შვიდპარასკევა...
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 04.11
ანუ ხორცის ნაჭრები?!
გასულ კვირას მოვლენები, ჩვეულებისამებრ, ელვის უსწრაფესად და თაღლითურად განვითარდა (მე მაპატიონ გეოპოლიტიკის მთავარმა მოქმედმა პირებმა ეგზომ პირდაპირი შეფასებისთვის). სახელდობრ, ტრამპმა პირობა მისცა უკრაინას, რომ გადასცემდა „ტომაჰავკებს“ და ზელენსკის თეთრ სახლში შეხვედრაზეც შეთანხმდა. ამ ამბავმა აფორიაქებული ევროკავშირი და ბრიტანეთი ერთგვარად დაამშვიდა და ვეჭვობ, სიხარულით ხელებს იფშვნეტდნენ, აწ კი ავუტირებთ დედას ვლ. პუტინსო, მაგრამ ისე მოხდა, რომ, სანამ ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლს ეწვეოდა და იქიდან „ტომაჰავკებით“ ხელდამშვენებული წამოვიდოდა, ზუსტად წინა საღამოს ტრამპი პუტინს ესაუბრა (ტელეფობით, ცხადია), კმაყოფილიც დარჩა ამ საუბრით და ახლა უკვე მას შეუთანხმდა ბუდაპეშტში შეხვედრაზე. მეორე დღეს კი ზელენსკის უარი უთხრა „ტომაჰავკების“ გადაცემაზე (ჩვენ გვჭირდებაო).
ამ ამბის პარალელურად, „ზი უოლ სთრით ჯურნალმა“ გვამცნო, რომ რომ თეთრმა სახლმა მოუხსნა შეზღუდვა უკრაინას და მას შეუძლია, გამოიყენოს შორი მოქმედების იარაღი. ამასთან, ასეთი დარტყმების კოორდინაცია პენტაგონის შეფიდან თეთრმა სახლმა აშშ-ის საჰაერო ძალების ევროპულ სარდლობას გადაუმისამართაო. ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, ნიშნავს, რომ ამერიკელები დაუმიზნებენ ამ რაკეტებს და ესვრიან რუსებს, თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა რაკეტებზეა საუბარი.
ვიცით თუ არა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ზემონახსენებმა გამოცემამ იცრუა – აშშ-ის პრეზიდენტმა თავი შორს დაიჭირა, მსგავსი არაფერი გადაგვიწყვიტავსო. ამას გარდა, ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა თუ არ ჩაიშალა, ყოველ შემთხვევაში, გადაიდო.
მომხდარი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ოფიციალურ განცხადებებს არც არანაირი ფასი არ აქვს და უფრო ყურადღების სხვა საკითხებზე გადასატანადაა გამიზნული. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ დროს უკრაინაში ფრონტის მთელ ხაზზე ბრძოლებია, ადამიანები იღუპებიან და უკრაინა ნელა, მაგრამ, ისევ კარგავს ტერიტორიებს, ზამთარიც მოდის და ომის პირობებში მცხოვრები მოსახლეობის პირობებიც უარესდება (მით უფრო, რომ რუსეთს ინტენსიურად მიაქვს იერიში უკრაინის ენერგოობიექტებზე), მაგრამ ამის შესახებ არავინ ლაპარაკობს, აშკარაა, რაც უფრო გაერიდები გეოპოლიტიკურ თამაშებს, მით უკეთესი, იმიტომ რომ მხოლოდ ტიტანების ბრძოლისას ჩვენნაირებს ოდენ ხორცის ნაჭრის როლი აქვთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





