„თალიბანი“ VS ნეპოტიზმი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 03.04, 2023 წელი

ბარაქალა, ანუ მივებაროთ ახუნძადას?!
მართალია, დღემდე არაფერი ვიცით, რა ბედი ეწია ავღანეთში ამერიკელების მიერ დატოვებულ 700 მილიარდის ღირებულების სამხედრო ტექნიკას, ანუ სად გავარდება (არადა აუცილებლად გავარდება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამდენი იარაღი როცაა დაგროვილი, უნდა გამოიყენონ, აღმოსავლეთში ისედაც ვერაა მთლად რიგზე საქმე, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა) და არც ის, რა ბედი ეწიათ იმ ავღანელებს, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ, როდესაც ავღანეთში მოკავშირეების ჯარები იდგა, მაგრამ, სამაგიეროდ, შევიტყვეთ, რომ ჰაიბატულა ახუნძადას (ის კი „თალიბანის“ ლიდერია, იცით, რომ ავღანეთში ძალაუფლება თალიბების ხელში გადავიდა) ბრძანებით, სახელმწიფო მოხელეები, რომლებმაც თავიანთი შვილები (ერთი მაინც) დანიშნეს იმ სამსახურებში, რომლებსაც ხელმძღვანელობენ, სამსახურიდან გათავისუფლდებიან.
ანუ „თალიბანმა“ ნეპოტიზმს საფუძვლიანად შეუტია და ქვეყნის ხელმძღვანელის (ზემონახსენები ახუნძადას) დადგენილებით, არცერთმა ორგანომ (სახელმწიფომ) არ უნდა დაუშვას სამსახურში ნაცნობ-მეგობრებისა და ნათესავების მიღება.
უფრო მეტიც, უკვე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ყველა ის ხელმძღვანელი პირი, რომლებსაც თავიანთ უწყებებში შვილები ჰყავდათ დასაქმებულები (მართლაცდა, ბარაქალა ახუნძადას!).
მეორე მხრივ, ნეპოტიზმი ჩვენთვის არათუ უცხო ხილია, ერთგვარად წახალისებულიცაა (თუმცა, სიტყვიერად ყველა გმობს, რომლებიც დასაქმებულები არ არიან ნათესავების მიერ); წახალისებული, ვინაიდან, აბა, თავად განსაჯეთ: გყავთ ნათესავი მინისტრი და არც კი გთავაზობთ დასაქმებას, მეტიც, სთხოვეთ და არ გასაქმებთ, უქებთ კაცობას?! პასუხიდან გამომდინარე კი, თავად დაასკვენით, ნეპოტიზმი მართლაც არ მოგწონთ თუ ეს მხოლოდ მოგებიანი პოზაა?!
შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ერთი-ორი „თალიბი“ ახუნძადა „დაგვხატავდა“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან