სკამის სიყვარული ბელორუსულად
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 14.12, 2021 წელი

ანუ გეშინია? გაიღიმე!
მართალია, ბოლო წლებში ბელორუსის ხელმძღვანელის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება იცვლებოდა, სახელდობრ, ხან ევროპის უკანასკნელი დიქტატორი იყო, ხანაც – პარტნიორი, მაგრამ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმყარა რა ევროპის უკანასკნელი დიქტატორის წოდება და სკამიც, ვლ. პუტინთანაც ფრიად დაახლოვდა.
ხოლო, რაკი პოლიტიკური მეგობრობა უანგარო სულაც არაა ან იქნებ იმიტომაც, რომ „სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია“ (მეგობრობიდან სიყვარულამდე ნახევარი ნაბიჯია), ალექსანდრე ლუკაშენკომ, ჯერ იყო და, უკრაინას ენერგომატარებლების მიწოდება შეუწყვიტა (სავარაუდო პათოსით, ჩემი პოლიტიკური პარტნიორის მტერი ჩემი მტერია), აწ კი ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიარა.
ეს ამბავი მან რუსული სააგენტოსთვის მიცემული ინტერვიუდან გვამცნო: ყირიმი დე-ფაქტოდაც და დე-იურედაც რუსეთის კუთვნილებააო. მეტიც, ვლადიმირ პუტინთან ერთად ყირიმში ჩასვლასაც ვაპირებო.
ზემოთქმული მოწმობს, რომ ბელორუსის უცვლელმა თავკაცმა ყოყმანი დასძლია (არცაა გასაკვირი: სკამი ყველას ყველგან უყვარს და, თუ ერთხელ დაჯდა, თითქოს საბჭოური „მომენტით“ მიაწებესო) და უკან დასახევი გზა მოიჭრა (თუმცა, პოლიტიკა ისეთი ოხერია, არც ის გამიკვირდება, თვით ალექსანდრ ლუკაშენკოც კი იქცეს ევროპის უპირველეს დემოკრატად – იმიტომ რომ მსოფლიო გადაირია).
ცხადია, ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და, შესაბამისად, შესაძლოა, „ბაწკამ“ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების აღიარებაც მიაყოლოს – იმიტომ რომ სიყვარული, ხომ, ბრმაა და, აქედან გამომდინარე, ეგოისტურიც (თუ პრ. პუტინს ასიამოვნებს, ვითომ რატომ არ უნდა აღიაროს?!).
მეორე მხრივ, ჩვენებური ექსპერტების ნაწილი მაინც იმედიანადაა განწყობილი – რომც აღიაროს, ამით არაფერი იცვლებაო, მაგრამ მახსენდება რა მათი ნაწილის ბრექა, კოსოვოს აღიარება გავლენას ვერ მოახდებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზეო, მე მთლად იმედიანიც ვერ ვარ განწყობილი. ამდენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ, იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ბელორუსული აღიარება მხოლოდ აღიარება იქნება და 2008 წლის ომისმაგვარს გადავრჩებით. მესმის, რომ ჩემი ეს ცინიზმი შესაძლოა, ვინმეს გაუმართლებელიც ეჩვენოს, მაგრამ, რაკი მოსახდენი მაინც მოხდება, ჩვენ კი კვლავ ღარიბი ქვეყნების რიგში და არც თუ სტაბილური ფსიქიკის მქონე პოლიტიკოსების ხელში ვართ, კარგ ხასიათზე ყოფნით მაინც გავიფერადოთ ცხოვრება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან