პოლიტიკა

თამუნა ამონაშვილი: სამი თვე ყოველდღე დავდიოდი ეკლესიაში და უფალს ვევედრებოდი, რომ ეს ადამიანი აღარ მყვარებოდა

ავტორი: ლუკა ნემსაძე 15:52 12.11, 2020 წელი

მომღერალი თამუნა
ამონაშვილი2
დაკოპირებულია

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ თამუნა ამონაშვილმა გადაწყვიტა, საკუთარი მსმენელი გაახაროს და სამომავლოდ კონკრეტული გეგმები აქვს.

თამუნა ამონაშვილი: ბავშვობიდან მქონდა სმენა და დედამ გადაწყვიტა, მუსიკალურ სკოლაში მივეყვანე. მაღალი ბავშვი ვიყავი, გრძელი ხელებით და ვიოლინო დამაჭერინეს ხელში. 11 წელი ვსწავლობდი და შემდეგ კონსერვატორიაში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ რომ წარმოვიდგინე, მთელი ცხოვრება ვიოლინოს ყუთით უნდა მევლო და ყოველდღიურად მემეცადინა, გამოცდაზე აღარ გავედი. სახლში მოვიტყუე, ჩავიჭერი-მეთქი. დედა გაგიჟდა – ხუთი წლიდან ვიოლინოზე ვსწავლობდი (იცინის). მერე ვთქვი, რომ თეატრალურში მინდოდა, ერთი თვე ვემზადებოდი და ხუთებზე ჩავაბარე მუსკომედიაზე.

– შემდეგ დაიწყო „ივერიის“ ძალიან წარმატებული პერიოდი.
– კლასიკას ვსწავლობდი და ოპერაში სიმღერაზე ვოცნებობდი. ქეთოს ურთულესი არია ვიმღერე ვიქტორ დოლიძის ოპერიდან. ინსტიტუტში პირველი სოლო კონცერტი კლასიკური მიმართულებით მე გავმართე და მაშინ ესტრადაზე არც ვფიქრობდი. უფალმა გამომიგზავნა ირმა ებრალიძე – ჩემი ვოკალის პედაგოგი, ჩემი დედობილი. ირმა სულ ცდილობდა, რაღაც გამეკეთებინა, გიჟდეოდა ჩემს ხმაზე, სიმღერაზე, დიზაინერობის ნიჭზე და ცდილობდა, ცხოვრებაში სწორ გზაზე დავმდგარიყავი. სულ სამსახურს ეძებდა ჩემთვის. იმ პერიოდში მანანა თოდაძე წავიდა „ივერიადან“ და უკვე ლიკა ურუშაძე ჰყავდათ მიღებული, მაგრამ ებრალიძემ დაურეკა, ასეთი და ასეთი გოგო მყავს და ნახეო. ასე მივედი ბუთხუზისთან. მაშინ „ივერიის“ სიმღერები არც ვიცოდი და ჩემი კომპოზიციები ვუმღერე. ერთსაათიანი საუბრის შემდეგ მითხრა, სამთვიან გასტროლზე მივდივართ და თუ გინდა, წამოდი, ან რომ ჩამოვალთ, მაშინ შემოგვიერთდიო. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. მაშინვე წასვლა ნამდვილად ვერ წარმომედგინა და მათ ჩამოსვლამდე ფსიქოლოგიურად მოვემზადე, რომ ამ ბუმბერაზ ანსამბლში უნდა დამეწყო მუშაობა. ჩემი ცხოვრების ულამაზესი ფურცელი გადაიშალა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერც მივხვდი. ალბათ, ზემოდან იყო დაშვებული, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი გზა. ძალიან ბავშვური ვიყავი, სულ კიკინებით დავდიოდი, ჩემი შეკერილი თეთრი ქურთუკი მეცვა და მერე ჯემალ ბაღაშვილმა მითხრა, რომ შემოგხედე, სისუფთავისა და სიწმინდის შეგრძნება გამიჩნდაო – სპექტაკლი რადიკალურად შეცვალა და „თოვლის ბებოს ზღაპარი“ გააკეთა. მანამდე არსებობდა მხოლოდ თოვლის პაპა და ეს ძალიან ორიგინალური გამოვიდა, თან 18 წლის თოვლის ბებო მაყურებლის სალაპარაკო გახდა და ამ ამბავს ყველა დადებითად შეხვდა. დღეში ოთხი სპექტაკლი გვქონდა, გინესის წიგნში ვიყავით შესატანი. ჩემთვის ეს წლები იყო ულამაზესი, ნამდვილ ზღაპარში მოვხვდი. მერე დაიწყო ომი და უკვე მარტოს უნდა მეკეთებინა, მაგრამ არ ვიცოდი რა. არ ვიცოდი, რით მეცხოვრა. დედა მყავდა, რომელიც უნდა მერჩინა, ის ხშირად ავადმყოფობდა. მოკლედ, ბევრი პასუხისმგებლობა მქონდა. სიბნელეში ვიჯექი პიანინოსთან და ვწერდი. ზუსტად მაშინ დავწერე „მენატრები“, ალბათ, ისეთი ენერგიით, რომ დღემდე ყველას ყურში აქვს, 30 წლის შემდეგაც კი. ეს სიმღერა გახდა ჩემი სავიზიტო ბარათი, კიდევ „ჩიტო-ჩიორა“. მაშინ პატარ-პატარა კონცერტები ტარდებოდა და რამდენჯერმე წამიყვანეს ამ ორი სიმღერით.
tamuna-amonashvili_o_h.jpeg– „მენატრების“ ძალიან რომანტიკული ისტორია აქვს. მაშინ დაწერეთ, როცა ძალიან დიდ სიყვარულს დაშორდით, რადგან საქმე დაოჯახებულ ადამიანს ეხებოდა.
– კი. თან ეს პრობლემები, თან შეყვარებული ვიყავი, არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. დარდი კი მქონდა, მაგრამ სიყვარულიდან გამომდინარე, ამაღლებულ განწყობაზე ვიყავი. ისე მიყვარდა, რომ მასზე რაღაც ცუდი გავიგე და ისე იმოქმედა ამან, რომ გული წამივიდა და კიდევ კარგი, მეგობრებთან ერთად ვიყავი. ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ და ძალიან ძლიერი სიყვარული ვიცი.
– მაგრამ ძლიერი ხართ. გადაწყვიტეთ, რომ ეს ურთიერთობა დაგესრულებინათ და შეძელით კიდეც.
– ლოცვამ შემაძლებინა. ზუსტად სამი თვე ყოველდღე დავდიოდი ეკლესიაში და უფალს ვევედრებოდი, რომ ეს ადამიანი აღარ მყვარებოდა. შინაგანად ვიტანჯებოდი ამ მდგომარეობით და აღარ მინდოდა. კარგად გავაცნობიერე, რომ დაოჯახებულ ადამიანს არ შეიძლება, შეეხო. გონებით ვიცოდი, რომ ეს არ იყო კარგი, მაგრამ გულს ვერაფერს ვუშვრებოდი. ამიტომ მჭირდებოდა ლოცვა და უფალის წინაშე დაჩოქება. მართლაც, სამი თვის შემდეგ, მახსოვს, კონცერტზე ვიდექი, სიმღერა დავამთავრე და უცებ ვიგრძენი, რომ ეს ადამიანი აღარ მიყვარდა, თავისუფალი ვიყავი. ეს
საოცარი შეგრძნება იყო.
– თან თავიდან არ იცოდით, რომ ოჯახი არსებობდა...
– რომც იცოდე, გრძნობა ისეთი რამაა, წინ ვერავინ გადაუდგება. მაგრამ ღმერთმა გონება და გული ერთად იმიტომ მოგცა, რომ გონებით რაღაცის დათრგუნვა უნდა შეძლო. დრო რომ გადის, მერე ფიქრობ, რატომ აკეთებდი ამას, იმწუთას კი ვერაფერს გრძნობ. სიყვარული ბრმაა, ამიტომ ვერაფერს აკეთებ და დრო გჭირდება, რომ ყველაფერს სხვანაირად შეხედო.
– გახსოვთ, პირველად რომ იგრძენით ადამიანების ყურადღება?
– თემქაზე ვცხოვრობდი, როცა „ივერიაში“ მიმიღეს. საახალწლო კონცერტი გვქონდა, სადაც განაცხადი გააკეთეს, რომ ახალგაზრდებით შეავსეს ანსამბლი. ყვითელი კოპლებიანი კაბა მეცვა, რომელსაც სხვათა შორის დღემდე ყველა მახსენებს. კარგ ფორმაში ვიყავი. მეორე დღეს მეტროში ჩავედი და ყველა მე მიყურებდა. გაოცებული ვათვალიერებდი საკუთარ თავს, რამე ხომ არ მჭირს-მეთქი და მერე გამახსენდა, რომ წინა დღის კონცერტი ტელევიზიით გადაიცემოდა. მოკლედ, ერთ საღამოს დავიძინე და რომ გავიღვიძე, ყველა მიცნობდა (იცინის). თავიდან ბაბალეთი მცნობდნენ და თამუნა ამონაშვილი მაშინ გაიცნეს, როცა „ივერიის“ დაშლის შემდეგ, უკვე ცალკე დავიწყე სიმღერა.
– შუქიც კი არ იყო ქვეყანაში, მაგრამ შოუ-ბიზნესი იყო და თქვენ ვარსკვლავი გახდით. საკმაოდ თამამი კლიპები გქონდათ, როგორ მიიღეს მაშინ თქვენი თამამი ნაბიჯები?
– ვცდილობდი, სტანდარტული არ ვყოფილიყავი. როცა სიახლე შემოგაქვს, შეიძლება, იჭორაონ, ცუდიც თქვან, მაგრამ მერე ეჩვევა ხალხი. უცბად ვერ იღებენ სიახლეს, მაგრამ მერე ტაშს გიკრავენ. თავიდან ვნერვიულობდი ჭორებზე. რას არ ამბობდნენ ჩემზე, მაგრამ მალე ივიწყებდნენ, რადგან რეალური საფუძველი არ არსებობდა. მაშინ სხვა დრო იყო, ცოტა ბნელი პერიოდი. ლამაზად თუ გეცვა, თან სცენაზე იდექი, ვერავის წარმოედგინა, რომ ამას საყვარლის გარეშე აკეთებდი. ეგონათ, რომ ყველაფერი საყვარელმა გამიკეთა, ზოგი რას იძახდა, ზოგი – რას. ვინმეს ხელს რომ ჩამოვართმევდი, მეორე დღეს მესმოდა, რომ ის ჩემი საყვარელი იყო. ამ დროს ძალიან მიუწვდომელი ვიყავი და სულ საკუთარ ნაჭუჭში ვცხოვრობდი. ბევრი საქმე მქონდა და გარეთ საერთოდ არ დავდიოდი. ამ ჭორების გამო ძალიან ბევრს ვტიროდი და ყველა მაწყნარებდა, გული არ გაიტეხო, ეს გზა ჩვენც გავიარეთ და ამის გარეშე არ შეიძლება პოპულარობა. გიხაროდეს, თუ ლაპარაკობენო. თუმცა, რაც მთავარია, პარალელურად, ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი და დღემდე ასეა. წარმოიდგინეთ, 12 წელია, აქ არაფერი გამიკეთებია, მაგრამ დღესაც, სადაც არ უნდა წავიდე, ჩემი სიმღერების შესახებ მესაუბრებიან. ყველა სიმღერა ჰიტდებოდა. რა სტილი არ შემოვიდა და ხალხი ისევ ძველს დაუბრუნდა, იმიტომ, რომ ძალიან ემოციური და მელოდიურია. მე თუ არ დამბურძგლავდა, გამორიცხული იყო, ის სიმღერა მემღერა. უნდა მომწონებოდა, გული ამფორიაქებოდა და მხოლოდ და მხოლოდ მერე ჩამეწერა სიმღერა. სითბო, სიტკბო, სექსუალურობა, ქალურობა, ყველაფერი ერთად იდო მასში და ამიტომაც დარჩა ისტორიას. ის ჭორი კი აღარავის ახსოვს. ახლა ინტერნეტიდან ვიგებ, თურმე კიდევ რამდენს ვყვარებივარ (იცინის). ახლახან ტაქსიში ჩავჯექი. მძღოლი მიყურებს, ორმოც წლამდე ბიჭია, ვაიმე, თქვენ თამუნა ამონაშვილი ხართო? სათვალე მეკეთა, მაგრამ ისეთი მომენტი იყო, რომ ვერ დავმალავდი ვინაობას და კი-მეთქი. უცებ „რეზკად“ მოტრიალდა და ვაიმე, სერიოზული „პერეჟივანიები“ მქონდა თქვენზე ისე მიყვარდით. არ გიცნობდით, მაგრამ დეპრესიაში ვიყავი ჩავარდნილი, რომ მიყვარდით და ვერ გწვდებოდითო. არადა, ისე გულწრფელად მიყვარდით, მეგონა, გვერდით მყავდითო. იმდენი რამ მომიყვა, ისე გამახალისა, ფრენა-ფრენით მოვედით ჩემს სახლთან (იცინის). მაშინ არც ინტერნეტი იყო და ხალხი ვერ მწვდებოდა, ახლა უამრავი ადამიანი მწერს, როგორ ვუყვარდი, როგორც ადამიანი. ამას სიმღერები და, ალბათ, გარეგნული ფონიც განაპირობებდა. მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის. ვხვდები, რომ ტყუილად არ მიშრომია.
– რამდენიმე წელი რუსეთში გაატარეთ. იქ თავიდან დიზაინერობით იყავით დაკავებული...
– სულ მაქვს გეგმები დიზაინერობასთან დაკავშირებით. მოსკოვში თავიდან ამ საქმით დავიწყე, მაგრამ შემდეგ კონცერტების გამო ვეღარ შევძელი გაგრძელება. ბენდთან ერთად ვმუშაობდი. ძალიან დატვირთული პერიოდი იყო. ენაზე ვალერიანს ვისხამდი, რომ გული არ წამსვლოდა. რუსეთში დარჩენა არ მიფიქრია, უბრალოდ, იმ პერიოდში ვაპირებდი იქ მუშაობას. ყველა ენაზე ვმღეროდი. წარმატებებიც გვქონდა, ჩემი მსმენელი მყავდა და დღემდე ბევრი მეგობარი მყავს იქ, ბევრი რამ მომიტანა მოსკოვმა როგორც შემოქმედებითად, ისე ადამიანურად. ისიც კი გავარკვიე, ვინ იყო ჩემი მტერი და ვინ მოყვარე. ემიგრაცია ბევრს გაჩვენებს.
– დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?
– ძალიან დავიღალე. რთულია, რვა წელი ბენდი გყავდეს, თან უცხო ქვეყანაში. ძნელია ასე ცხოვრება და ამ ადამიანების შენახვა. სულ კონცერტები უნდა გქონდეს, რომ არ გაგექცნენ, რისთვისაც ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. ძალიან დავიღალე და ის მდგომარეობაც ამოვწურე, რისთვისაც ვშრომობდი. უსაქართველობით შინაგანად დაუძლურებული ვიყავი. იქ ძლივს ვჩერდებოდი, არ შემეძლო. სხვა ქვეყანაში ცხოვრებით მთელი ჩემი ორგანიზმი იტანჯებოდა და დავბრუნდი. იმდენად გადაღლილი ვიყავი, ეს ორი წელი სცენის დანახვა არ მინდოდა, სიმღერა რომ მესმოდა, ვრთავდი, ვერ ვუსმენდი. ახლა ვგრძნობ, რომ აქ ჩემგან ელიან სიახლეებს და უკვე დროა, ასე აღარ ვიჯდე და საუკეთესო წლები არ დავკარგო. ბევრი მიზეზის გამო ჯერჯერობით ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ გეგმები მაქვს. მდგომარეობა რომ დაწყნარდება, აუცილებლად განვაახლებ ძველ სიმღერებს და ახლებსაც დავამატებ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი