ტკბილი სტარტი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 04.02
ანუ უძველესი პროფესია – პოლიტიკოსობა
სხვათა შორის, არც ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც აშშ-მა ჩინეთი ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა, შესაბამისად, ევროკავშირიც ფრიად შემომწყრალი იყო სი ძინპინს, ვინაიდან დიქტატორად და ხალხის მჩაგვრელად მიიჩნევდნენ. შეგახსენებთ ნენსი პელოსის ვიზიტებს ტაივანში და, ზოგადადაც, დასავლურ აქტიურობას ტაივანის მხარდასაჭერად (რა თქმა უნდა, ჩინეთისთვის შეჩიჩხინების მიზნით), თუმცა ხანი გამოხდა, აშშ-ში ხელისუფლება შეიცვალა და ისეც კი მოხდა, რომ დონალდ ტრმპმა, თავის ინაუგურაციაზე პერსონალურად დაპატიჟა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი და მმართველი. მართალია, ეს უკანასკნელი ვერ ჩავიდა და მოადგილე აფრინა, მაგრამ თავად ეს ფაქტი მართლაც მეტად და მეტად მნიშვნელოვანია, თუნდაც, იმიტომ, რომ ჩვენც გვეხება: შუა დერეფნის ამუშავების კონტექსტით, რის ჩაშლაც ჩვენთვის კარგი ამბავი ვერ იქნება, იმის გათვალისწინებითაც, რომ ეკონომიკური დაპირისპირება ჩინეთთან სწორედ დონალდ ტრამპმა წამოიწყო თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადისას.
ამდენად, იმედია, მხარეები კიდეც დაზავდებიან და კიდეც დამოყვრდებიან – ბუნებრივია, პოლიტიკურად, მაგრამ ამჯერად სულ სხვა რამის გამო უნდა მოვაცდინო თქვენი ყურადღება: სახელდობრ, მოგეხსენებათ, არც ევროკავშირი სწყალობდა დიდად ჩინეთს, ცხადია, რუსეთთან ახლო ურთიერთობის გამო, თუმცა, სწორედ ევროკავშირის ბაზარია მიმზიდველი ჩინეთისთვის და არც ევროკავშირი უნდა იყოს უარზე, მიიღოს ჩინური პროდუქცია, მაგრამ პოლიტიკა ოხერი რამაა. ჰოდა, რაკი ოხერია, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს ტკბილი სტარტი დაეწყოთ, პოლიტიკურ ავანსცენაზე ევროკომისიის პრეზიდენტი – საყოველთაოდ ცნობილი ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოგოგმანდა. მან, არც მეტი, არც ნაკლები, ბრძანა შემდეგი (მოვიტან ამონარიდს): „ვფიქრობ, კონსტრუქციულად უნდა ვითანამშრომლოთ ჩინეთთან – ვიპოვოთ გადაწყვეტილებები ჩვენი ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე. 2025 წელს ევროკავშირის ჩინეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს 50 წელი უსრულდება. მე განვიხილავ ამას, როგორც შესაძლებლობას, ჩავერთოთ და გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები ჩინეთთან და, სადაც შესაძლებელია, გავაფართოოთ კიდეც ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები.“ ცხადია, მისასალმებელია „მეგობრობა გზად და ხიდად“, მით უმეტეს, რომ ჩვენ შუა გზაზე (ანუ შუა დერეფანში) ვართ გამოკიდული, ოღონდ კიდევ ერთხელ დასტურდება, რაოდენ უძველესი პროფესიაა პოლიტიკოსობა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან