სხვისი შნოთი მამაცები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 30.09

ანუ შიში ოხერია
მოგეხსენებათ, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის ხელისუფლებაც და მათი ევროკავშირული პოლიტელიტაც (ანუ ევროპარლამენტარები) ფრიად და ფრიად გამეცადინებულები ბრძანდებიან, რომ საქართველო რუსეთს ეკვეთოს. იმდენადაც კი, რომ თბილისშიც ბრძანდებოდნენ მათი წარმომადგენლები, ცხადია, ქუჩის პროტესტის მხარდასაჭერად და ეგრეთ წოდებული, „რუსული კანონების“ გასაუქმებლად და არ ვიტყვი, კიდევ რა მიზნით. განსაკუთრებით, აქტიური ქ-ნი რასაა (იუკნევიჩიანე). მან სულ ახლახანაც გაიბრწყინა (სოციალური პლატფორმა X-ის მეშვეობით), „ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ზღვარი გადაკვეთა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, სანქციები ახლავე გვჭირდება!“
ქ-ნი რასა ელენე ხოშტარიას დაკავებამ აღაშფოთა (ქ-ნმა ხოშტარიამ კახა კალაძის ბანერს წააწერა: „რუსული ოცნება“ და მერე რა, რომ თავად მას რფ ფულს ურიცხავს, როგორც თავად აცხადებს, როგორც სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეობის მემკვიდრეს?! რუსული ოცნებაა, როგორც ჩანს, მავნე, რუსული ფული, სწორედაც რომ, ევროპული მისწრაფების ლოკომოტივია).
მართალია, ნაკლებად სავარაუდოა, ევროკავშირმა ტანზე შემოიხიოს ქ-ნი რასას მოწოდებაზე, იმიტომ რომ ამ ეტაპზე უფრო დიდი პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი: რუსული დრონები ნელ-ნელა ეპარება ევროკავშირის ცას.
იმას გარდა, რომ პოლონეთში შეფრინდნენ, რუსული დრონის ნამსხვრევები ლატვიაშიც იპოვეს. ეს ამბავი ლატვიის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის მინისტრმა გვაცნობა. მომყავს ციტატა: „ვენტსპილსის ოლქის ვარვეს რაიონში ზღვამ დრონის უკანა ნაწილის ნამსხვრევი სანაპიროზე გამოიტანა. შეიარაღებული ძალების აუფეთქებელი საბრძოლო მასალის ნეიტრალიზაციის ჯგუფი ადგილზე მიემართება ობიექტის გასაანალიზებლად”.
გაანალიზების შედეგად კი, დრონის ნამსხვრევი რუსული სატყუარა დრონის, „გერბერას”, უკანა ნაწილი ყოფილა და ასაფეთქებელი ნაწილი, საერთოდაც, არ ჰქონია, თუმცა ლატვიელები მაინც არ მოდუნდნენ და შესაბამის სტრუქტურებს დაავალეს, გაერკვიათ, ეს იმ ტიპის დრონი იყო, პოლონეთში რომ შეფრინდა თუ მაინც სხვა. ბუნებრივია, შიშსაც დიდი თვალები აქვს და ისიც გასაგებია, რომ უფრთხიან რუსეთის მხრიდან თავდასხმას (ბოლოს და ბოლოს, წინა ხაზზე არიან გეოგრაფიულად), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, როგორ გვახელებდნენ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ჩვენ რომ გვითხრიდნენ, იმ ორმოსკენ მიექანებიან ...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან