წამხდრები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:00 15.07

სომხური კვანტი ევროკავშირს?!
მას შემდეგ, რაც რფ-მ თავისი დუმილით, აზერბაიჯანს საშუალება მისცა, აღედგინა ტერიტორიული მთლიანობა და, ცხადია, თურქეთის ზურგითაც, ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა წახდა, სულ ახლახან კი – ბაქოსა და მოსკოვს შორისაც.
ხოლო ამასობაში, ბაქოსგან განსხვავებით, ერევანმა ევროკავშირისკენ გაიწია და თვით კაია კალასმა ბრძანა (მოვიხმობ ციტატას): „სომხეთი არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპასთან“. ვფიქრობ, ქ-ნი კალასის ეს შეფასება იწვევს რეფრენს: ისე დაგიმშვენდა ცხვირიო, მაგრამ დიდ პოლიტიკას არ უყვარს მსგავსი გამონათქვამები, ამიტომაც ვიტყვი შემდეგნაირად: სომხეთი ზღვითაც კი არ ესაზღვრება ევროკავშირს, არათუ ხმელეთით, ამდენად, ქ-ნ კალასს, ალბათ, არ აწყენდა გეოგრაფიის გაკვეთილი ბ-ნი მაკრონისგან.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მაშინ, როდესაც ქ-ნი კალასი ამას ამბობდა, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სურს შანხაის თანაშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობა. იმიტომ რომ (მოვიტან ციტატას): „სომხეთის რესპუბლიკა მთლიანად იზიარებს ამ ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს: ტერიტორიული მთლიანობის, ძალის არგამოყენებისა და საზღვრების ურღვევობის სახით.“
მე არ ვიცი, რა რეაქცია ექნება აქეთ ევროკავშირს, იქით – შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ მანამდე ფაშინიანი ერდოღანთან ჩავიდა და, მათ შორის, ზანგეზურის დერეფანზე ისაუბრეს და უკვე აღარავის ახსოვს სომეხთა 2015 წლის გენოციდი, ერევანი ცდილობს, რამენაირად გადარჩეს.
ამის პარალელურად, რუსულმა სახელმწიფომ, ჩვეულებისამებრ, მოუხეშავად დააკავა ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის თავკაცი და მისი ვაჟი, ბაქომ კი საპასუხოდ რუსული კულტურის წარმომადგენლების დაგეგმილი კონცერტები და ღონისძიებები გააუქმა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაქო ანკარის მითითებით მოქმედებს, ანკარა კი – დიდი ბრიტანეთის, ანუ ავად თუ კეთილსახსენებელი „მი 6-ის“. და თუმცა წინა პლანზე აზერბაიჯანისა და რუსეთის პოლიტიკური დაპირისპირებაა წამოწეული, ვფიქრობ, სინამდვილეში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაა ცენტრალური ამბავი, ხოლო, რაკი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა არავისთვისაა ხელსაყრელი, გარდა სამხრეთკავკასიელებისა (სანამ გავლენებს არ დაინაწილებენ), ვფიქრობ, არც ისაა გამორიცხული, რომ ამჯერად სომხეთ-აზერბაიჯანის ფლანგიდან ეცდებიან, დიდი თუ არა, პატარა პროქსი-ომის გაჩაღებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან