პოლიტიკა

სპორტული სიბეცე

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 13.09, 2021 წელი

სპორტული სიბეცე
დაკოპირებულია

ანუ უცნაურად პრინციპულები

მართალია, პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ მისი უფროსი არა ევროკავშირი, არამედ ქართველი ხალხია (საქმე ეხებოდა 75-მილიონიან დახმარებას, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ, უარი თქვა, რაკი მას დათქმები მოჰყვებოდააო), არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, მაგრამ პირადად მე უჩვეულო არაფერი მეჩვენა, ვინაიდან პოლიტიკა პოლიტიკაა და ამ სფეროში პარტნიორობა, სულც, არ ჰგავს ტარიელის თავგადაკლულ სიყვარულს ნესტანისადმი (ფულს ვინც გაძლევს, ის უკვეთს მუსიკას და, თუ მუსიკა არ მოგწონს, არც ფული უნდა აიღო).

მეორე მხრივ, საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციების (გაზრახ არ ვასახელებ მათ ოფიციალურ სახელებს – პროტესტის ნიშნად) წყალობით საქართველოს ნაკრებს მეტოქედ კოსოვოს ნაკრები შერჩა ხელში. ზემოხსენებული საფეხბურთო ორგანიზაციები, ჩვენგან განსხვავებით, აღიარებენ კოსოვოს და ჩვენებური, სხვათა შორის, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მომხრეები, აცხადებენ, აბა, სხვა რა გზა გვქონდა, კენჭისყრით შეგვხვდაო.

ჯერ ერთი, გზა ყოველთვის არის – მაგალითად: ხელისუფლების მიერ შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის წარმოება (სახელისუფლებო სტრუქტურების პიარსამსახურები საკმაოდ მაღალ ხელფასებს იღებენ თავიანთ საქმეში, ანუ უსაქმობაში), თუნდაც, მოთქმა-გოდებით, სხვა გზა არ გვქონდა, ოღონდ ეს არამც და არამც არ ნიშნავს კოსოვოს აღიარებასო (იმიტომ რომ კოსოვოს ჰიმნს რომ დაუკრავ, აღიარებამდე რაღაა დარჩენილი?!). მით უფრო, რომ საქართველოს ნაკრები დამარცხდა (მართლაც, მოხერხება უნდა, ჯერ კოსოვოს ნაკრებს ეთამაშო და მერე დამარცხდე). აქედან გამომდინარე, ძალიან მაინტერესებს, აი, ზემონახსენებმა საფეხბურთო ორგანიზაციებმა რომ დე ფაქტო აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ გუნდები ჩართოს ჩემპიონატებში, რა არგუმენტი ექნება ქართულ პოლიტიკას?! მხოლოდ იმის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენებური აფხაზი და ოსი სეპარატისტები ფეხბურთის თამაშს კოსოვოს ნაკრებივით ვერასდროს ისწავლიან?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი