველაზე მეტად იმის მეშინია (მარტა კოსი თავის შიშებზე ლაპარაკობს), რომ რუსები ევროკავშირში უკანა კარიდან შემოვლენ“. უფრო ზუსტად კი, ევროკომისრები და ევროჩინოსნები შიშობენ, რომ მათ რიგებში უნგრეთის მსგავსი ქვეყნების რიცხვი გაიზრდება, მარტივად ვიტყვი – ისეთების, რომლებიც მათ დაკრულზე უპირობო სიყვარულით არ იცეკვებენ.
თუმცა ქ-ნი კოსი იქვე კატეგორიულად უარყოფს, რომ ევროკავშირს ძველი და ახალი წევრებისთვის განსხვავებული უფლებების მქონე სისტემა იქმნება, არადა, როგორ არ იქმნება, თუკი ახლებს ისევ ჩამოართმევენ წევრობას, ანუ უკან დააბრუნებენ (და ისიც საკითხავია, თუ ვის დაუბრუნებენ)?!
მეორე მხრივ, არანაკლებ საინტერესოა თავად ქ-ნი კოსის ბიოგრაფია, რომელმაც კარიერა დაიწყო, როგორც სპორტულმა ჟურნალისტმა, რაც, რატომღაც, მითითებული არ არის ევროკავშირის საიტზე გამოქვეყნებულ მის ბიოგრაფიაში, როგორც არც ის, რომ იგი კარლ ბილდტის ლობისტური კომპანიის კონსულტანტად მუშაობდა და სწორედ ამ კომპანიის ლობირებით გახდა ევროკომისარი. რაც მთავარია, მამამისი საბჭოთა დროს იუგოსლავიის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ და, თუ დავამატებთ ზემოთქმულს, რომ კაია კალასის მამაც მაღალჩინოსანი პარტმუშაკი ბრძანდებოდა თავის მშობლიურ საბჭოთა ბალტიისპირეთში, რუსეთი კარგა ხნის წინ შეპარულა ევროკავშირში და, თანაც, წინა კარიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





